Baby Bag

განათლების სამინისტრო მორიგ კონკურსს აცხადებს

განათლების სამინისტრო მორიგ კონკურსს აცხადებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების მიზნით კონკურსს აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს. დაინტერესების შემთხვევაში, აღნიშნულმა დაწესებულებებმა პარტნიორ საჯარო სკოლასთან/სკოლებთან ერთად უნდა შეიმუშავონ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: 

1. საკონკურსო განაცხადის ფორმა და დანართი (ბიუჯეტი)

2. შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია

3. პარტნიორ საჯარო სკოლასთან/სკოლებთან გაფორმებული მემორანდუმები

საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 8 აპრილი.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - პროფესიული განათლება სკოლაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

ეროვნული სასწავლო გეგმა და ახალი სარეფორმო გადაწყვეტილება

ეროვნული სასწავლო გეგმა და ახალი სარეფორმო გადაწყვეტილება

ეროვნული სასწავლო გეგმა და ახალი სარეფორმო გადაწყვეტილება, რომელიც სკოლის მესამე საფეხურიდან მე-10 კლასის საბაზისო განათლების საფეხურზე ჩამოწევას გულისხმობს - აღნიშნულ თემაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსმა მარიამ ჩიქობავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. 

გადაცემის დასაწყისში მარიამ ჩიქობავამ განმარტა, თუ რას განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმა. მისი თქმით, 2005 წელს შეიქმნა და დღეს უკვე მესამე თაობის ესგ არსებობს:

„ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს, თუ რა უნდა იცოდეს, რა უნდა შეეძლოს მოსწავლეს და რა ღირებულებები უნდა ჩამოუყალიბდეს მას. 2005 წელს შეიქმნა და დღეს უკვე მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა გვაქვს. ამ გეგმაში კლასების მიხედვით სკოლა განსაზღვრავს თუ რა გზას აირჩევს, რომ ამ სტანდარტებს მიაღწიოს,“ - აღნიშნა მარიამ ჩიქობავამ. 

გადაცემაში დაანონსდა სიახლე, რომელიც საბაზისო განათლების ერთი კლასით გაზრდას გულისხმობს:

„ვფიქრობთ, რომ მეათე კლასი ჩამოვიდეს საბაზო საფეხურზე, როგორც სავალდებულო წელი, ანუ გაიზრდება სავალდებულო განათლების წლების რაოდენობა. 

მე-11 და მე-12 კლასი კი უფრო მეტად იქნება ორიენტირებული უმაღლეს განათლებაზე და აქ ვფიქრობთ, რომ სკოლებს უფრო მეტი დიფერენცირების შესაძლებლობა მივცეთ. სკოლებს სჭირდებათ საკმაოდ კარგი მომზადება იმისთვის, რომ უფრო მეტად გამოიკვეთოს პროფილი და ის მრავალფეროვანი ინტერესები, რაც შეიძლება მოსწავლეს გააჩნდეს. პროფილში ვგულისხმობ ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო მიმართულებას, თუმცა ვნახოთ, შეიძლება ასე მკაცრად დიფერენცირებული არ იყოს და უფრო მეტი შესაძლებლობის უფლება მივცეთ სკოლებს, როგორ დაგეგმონ მე-11 და მე-12 კლასები. 

აუცილებელია, რა კურსებიც იქნება შეთავაზებული, მას მოჰყვეს შესაბამისი სახელმძღვანელო, თუ სრულყოფილი არა, მინიმუმ გზამკვლევები მაინც, სადაც დეტალურად იქნება მოცემული ყველა საჭირო ინფორმაცია პედაგოგისთვის და ამავე დროს, უნდა მოვახერხოთ პედაგოგების შესაბამისად გადამზადება. ამას კი მთელი წინამოსამზადებელი პერიოდი სჭირდება,“ - განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

წაიკითხეთ სრულად