Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„სხვები რას იტყვიან, „განქორწინებული ქალია...“ ახლა ეს ნელ-ნელა გადადის და ეს კარგია - ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე

„სხვები რას იტყვიან, „განქორწინებული ქალია...“ ახლა ეს ნელ-ნელა გადადის და ეს კარგია - ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე

ფსიქოლოგმა გაგა ნიჟარაძემ საქართველოში განქორწინების რიცხვის ზრდის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს ქალების თვითშეგნების ზრდასთანაც არის კავშირში:

„განქორწინების რიცხვის გაზრდას მე დავაკავშირებდი ქალების თვითშეგნების ზრდასთან. თუ ადრე იყო, რომ ცოლია და რასაც მინდა იმას ვუზამ, ვცემ, არსად არ გავუშვებ, ეს ნელ-ნელა გადადის. თუ ადრე ოჯახის შენარჩუნება ქალისთვის იყო უმაღლესი ღირებულება, სხვები რას იტყვიან, „განქორწინებული ქალია“ და ა.შ. ახლა ეს ნელ-ნელა გადადის და ეს კარგია.“

გაგა ნიჟარაძის თქმით, ქართველი მამაკაცები, როგორც ჩანს, მზად არიან ქალების თვითშეგნების ზრდასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის:

„ამასვე ვუკავშირებ, სხვათა შორის, ბოლო წლებში გაზრდილი შიდა ოჯახური მკვლელობების რიცხვს. როგორც ეტყობა, ქართველი მამაკაცები ჯერ არ არიან ამისთვის მზად. ცოლი სადღაც წავიდა სტუმრად და გვიან დაბრუნდა, ამას სერიოზული შედეგები მოაქვს. ​თუ ეს არ დამთავრდა სისხლისღვრით, უკვე ქალი თვითონ გამოდის განქორწინების ინიციატორად. ის, რომ სოციალური დისტანცია მცირდება ქალსა და კაცს შორის, მთელს მსოფლიოში ასეა და ჩვენთანაც ეს ტენდენციაა.“

„ადამიანმა თავის მეუღლეში უნდა ჰპოვოს სიყვარულისა და თავისი ინტერესების დაკმაყოფილება. არის ინტელექტუალური მოთხოვნილებები, ურთიერთობაში იუმორი, სექსი. თუ ადამიანმა ამაში რამე დეფიციტი ნახა, ის ცდილობს, რომ ეს დეფიციტი შეივსოს სადღაც გარეთ. ეს შეიძლება იყოს ის, რომ სახლში არ შემოდის და სულ მეგობრებთან არის. იდეალი ძნელი საპოვნელია მოგეხსენებათ,“ - აღნიშნულ საკითხზე გაგა ნიჟარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კაცების დრო“ ისაუბრა.

წყარო:​ „კაცების დრო“

წაიკითხეთ სრულად