Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ მკაცრი მშობელი ჰყავს ბავშვს, შეიძლება ტყუილების თქმა გაგრძელდეს მთელი ცხოვრების მანძილზე,“ - ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე

„თუ მკაცრი მშობელი ჰყავს ბავშვს, შეიძლება ტყუილების თქმა გაგრძელდეს მთელი ცხოვრების მანძილზე,“ - ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე

ფსიქოლოგმა ნინო კერესელიძემ ბავშვებში ტყუილის თქმის მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვებს სიცრუის თქმისკენ ხშირად მშობლები უბიძგებენ:

„ტყუილის თქმა არის რეალობისგან გაქცევის სურვილი. ადამიანებს ბავშვობის პერიოდში სჭირდებათ თითქოს ტყუილები. ძალიან ბევრი ბავშვი იტყუება. 8-9 წლის ასაკში ისინი წყვეტენ უკვე ტყუილების თქმას.“

ნინო კერესელიძის თქმით, მკაცრი მშობლების შვილები ზოგჯერ მთელი ცხოვრების განმავლობაში იტყუებიან:

​თუ მკაცრი მშობელი ჰყავს ბავშვს, შეიძლება ტყუილების თქმა გაგრძელდეს მთელი ცხოვრების მანძილზე. ეს არის შემოქმედებითი მორგება უკვე ბავშვის გარესამყაროსთან. თუ ბავშვი იტყუება მცირე ინფორმაციებს, რომ მაქვს სათამაშო და არ აქვს, ეს მძიმე ტყუილი არ არის. შემდეგ უკვე მოდის ტყუილების დამძიმება. თუ მშობელი ამბობს, რომ შენ გარეთ არ გადიხარ ნახევარ საათზე მეტს, შეიძლება ბავშვმა დაიწყოს ტყუილების თქმა სწორედ იმ მიზეზით, რომ ეს დრო გაახანგრძლივოს.“

„მნიშვნელოვანია ვენდოთ საკუთარ შვილს, გამოვხატოთ მის მიმართ გულწრფელი ემოციები. თუ მე გულწრფელი ვარ ყველა სიტუაციაში და რაც უნდა მოხდეს მე მას გავუგებ, ის უკვე გულწრფელად მოდის და მესაუბრება ყველაფერზე. ჩვენი მთავარი მოთხოვნილებაა დაცულობა. თუ ამ მოთხოვნილებას ვუკმაყოფილებთ შვილებს, ისინი ნაკლებად ფანტაზიორობენ. თუ არის ხშირი კონფლიქტი, ხშირი აკრძალვები, თუ მშობელი ხშირად უბრაზდება ბავშვს, უბიძგებს, რომ მეტი ტყუილი თქვას,“- აღნიშნულ საკითხზე ნინო კერესელიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო:​ „განთიადი“

წაიკითხეთ სრულად