Baby Bag

ლაპლანდია რომ სანტას სამყოფელია ეს ყველამ ვიცით, მაგრამ რა ვიცით როვანიემის შესახებ?

ლაპლანდია რომ სანტას სამყოფელია ეს ყველამ ვიცით, მაგრამ რა ვიცით როვანიემის შესახებ?
რუბრიკის წარმდგენია შენი მეგზური

ჩრდილოეთის ქვეყნები თოვლის საფარის ქვეშ ნამდვილ საოცრებათა ადგილად იქცევა. ისინი ვიზიტორებს მთელი მსოფლიოდან იზიდავენ ლამაზი პეიზაჟებითა და სათხილამურო კურორტებით.

ლაპლანდია რომ სანტას სამყოფელია ეს ყველამ ვიცით, მაგრამ რა ვიცით როვანიემის შესახებ? ის ზუსტად ისეთივე ზღაპრულია, როგორიც ლაპლანდიის თოვლიანი ფერდობები!

როვანიემი

საშობაო სიკაშკაშემდე როვანიემმა უამრავი ბნელი დღე გამოიარა და თავდაპირველად ცნობილიც სწორედ ამით გახდა. ბნელ დღეებში ნამდვილად არ იგულისხმება მხოლოდ გრძელი, ცივი ზამთარი და პოლარული ღამეები, როცა მზე ჰორიზონტზე თითქმის არ ჩანს, არამედ მეორე მსოფლიო ომის სისასტიკე და მისი შემდგომი მოვლენები.

როვანიემის კონფლიქტის ზონიდან მხიარულ საშობაო სოფლად გარდაქმნის ამბავი ასახავს, როგორც ქალაქის არაჩვეულებრივ სულს, რომელიც გადაურჩა უდიდეს გაჭირვებას, ასევე განსაკუთრებულ კავშირს ადამიანებსა და ცხოველებს შორის და აქვე თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ცხოველები ირმები არიან, მაშინ ეს ამბავი საუკეთესოა მათ შორის, რაც თქვენთვის მოგვიყოლია!

როვანიემი ერთ დროს ჩრდილოეთის ჩვეულებრივი სოფელი იყო, სადაც ადგილობრივი მკვიდრები მიწათმოქმედებას, მეცხოველეობასა და მეტყევეობას ეწეოდნენ, რათა ცივ ზამთარს გამკლავებოდნენ. ირმები კი ამ საქმეში მათი ერთგული „ჯარისკაცები“ იყვნენ.

როვანიემის მოსახლეები ცხოვრობდნენ ნორვეგიისა და რუსეთის ტერიტორიაზე. მათი ზოგიერთი ტრადიცია დღემდეა შენარჩუნებული.

მეორე მსოფლიო ომის დროს, როვანიემი მშფოთვარე ქალაქად იქცა. აქ გადიოდა სატრანსპორტო გზაც, რომელიც ევროპას რუსეთთან და ბარენცის ზღვასთან აკავშირებდა. ეს ფაქტი კი როვანიემის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ყველაფერს ართულებდა.

სწორედ ამიტომ, როდესაც გერმანიის ჯარებმა ფინეთს შეუტიეს, მათ მაქსიმალურად გაანადგურეს როვანიემი. დაწვეს ხის სახლები, სკოლები და ეკლესიები. გადარჩა ქალაქის მხოლოდ 10%.

როვანიემი ომის შემდგომ

ომის დასრულების შემდეგ ალვარ აალტოს - ფინეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ არქიტექტორს - დაევალა ახალი როვანიემის აშენება. ფინეთის ბუნებით შთაგონებულმა აალტომ, ქალაქის დაპროექტებისას მოიფიქრა ისეთი რამ, რაც ნამდვილად გასაოცარი და აღმაფრთოვანებელი იყო.  როვანიემის ზემოდან გადმოხედვისას დაინახავთ, რომ ეს ქალაქი ირმის ფორმისაა! ანუ ცხოველის, რომელიც ფინელების და განსაკუთრებით, როვანიემის მაცხოვრებლებისთვის, ყველაზე ერთგული და პატივსაცემია!

როვანიემის არქიტექტორი და ქალაქის გეგმა

ფინური სტუმართმოყვარეობა

1950 წელს, როცა როვანიემი, ფაქტობრივად, ფერფლიდან აღდგა, მას ამერიკის პირველი ლედი, ელეონორა რუზველტი ესტუმრა. მან ქალაქის მობინადრეებს ომის შემდგომ თანადგომა გამოუცხადა. ქალაქის ოფიციალურმა პირებმა რუზველტისთვის სალონის აშენება გადაწვიტეს, სადაც ის დარჩებოდა და სტუმრებს მიიღებდა.

ელეონორა რუზველტის კოტეჯი

რუზველტის გახმაურებული ვიზიტები როვანიემის ტრიუმფი იყო. სწორედ ელეონორას სალონი გახდა შემდგომ სანტას სოფლის გული. სალონის გარშემო გაიხსნა პარკი, რომელიც ყოველწლიურად ტურისტებს მასპინძლობს.

როვანიემში დღემდეა მოსახლეობა, რომელიც უძველეს ტრადიციებს მიჰყვება. აქ ჩამოსულ სტუმრებს შეუძლიათ ტრადიციული საშობაო კერძები დააგემოვნონ ან ზამთრის სპორტით დაკავდნენ.

როვანიემი - ეს არის მაგალითი მშრომელი, ერთგული ხალხის და ქალაქის, რომელიც ნანგრევებიდან კეთილ ზღაპრად იქცა...

მოამზადებულია ​cnn.com-ის მიხედვით

თარგმნა მარიამ მახარაძემ 


შეიძლება დაინტერესდეთ

„ზოგიერთებს არაჩვეულებრივი პირობები აქვთ სოფელში, სადაც შეიძლება შვილიშვილების ნახვის ნატვრით დატანჯული ბებო იცდის“ - ინფექციონისტი ბავშვების კურორტზე წაყვანას ეხმიანება

„ზოგიერთებს არაჩვეულებრივი პირობები აქვთ სოფელში, სადაც შეიძლება შვილიშვილების ნახვის ნატვრით დატანჯული ბებო იცდის“ - ინფექციონისტი ბავშვების კურორტზე წაყვანას ეხმიანება

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ბავშვების კურორტებზე დასვენების თემას ეხმიანება. როგორც იგი აღნიშნავს, სამწუხაროდ, ჩვენს კურორტებზე ჰიგიენური პირობები ხშირად არც თუ ისე სახარბიელოა: 

„ჩვენთან მშობლებს ბავშვების კურორტებზე დასვენებისგან გადაჭარბებული მოლოდინები აქვთ. კერძოდ, ბევრს გონია, რომ რომელიღაც კონკრეტული კურორტის ჰაერი აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ზოგსაც მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს სხვადასხვა ჰაერის მონაცვლეობა, მაგალითად, ზღვის და მთის. ზოგსაც წიწვოვანი მცენარეების მიერ მოხდენილი სასწაულების სჯერა. ამ ყველაფერს სამეცნიერო მტკიცებულებები არ გააჩნია და ისტორიულად, თაობებზე გადაცემული მითებია, როგორიცაა, მაგალითად, ბროწეულის წვენი რომ „სისხლისთვის კარგია.“

ეს მითები, თავისთავად, არაფერს აშავებს და თუ მშობელს ამის სჯერა, ბოლოს და ბოლოს ამ „ჰაერის გამოცვლაში“ დიდი სარგებელი თუ არა, მავნებლობაც არაფერია. პრობლემაა უბრალოდ ის, რომ ჯერ ერთი, ხშირად ოჯახები უკანასკნელი სახსრების მობილიზაციას აკეთებენ ზოგიერთ ამ კურორტზე ბავშვის წასაყვანად და ეს თანხები უფრო სასარგებლოდაც შეუძლიათ გამოიყენონ, თუმცა, ჩემი, როგორც ინფექციონისტის თემა ეს არ არის და მე უფრო სხვა მოსაზრებით წამოვწიე ეს საკითხი.

საქმე იმაშია, რომ ამ არასწორი მოლოდინების გამო, რომ ბავშვის ჯანმრთელობისთვის რაღაც ძალიან კარგს ვაკეთებთ, ხშირად ინფექციური დაავადებების რისკს ვუქმნით. რამდენს გაქვთ ეს გამოცდილება, რომ კურორტზე წაყვანილი ბავშვი უკან დიარეით, ღებინებით, სიცხით წამოგიყვანიათ. არადა, ზოგიერთებს არაჩვეულებრივი პირობები აქვთ სოფელში, სადაც შეიძლება შვილიშვილების ნახვის ნატვრით დატანჯული ბებო იცდის, რომელიც სუფთა, ნატურალურ კვებას უზრუნველყოფს ბავშვისთვის სოფელში, სადაც ერთად ბევრი ადამიანი არ არის თავმოყრილი და შესაბამისად, ინფექციური დაავადებების რისკიც მნიშვნელოვნად დაბალია. სოფელში, სადაც მანქანების გამონაბოლქვი თითქმის არ არის, უამრავი მცენარეა და ჰაერის დაბინძურება დაბალი. ჯანმრთელობისთვის კი სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და არა გინდა თუ არა ის ამოჩემებული კურორტები, სადაც, ვითომდა რაღაც განსაკუთრებული ჰაერია. ეს ხომ არავითარ სამეცნიერო მტკიცებულებებს არ ემყარება, ისევე როგორც ის, რომ ბავშვს „სხვადასხვა ჰაერი უნდა ვუცვალოთ“.

ზოგიერთ კურორტზე იმდენი ხალხი და მანქანაა, რომ გამონაბოლქვი შეიძლება ქალაქებზე ნაკლები არც იყოს. აღარაფერს ვამბობ ინფექციურ დაავადებებზე, რაც უკვე ვახსენე.

სამწუხაროდ, ჩვენს კურორტებზე ჰიგიენური პირობები ხშირად არც თუ ისე სახარბიელოა. მაგალითად, რესტორნებსა და სასტუმროებში ხშირად არ არის ჭურჭლის რეცხვის ავტომატური სისტემა მაღალ ტემპერატურაზე და ხშირად ერთად ჩაყრილი ჭურჭელი ხელით ირეცხება, ზოგჯერ სრულიად ზედაპირულად, რაც სისუფთავის და ინფექციების პრევენციის გარანტიას საერთოდ არ იძლევა. ხშირად საეჭვოა ასევე პროდუქტების სწორად შენახვის პრაქტიკაც. სწორედ ეს ყველაფერი ქმნის ბავშვების (და ხშირად არა მარტო ბავშვების) ასე მასიურად ინფიცირების რისკებს.

რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ ჩვენი შვილებისთვის საინტერესო ზაფხული უზრუნველვყოთ, მაგალითად ზღვაზე. ეს ნამდვილად არის ბავშვის კურორტზე წაყვანის არგუმენტი (თუნდაც ჩამოთვლილი რისკების გათვალისწინებით), მაგრამ მხოლოდ „ჰაერის გამოცვლა“, რაც, კიდევ ვიმეორებ, არაფრით არ არის გამყარებული, ჩემი აზრით, ხალხმრავალ კურორტებზე წასვლის (და დღეის კონტექსტში კორონავირუსის გადაცემის საფრთხის შექმნის) საფუძველი არ უნდა გახდეს,“ - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი. 


წაიკითხეთ სრულად