Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„​ცხოვრება იმდენად პატარაა, ადამიანს დრო არ უნდა გრჩებოდეს ცუდ ხასიათზე ყოფნის“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

„​ცხოვრება იმდენად პატარაა, ადამიანს დრო არ უნდა გრჩებოდეს ცუდ ხასიათზე ყოფნის“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა, როგორ უნდა მიუდგეს ადამიანი ამა თუ იმ  საკითხს, რომ მარტივად გადაჭრას. მისი თქმით, შეიძლება ვიღაცამ ყველგან უბედურება და სიმახინჯე დაინახოს, ბრძოლა დაინახოს იქ, სადაც საბრძოლველი არაფერია:

„ცხოვრება იმდენად პატარაა, ადამიანს დრო არ უნდა გრჩებოდეს ცუდ ხასიათზე ყოფნის. შენ ქმნი შენს განწყობებს, შენ ქმნი შენს ხედვას. ყველა ადამიანს თავისი არჩევანი აქვს, შეიძლება ვიღაცამ ყველგან უბედურება და სიმახინჯე დაინახოს, ბრძოლა დაინახოს იქ, სადაც საბრძოლველი არაფერია. როდესაც ამოცანას ვხსნი, მე უბრალოდ ვმუშაობ, რომ გადავწყვიტო საკითხი, მივიღო შედეგი, განვვითარდე - აქ ყველგან შეიძლება გამოვიყენოთ სიტყვა „ბრძოლა“. სადაც ბრძოლაა, მისი შედეგი ორია - გამარჯვება და დამარცხება. სადაც ამოხსნაა, იქ არის საკითხის დამატებითი ანალიტიკა, თუ რაღაც არ გამომდის, კიდევ ვფიქრობ, როგორ გავაკეთო და არ ვფიქრობ, რომ დავმარცხდი. ედისონს ჰკითხეს - რამდენი წარუმატებელი მარცხი გქონდათო, მან კი უპასუხა, პირიქით, ეს იყო წარმატებული ინფორმაცია, რომლითაც მივხვდი, რომ ის გზა იყო არასწორიო. მან ასე შეაფასა იმიტომ, რომ მარცხი არის ემოციური დარტყმა ადამიანზე და სულ სხვა ემოციებს იწვევს,“ - აღნიშნულ საკითხზე ზურა მხეიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წაიკითხეთ სრულად