Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ემოციურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, ფიზიკურადაც ძალიან ცუდ შედეგს იძლევა ყვირილი" - მზიკო დალაქიშვილი

,,ემოციურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, ფიზიკურადაც ძალიან ცუდ შედეგს იძლევა ყვირილი" -  მზიკო დალაქიშვილი

ფსიქოთერაპევტმა, მზიკო დალაქიშვილმა გადაცემაში ,,იმედის დღე" ერთ-ერთ პრობლემურ საკითხზე ისაუბრა - რას განიცდის ბავშვი, როდესაც მას მშობელი უყვირის და როგორ უნდა მოიქცეს დედა თუ მამა, რომ ბავშვს აარიდოს ის ტრავმები, რაც ყვირილს, მძაფრს აგრესიას ახლავს.

,,ერთი წამით რომ გავიხსენოთ, როგორი შეგრძნებაა ყვირილი, თუნდაც არ იყოს ის შენკენ მიმართული - ეს ნამდვილად საშინელებაა. ემოციურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, ფიზიკურადაც კი ძალიან ცუდ შედეგს იძლევა ყვირილი. ეს აისახება არა მხოლოდ აწმყოზე, არამედ - მომავალზეც, ანუ ტოვებს კვალს და შესაძლოა, ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ეს თემა უკავშირდება ტრავმას, ტრავმულ გამოცდილებას და შესაძლოა, ბავშვისთვის გადაიზარდოს მუდმივ დეპრესიაში, ანუ ბავშვი აღარ იყოს ადეკვატური სხვადასხვა მოვლენის მიმართ - ჩაიკეტოს, გამოავლინოს დაბალი თვითშეფასება, აღარ იყოს აქტიური, მეგობრებთან აღარ იყოს თამამი და მუდმივად ელოდებოდეს საფრთხეს.

როდესაც ბავშვს ვეუბნებით ერთხელ და მას არ ესმის, ყოველთვის დავსვათ შეკითხვა - იქნებ, ვერ ვეუბნები ისე, რომ მისთვის იყოს გასაგები? მაგალითი რომ მოვიყვანოთ, თუ ბავშვი უყურებს ტელევიზორს, მას არ აქვს უნარი, ერთდროულად ორი რამ აკეთოს - თან უყუროს და თან უსმინოს. მას უბრალოდ არ შეუძლია, ორად გახლიჩოს ყურადღება. რას ვაკეთებთ ამ დროს - მივდივართ მასთან ახლოს და ვამყარებთ ჯანსაღ კონტაქტს. ვუახლოვდებით, მივდივართ მის სამყაროსთან  და ვცდილობთ, რომ მოვნახოთ შესაბამისი მდგომარეობა. ჯერ უნდა აღგვიქვას, რომ იქ ვართ და შემდგომ დავიწყოთ საუბარი. უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვი კონტაქტზეა გამოსული. რაც მთავარია, დარწმუნებული ვარ, ბევრი ბავშვი იმიტომ უყურებს ტელევიზორს დიდხანს, რომ მას არ აქვს კონტაქტი უფროსებთან, მშობლებთან.

ბავშვებს სიჯიუტე ახასიათებთ. ესეც ბუნებრივი მოვლენაა, მაგრამ - არა ყვირილს. თქვენ შეგიძლიათ, თქვენი მძიმე ტონი შეცვალოთ ასე -

ძალიან არ მინდა, მაგრამ მგონი ვბრაზდები. ძალიან დიდი სხვაობა არ უნდა იყოს მშვიდ ტონსა და შეყვირებას შორის. უნდა დაფიქსირდეს, რომ მშობელთან მიდის ემოცია და ნელ-ნელა მდგომარეობა მძაფრდება, ყვირილის გარეშე", - ამბობს მზიკო დალაქიშვილი.


წყარო: ,​,იმედის დღე"

წაიკითხეთ სრულად