Baby Bag

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვკვებოთ ბავშვი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში,“- ნეონატოლოგი ნანა ზერაგია

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვკვებოთ ბავშვი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში,“- ნეონატოლოგი ნანა ზერაგია

პედიატრმა, ნეონატოლოგმა ნანა ზერაგიამ ჩვილებში რძის გადაცდენის პრობლემასა და მის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„გადაცდენა ძირითადად გვხვდება ჩვილებში სამშობიაროდან გაწერის შემდეგ, როდესაც ლაქტაცია იმატებს და ბავშვი იწყებს აქტიურად წოვას. ამ დროს რძე მოდის ნაკადით, ბავშვი ვერ ასწრებს რძის გადაყლაპვას და ხდება გადაცდენა. ყლაპვა არის რთული მოტორული აქტი, რომელშიც მონაწილეობს მიმიკური კუნთები, ენა, ხახის კუნთები, საყლაპავის კუნთები. როდესაც ყლაპვა და წოვა არ არის კოორდინირებული, როდესაც ნერვული სისტემა არის უმწიფარი, ამ შემთხვევაშიც შეიძლება გადაცდენას ჰქონდეს ადგილი.“

ნანა ზერაგიას თქმით, ბავშვი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვკვებოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში:

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვკვებოთ ბავშვი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. როდესაც ნაკადურად, დიდი რაოდენობით მოდის რძე, საწველი აპარატები არსებობს და აუცილებლად უნდა გამოიწველოს დედამ, რომ ბავშვმა გადაყლაპვა მოასწროს. თუ მაინც გადაცდა ბავშვს, იმ შემთხვევაში, თუ გაწითლდა, გალურჯა, ე.ი. რძე ჩავიდა სასუნთქ გზებში. ამ დროს ბავშვი კი არ უნდა დავაწვინოთ ან წამოვაყენოთ, არამედ თავით ქვემოთ 30 გრადუსიანი კუთხით დავიჭიროთ, ზურგზე რამდენიმეჯერ ბეჭებს შორის დავარტყათ ბავშვს, რომ სასუნთქი გზებიდან გადმოვიდეს გადაცდენილი რძე. ასეთ დროს ის აუცილებლად გადმოვა პირიდან.“

„თუ გადაცდენის შემთხვევები მაინც იმატებს და ხშირია გადაცდენა, ამ შემთხვევაში ნევროლოგს უნდა მიმართოს მშობელმა. ბევრჯერ მინახავს, რომ ბავშვს რძე გადასცდა და დედა წარბებს შორის უსვამს ხელს, რაც არის არასწორი. არაფერი მიზანი ამას არ აქვს, პირიქით, ბავშვს თავი ქვემოთ უნდა ჰქონდეს, რომ გადაცდენილი რძე გადმოვიდეს,“ - აღნიშნულ საკითხზე ნანა ზერაგიამ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ არ უნდა მისცეთ ჭარხალი 8 თვემდე ასაკის ჩვილს?

რატომ არ უნდა მისცეთ ჭარხალი 8 თვემდე ასაკის ჩვილს?

რატომაა სასარგებლო ჭარხალი და რატომ არ უნდა მისცეთ ის 8 თვემდე ასაკის ჩვილს? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

ჩვენი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნეში ევროპელებს უკვე უყვარდათ ჭარხალი. შუა საუკუნეების ექიმებმა კი მისი სამკურნალო თვისებები აღმოაჩინეს და სისხლმბადი სისტემის დაავადებების, შეკრულობის წინააღმდეგ გამოიყენეს. ის, რასაც ჩვენ, ჩვეულებრივ, ჭარხალს ვუწოდებთ, მცენარის ფესვია, რომელიც დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს.

რატომაა ჭარხალი ასე სასარგებლო?

  • მასში დიდი რაოდენობით C, PP, B ჯგუფის ვიტამინები და ანტისოქსიდანტებია.
  • არეგულირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიობას.
  • მდიდარია იოდით, რაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქიცონირებისათვისაა საჭირო.
  • შეიცავს რკინას, რომელიც რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისათვის აუცილებელი ნივთიერებაა.
  • ჭარხალში დიდი რაოდენობითაა პექტინი და უჯრედისი. სწორედ ამ ნივთიერებების გამოა ის ცნობილი უხსოვარი დროიდან, როგორც ნაწლავთა შეკრულობის მკურნალობისათვის საუკეთესო საშაულება. ამავდროულად, ჭარხალი არ იწვევს გაზების დაგროვებას.
  • შეიცავს ბეტაინს, სწორედ იმ ნივთიერებას, რომელიც ჭარხალს მუქ წითელ ფერს აძლევს. ბეტაინი აქტიურად მონაწილეობს ცილებისა და ცხიმების ცვლაში.

რა არასკიდან მივცეთ ჩვილს ჭარხალი

არ გირჩევთ ჭარხლის მიღებას პირველ დამატებით საკვებად, რადგან ის დიდი რაოდენობით უჯრედისსდა პექტინს შეიცავს და პატარას მისი მონელება შეიძლება გაუჭირდეს.
ჭარხალი ჩვილს 8 თვიდან შეგძლიათ მისცეთ იმ პირობით, რომ მას ამ მომენტისათვის უკვე გასინჯული აქვს სხვა ბოსტნეული - კარტოფილი, სტაფილო, ყაბაყი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო.
ამავე დროს გაითვალისიწინეთ, რომ ადრეულ ასაკში ბოსტნეულის პიურეს შემადგენლობაში ჭარხლის რაოდენობა 1/3-ს არ უნდა აღემატებოდეს.

როგორ ავარჩიოთ

შეარჩიეთ მცირე ან საშუალო ზომის ჭარხალი. ის გაცილებით გემრიელი და ნაზია, ვიდრე დიდი ზომის ძირხვენი. მისი კანი დაუზიანებელი უნდა იყოს. შეარჩიეთ მკვრივი ნაყოფი. გახსოვდეთ, რომ ჭარხალი პრაქტიკულად ფესვია, რომელიც მიწისქვეშაა და ის აქტიურად იწოვს მიწიდან პესტიციდებს, ჰერბიციდებს და მძიმე მეტალებს. ამიტომ ეცადეთ, ბიოპროდუქტი შეარჩიოთ. ჭარხლის შენახვა მაცივარში 1 კვირის მანძილზე შეგიძლიათ.

არ შეგეშინდეთ

ჭარხლის მიცემის შემდეგ ბეტაინის შემცველობის გამო ბავშვის შარდი და განავალი წითლად იფერება, რაც დაავადება არ არის და თავისთავად გაივლის.

ჭარხლის მიცემა არ შეიძლება, თუ ბავშვს აქვს:

  • ნაწლავთა გახშირებული მოქმედება;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • თირკმლის ქრონიკული დაავადებები,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.
წაიკითხეთ სრულად