Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედის ზემზრუნველობა შეიძლება გახდეს ბავშვის დაგვიანებული ამეტყველების მიზეზი,“ - მეტყველების თერაპევტი ეკა ჭავჭავაძე

„დედის ზემზრუნველობა შეიძლება გახდეს ბავშვის დაგვიანებული ამეტყველების მიზეზი,“ - მეტყველების თერაპევტი ეკა ჭავჭავაძე

მეტყველების თერაპევტმა ეკა ჭავჭავაძემ ბავშვებში მეტყველების შეფერხების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„დედის ზემზრუნველობა შეიძლება გახდეს ბავშვის დაგვიანებული ამეტყველების მიზეზი. დასაწყისში, როდესაც მეტყველების ფუნქცია ვითარდება, ბავშვები მეტყველებას იყენებენ სასურველის მიღების მიზნით. რადგან ბავშვს არ აქვს ეს საჭიროება და ყველაფერს უსიტყვოდ იღებს, ეს შეიძლება მივიჩნიოთ დაგვიანებული მეტყველების ერთ-ერთ მიზეზად. შესაძლოა, მეტყველების დარღვევა იყოს კლინიკური ნიშანი, რომელიც თან დაერთვის გაცილებით სერიოზულ მდგომარეობას, ეს არის აუტიზმი, ნეიროგენური ტიპის სხვადასხვა დარღვევები, სმენის დაქვეითება და ა.შ. მეორე ჯგუფი არის სპეციფიკური მეტყველების დარღვევები, როდესაც არანაირი დაავადება არ არის. ჩვენ გვაქვს კომუნიკაციის დეფიციტი, ცოცხალი ურთიერთობის დეფიციტი. გაჯეტები ასევე არის პრობლემა. გაჯეტიდან უცხო ენის შესწავლა შესაძლებელია მაშინ, როდესაც ენობრივი უნარები კარგად აქვს ბავშვს განვითარებული. მეტყველების დარღვევის მესამე მიზეზი შეიძლება იყოს საარტიკულაციო აპარატთან დაკავშირებული პრობლემები.“

„წლინახევრის ბავშვი უნდა საუბრობდეს მინიმუმ ყველაზე მარტივი ორსიტყვიანი წინადადებებით. შესაძლოა, მას ფრაზების კონსტრუირების უნარი ჯერ არ ჰქონდეს, მაგრამ რასაც ამბობს, ის უნდა იყოს მიზნობრივი. „თქვი რა ჰქვია და მოგცემ ამას,“ - მსგავსი მიდგომა არაფრით არ შეიძლება. ამით კიდევ უფრო მეტ პროტესტს ვიწვევთ ბავშვში. ყველაზე კარგი მიდგომა არის, რომ გვქონდეს ცოცხალი ურთიერთობა და ველაპარაკოთ ბავშვს. თანატოლებთან ურთიერთობა შეუცვლელია ამ შემთხვევაში,“ - აღნიშნულ საკითხზე ეკა ჭავჭავაძემ „TV პირველის“ გადაცემაში „ოჯახის ექიმი“ ისაუბრა.

წყარო: ​„ოჯახის ექიმი“

წაიკითხეთ სრულად