Baby Bag

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2020 წლის 3 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით, აცხადებს რეგისტრაციას I-XII კლასების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის.

გამოცდაზე გასვლის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ჩამოშორებული არიან სასწავლო პროცესს და არ აქვთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე იმ პირებს, რომლებიც სწავლობენ სკოლაში, თუმცა მათი ასაკი აღემატება კანონმდებლობით განსაზღვრულ მინიმალურ ასაკს და გამოთქვამენ სურვილს პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევასთან დაკავშირებით.

ექსტერნატის ფორმით პროგრამის დაძლევის მსურველთათვის გამოცდები ჩატარდება 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით.

დამატებით, მეთორმეტე კლასის ექსტერნატის წესით დაძლევის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გამოცდები ჩააბარონ მიმდინარე წლის ივნისშიც. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ექსტერნად რეგისტრაციის დამატებით ვადად განისაზღვრა 1-დან 5 ივნისის ჩათვლით, ხოლო გამოცდები მათთვის 15 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. 

რეგისტრაციის უფლება აქვთ პირებს, რომელთა ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს, თუ მათ დაძლეული აქვთ წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა.

სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინოს რესურსცენტრში.

ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველი პირი, თუ სწავლობს სკოლაში, მან განაცხადი უნდა წარადგინოს იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;

თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადების წარდგენა ხდება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.

შეიძლება დაინტერესდეთ

განათლების სამინიტროს ასიგნებები 127,7 მლნ ლარით მცირდება - რომელ ძირითად პროგრამებს უმცირდება ბიუჯეტი

განათლების სამინიტროს ასიგნებები 127,7 მლნ ლარით მცირდება - რომელ ძირითად პროგრამებს უმცირდება ბიუჯეტი

მთავრობამ დღეს 2020 წლის სახელმწიფო ​ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი წარმოადგინა.

როგორც პროექტში წერია, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული ჩარჩო ითვალისწინებს რელური მშპ-ს შემცირებას 4,0 პროცენტით, შემოსავლების დანაკლისს 1,7 მლრდ ლარზე მეტით, არსებულ ბიუჯეტში მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების შემცირებას 600.0 მლნ ლარამდე ოდენობით და საქართველოს მთავრობის ანტრიკიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად საჭირო რესურსის მოძიებას 3,4 მლრდ ლარამდე.

პარლამეტისთვის წარდგენილ პროექტში აღნიშნულია, ​რომ განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებები მცირდება ჯამში 127,7 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის მიმდინარე ხარჯების ნაწილში შემცირებულია 89,6 მლნ ლარის, ხოლო კაპიტალური ხარჯების ნაწილში 38,1 მლნ ლარის ოდენობით. 

ძირითადი პროგრამების მიხედვით მცირდება:

✓ სკოლამდელი და ზოგადი განათლება - 20,4 მლნ ლარი; 

✓ პროფესიული განათლება - 6,3 მლნ ლარი; 

✓ უმაღლესი განათლება - 3,0 მლნ ლარით; 

✓ მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 3,9 მლნ ლარით; 

✓ ინფრასტრუქტურის განვითარება - 17,6 მლნ ლარით; 

✓ კულტურის დაფინანსება - 20,7 მლნ ლარით; 

✓ სპორტის დაფინანსება - 53,3 მლნ ლარით; 

✓ სხვა დანარჩენი პროგრამები და ხარჯები - 2,5 მლნ ლარით.

წაიკითხეთ სრულად