Baby Bag

10 ქალაქი, რომელიც ზამთარშიც საუკეთესოა მოსანახულებლად

10 ქალაქი, რომელიც ზამთარშიც საუკეთესოა მოსანახულებლად

ცივმა წვიმამ, გაყინულმა გზისპირებმა და ნაცრისფერმა ცამ, შესაძლოა, თქვენი მოგზაურობა ნამდვილ განსაცდელად გადააქციოს. მაგრამ ცხელი სასმელები, თოვლიანი ფერდობები, გაყინული, ულამაზესი ტბები, ხასხასა, ლურჯი ცა და სუფთა ჰაერი? ეს ზუსტად ისეთი ზამთარია, როცა შეგვიძლია კაშნეები მჭიდროდ შემოვიხვიოთ და ცხვირიც კი გავითბოთ.

ზამთარი ზოგიერთ ქალაქში ნამდვილად საუკეთესო სეზონია. წარმოგიდგენთ მსოფლიოს 10 ქალაქს, სადაც ცივი ზამთრის სასიამოვნოდ გატარებას შეძლებთ.

1. პრაღა, ჩეხეთი

თოვლისგან დაფარული მოკირწყლული ქუჩებით პრაღა ნამდვილად ზღაპრული ქალაქია, რომელიც ზამთარშიც არ კარგავს ტურისტების ყურადღებას.

განსაცვიფრებელი არქიტექტურა კი თოვლიანი საბნის ქვეშ გაცილებით მშენიერია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ქალაქის დიდ ნაწილს ძველი არქიტექტურული სტილი აქვს შენარჩუნებული.

ლამპის შუქით განათებული უძველესი ქუჩები თქვენს ყოველ საღამოს რომანტიკულს გახდის. კაფეები კი შესანიშნავი ადგილია სიცივისგან თავის დასაღწევად.

თუ საშობაო ბაზრობასაც მოივლით (რომელიც ადრეული დეკემბრიდან იანვრის ბოლომდე გრძელდება), შეგიძლიათ ესტუმროთ პრაღის ოპერის სახლს (ჩეხ: Stavovské Divadlo), სწორედ აქ ჩაატარა მოცარტმა „დონ ჯოვანი“-ს მსოფლიო პრემიერა 1787 წელს

2. ზალცბურგი, ავსტრია

ზალცბურგი შესანიშნავი ქალაქია ზამთრის არდადაგების გასატარებლად. ცნობილი სიმღერა „Silent Night“ პირველად ზალცბურგის გარეუბანში, ობერნორფის პატარა ტაძარში1818 წელს შობის ღამეს შესრულდა.

ქალაქის მთავარი საშობაო ბაზარი ყოველ წელს ზალცბურგის ციხესიმაგრე ჰოჰენზალცბურგთან ტარდება, თუმცა გაცილებით უფრო პოპულარულია, მირაბელის მოედანზე გამართული ბაზრობა. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი ტრადიციული კერძები,  როგორიცაა ჰალუსკი - ცომისა და ბეკონის ნაჭრებით შემდგარი კერძი.

არასოდეს ინანებთ, თუ ზალცბურგში ყოფნისას მის კათედრალს ეწვევით, რომელიც 1628 წელს აკურთხეს. კათედრალის საძირკველში კი აღმოჩენილია მისი წინამორბედი ტაძრის ნაშთები

3. ტრომსო, ნორვეგია

ნორვეგიის ქალაქი ტრომსო რიგი მიზეზების გამო „არქტიკის დედაქალაქად“ მიიჩნევა. იგი ხშირად მოიხსენება ნორვეგიის ულამაზეს ქალაქად, გარდა ამისა, ტრომსოდან ყველაზე კარგად შეძლებთ ჩრდილოეთის ციალის დანახვას!

აქვეა რამდენიმე მუზეუმი, მათ შორის, პოლარული მუზეუმი, რომელიც არქტიკული ექსპედიციების უამრავ საინტერესო ისტორიას გთვაზობთ. პოლარული მუზეუმის გარდა, არსებობს ტრომსოს მუზეუმიც, რომელიც მისი საოცარი და მრავალფეროვანი გამოფენებით დამთვალიერებლის ყურადღებას ყოველთვის იქცევს.

4. ამსტერდამი, ნიდერლანდები

ზამთარში ამსტერდამის მუზეუმები ხალხმრავალობით არ გამოირჩევა, რაც ყველაფრის უფრო ყურადღებით და მშვიდად დათვალიერების საშუალებას მოგცემთ. შეგიძლიათ ეწვიოთ „Rijksmuseum" - ს ან ანა ფრანკის სახლ-მუზეუმს.

საცირკო სახლისთვის აშენებული შენობა კი დღეს სამეფო კარის თეატრს წარმოადგენს, რომელიც 130 წელზე მეტია ფუნქციონირებს. პირობას გაძლევთ, აქ ნანახი წარმოდგენები ბავშვებს სამუდამოდ დაამახსოვრდებათ!

ამსტერდამში მდებარეობს დიდი სავაჭრო ცენტრების, ასე რომ ყველაფერთან ერთად შოპინგიც თუ გიყვართ, ეს ადგილი სწორედ თქვენთვისაა.

5. ნაგანო, იაპონია

როგორც ზამთრის ოლიმპიადის ყოფილი მასპინძელი ქალაქი, ნაგანო შესანიშნავი ადგილია მიმდებარე სათხილამურო კურორტების აღმოსაჩენად. ლამაზი, თოვლით დაფარული ბუდისტური ტაძრები კი თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს.

ასეთივე შესანიშნავია ტოგაკუშის მინსოკუ-კან ფოლკლორის მუზეუმიც, სადაც ნინძების ექსპოზიციას შეხვდებით. ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავია Zenkō-ji მონასტერი, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ის მეშვიდე საუკუნეში აიგო და იაპონიაში უდიდესი ხის მონასტრების რიგში მესამე ადგილს იკავებს.

6. რეიკიავიკი, ისლანდია



მიუხედავად იმისა, რომ ისლანდიის დედაქალაქი, რეიკიავიკი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცივი წერტილია, მას უამრავი ბუნებრივი ცხელი წყარო აქვს. სტუმრებს შეუძლიათ, საკუთარი თავი გამოსცადონ თბილი წყლების აუზებსა და ზამთრის სპორტში. აქვეა უამრავი მყუდრო, ყავის სახლი, სადაც ადგილობრივი, ტრადიციულად გამომცხვარი პური იყიდება.

ყოველწლიური ზამთრის ნათების ფესტივალი („Winter Lights Festival“), რომელიც თებერვალში იმართება, ნამდვილად სანახაობრივი ზეიმია.

რეიკიავიკშია ჰარპაც, ქალაქის საკონცერტო დარბაზი, რომელიც დაარსდა დანიელ-ისლანდიელი მხატვრის ოლაფურ ელიასონის მიერ ისლანდიის გეოლოგიის უკეთ გამისაკვეთად და ასასახად აშენდა. ჰარპა მთლიანად მინის შენობაა, რაც საკონცერტო დარბაზს საკუთარ ხიბლს სძენს.

7. ბერლინი, გერმანია

თუ ყინულის მოედნით, გარე კონცერტებითა და საშობაო ბაზრებით ვიმსჯელებთ, ბერლინი ზამთარში ნამდვილად აქტიური ქალაქია.

ბერლინში ცნობილია ბოტანიკური ბაღი, რომელიც საშობაოდ განსაკუთრებით მიმზიდველია. აქ სადღესასწაულო დეკორაციები ნოემბრის ბოლოდან იანვრამდე გრძელდება.

ზამთრის ცივი საღამოების გატარება ტიერგარდენში, ბერლინის საზოგადოებრივ პარკში შეგიძლიათ, რომელიც უამრავი ღირსშესანიშნაობით გამოირჩევა. სიცივით გადაღლილებმა, აქ შეგიძლიათ ცხელი შოკოლადი ან გლინტვეინი დააგემოვმოთ. 

8. ოტავა, კანადა

ოტავას ზამთრის ფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ფესტივალია და ყინულის ქანდაკებებითაა განთქმული. აქ გადააწყდებით გარე კონცერტებსა და ტობოგანის კურსებსაც.

კანადაში საშობაო შუქებითაა მორთული ქალაქის კულტურული ძეგლები თუ შენობები.

იანვრიდან თებერვლის ჩათვლით კი ვიზიტორებს შეუძლიათ, მსოფლიოში უდიდეს ყინულის მოედანზე - „Rideau Canal“-ზე ისრიალონ.

9. ვაშინგტონი, აშშ

თუ სადღესასწაულო სეზონზის ვაშინგტონში გატარება გადაწყვიტეთ არ უნდა გამოტოვოთ ყოველწლიურად დადგმული ნორვეგიული ნაძვის ხე და გიგანტური გვირგვინები, რომელიც Union Station- ში მდებარეობს.

თეთრი სახლი და ლინკოლნის მემორიალი განსაკუთრებით შთამბეჭდავია თოვლში.

ეროვნული ზოოპარკში საშობაო განათება 29 ნოემბერს იწყება და 1 იანვრამდე გრძელდება. ნახევარი მილიონი ინდივიდუალური საშობაო ნათურა, პარკს ნამდვილად პოპულარულს ხდის, ზამთრის საოცრებათა ქვეყანად აქცევს და ტურისტებსაც იზიდავს.

10. ედინბურგი, შოტლანდია

ქვაფენილიანი ქუჩები, ულამაზესი ციხე და ნამდვილად მშვენიერი საზოგადოებრივი ბაღები ედინბურგს უფრო მეტად მიმზიდველ ქალაქს ხდის წლის ნებისმიერ დროს, თუმცა ზამთარში ის გაცილებით თვალწარმტაცია.

პრინცის ქუჩები, ყინულის მოედანი და საშობაო ნაძვის ხე, ეს ყველაფერი ყოველ შობას ციხესიმაგრესთან ეწყობა.

„Arthur's Seat“ - ეს კი ზამთრის გასეირნებისთვის ნამდვილად შესანიშნავი ადგილია, რომლის მსგავსსაც, ვერსად ნახავთ.

ტური ედინბურგის მიწისქვეშა სარდაფებში შესანიშნავი გზაა, რომ ქალაქის მომხიბვლელ ისტორიას გაეცნოთ. 

მომზადებულია ​cnn.c​om-ის მიხედვით

​თარგმნა მარიამ მახარაძემ

შეიძლება დაინტერესდეთ

„ზოგიერთებს არაჩვეულებრივი პირობები აქვთ სოფელში, სადაც შეიძლება შვილიშვილების ნახვის ნატვრით დატანჯული ბებო იცდის“ - ინფექციონისტი ბავშვების კურორტზე წაყვანას ეხმიანება

„ზოგიერთებს არაჩვეულებრივი პირობები აქვთ სოფელში, სადაც შეიძლება შვილიშვილების ნახვის ნატვრით დატანჯული ბებო იცდის“ - ინფექციონისტი ბავშვების კურორტზე წაყვანას ეხმიანება

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ბავშვების კურორტებზე დასვენების თემას ეხმიანება. როგორც იგი აღნიშნავს, სამწუხაროდ, ჩვენს კურორტებზე ჰიგიენური პირობები ხშირად არც თუ ისე სახარბიელოა: 

„ჩვენთან მშობლებს ბავშვების კურორტებზე დასვენებისგან გადაჭარბებული მოლოდინები აქვთ. კერძოდ, ბევრს გონია, რომ რომელიღაც კონკრეტული კურორტის ჰაერი აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ზოგსაც მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს სხვადასხვა ჰაერის მონაცვლეობა, მაგალითად, ზღვის და მთის. ზოგსაც წიწვოვანი მცენარეების მიერ მოხდენილი სასწაულების სჯერა. ამ ყველაფერს სამეცნიერო მტკიცებულებები არ გააჩნია და ისტორიულად, თაობებზე გადაცემული მითებია, როგორიცაა, მაგალითად, ბროწეულის წვენი რომ „სისხლისთვის კარგია.“

ეს მითები, თავისთავად, არაფერს აშავებს და თუ მშობელს ამის სჯერა, ბოლოს და ბოლოს ამ „ჰაერის გამოცვლაში“ დიდი სარგებელი თუ არა, მავნებლობაც არაფერია. პრობლემაა უბრალოდ ის, რომ ჯერ ერთი, ხშირად ოჯახები უკანასკნელი სახსრების მობილიზაციას აკეთებენ ზოგიერთ ამ კურორტზე ბავშვის წასაყვანად და ეს თანხები უფრო სასარგებლოდაც შეუძლიათ გამოიყენონ, თუმცა, ჩემი, როგორც ინფექციონისტის თემა ეს არ არის და მე უფრო სხვა მოსაზრებით წამოვწიე ეს საკითხი.

საქმე იმაშია, რომ ამ არასწორი მოლოდინების გამო, რომ ბავშვის ჯანმრთელობისთვის რაღაც ძალიან კარგს ვაკეთებთ, ხშირად ინფექციური დაავადებების რისკს ვუქმნით. რამდენს გაქვთ ეს გამოცდილება, რომ კურორტზე წაყვანილი ბავშვი უკან დიარეით, ღებინებით, სიცხით წამოგიყვანიათ. არადა, ზოგიერთებს არაჩვეულებრივი პირობები აქვთ სოფელში, სადაც შეიძლება შვილიშვილების ნახვის ნატვრით დატანჯული ბებო იცდის, რომელიც სუფთა, ნატურალურ კვებას უზრუნველყოფს ბავშვისთვის სოფელში, სადაც ერთად ბევრი ადამიანი არ არის თავმოყრილი და შესაბამისად, ინფექციური დაავადებების რისკიც მნიშვნელოვნად დაბალია. სოფელში, სადაც მანქანების გამონაბოლქვი თითქმის არ არის, უამრავი მცენარეა და ჰაერის დაბინძურება დაბალი. ჯანმრთელობისთვის კი სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და არა გინდა თუ არა ის ამოჩემებული კურორტები, სადაც, ვითომდა რაღაც განსაკუთრებული ჰაერია. ეს ხომ არავითარ სამეცნიერო მტკიცებულებებს არ ემყარება, ისევე როგორც ის, რომ ბავშვს „სხვადასხვა ჰაერი უნდა ვუცვალოთ“.

ზოგიერთ კურორტზე იმდენი ხალხი და მანქანაა, რომ გამონაბოლქვი შეიძლება ქალაქებზე ნაკლები არც იყოს. აღარაფერს ვამბობ ინფექციურ დაავადებებზე, რაც უკვე ვახსენე.

სამწუხაროდ, ჩვენს კურორტებზე ჰიგიენური პირობები ხშირად არც თუ ისე სახარბიელოა. მაგალითად, რესტორნებსა და სასტუმროებში ხშირად არ არის ჭურჭლის რეცხვის ავტომატური სისტემა მაღალ ტემპერატურაზე და ხშირად ერთად ჩაყრილი ჭურჭელი ხელით ირეცხება, ზოგჯერ სრულიად ზედაპირულად, რაც სისუფთავის და ინფექციების პრევენციის გარანტიას საერთოდ არ იძლევა. ხშირად საეჭვოა ასევე პროდუქტების სწორად შენახვის პრაქტიკაც. სწორედ ეს ყველაფერი ქმნის ბავშვების (და ხშირად არა მარტო ბავშვების) ასე მასიურად ინფიცირების რისკებს.

რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ ჩვენი შვილებისთვის საინტერესო ზაფხული უზრუნველვყოთ, მაგალითად ზღვაზე. ეს ნამდვილად არის ბავშვის კურორტზე წაყვანის არგუმენტი (თუნდაც ჩამოთვლილი რისკების გათვალისწინებით), მაგრამ მხოლოდ „ჰაერის გამოცვლა“, რაც, კიდევ ვიმეორებ, არაფრით არ არის გამყარებული, ჩემი აზრით, ხალხმრავალ კურორტებზე წასვლის (და დღეის კონტექსტში კორონავირუსის გადაცემის საფრთხის შექმნის) საფუძველი არ უნდა გახდეს,“ - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი. 


წაიკითხეთ სრულად