Baby Bag

ოჯახის როლი მომავალი თაობის აღზრდაში

ოჯახის როლი მომავალი თაობის აღზრდაში

ოჯახი და ოჯახური აღზრდა ადამიანის სოციალიზაციის მიკროფაქტორთა სიაში უპირველესია და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი მომავალი თაობის სოციალიზაციის ყველაზე მძლავრი ინსტიტუტია, სადაც ხდება მოზარდი თაობის ჩამოყალიბება.

ოჯახი ვალდებულია, ბავშვს მთელი ცხოვრების გზაზე „სამყოფი“ აღზრდა მისცეს. ოჯახის პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ ბავშვის მუცლად ყოფნის პერიოდიდან იწყება და ცხოვრების ბოლომდე გრძელდება. სკოლამდე მთელი პასუხისმგებლობა ოჯახს ეკისრება, თუმცა სკოლის პერიოდში და შემდგომაც ეს ფუნქცია სრულიადაც არ კნინდება, პირიქით, კიდევ უფრო იზრდება. ასე რომ, როგორც უკვე აღვნიშნე, ოჯახი ბავშვისთვის ყველაზე პირველი და უმთავრესი სკოლაა. ცხადია ყველა მშობლის სურვილია, აღვზარდოთ ჯანსაღი შვილები-ჯანსაღი სხეულით, ჯანსაღი ფსიქიკით და ჯანსაღი ურთიერთობებით, რაც დღეისდღეობით საკმაოდ გართულებულია, თუმცა მშობლებს ვურჩევდი, სერიოზულად მოეკიდონ შვილების აზრებს და გრძნობებს, დაინტერესდნენ მათი საქმიანობით, იდეებით, პრობლემებით, აჩვენონ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი, რასაც ისინი ფიქრობენ და აკეთებენ, წაახალისონ, ხაზი გაუსვან იმას, რაც კარგად გამოსდის და არა იმას, რაც არ გამოსდის, ასწავლონ ბავშვს ზრუნვა, ზრუნვა მშობლებსა და ერთმანეთზე, ასწავლონ თანაგრძნობა, დაეხმარონ იმაში, რომ გაუგონ ადამიანებს და გაუჩნდეთ მათი დახმარების სურვილი, შეეცადონ, ბავშვმა თავი იგრძნოს საჭირო და მნიშვნელოვან პიროვნებად. თუ ადრეული ასაკიდან დავაკისრებთ მისი უნარების შესაბამის მოვალეობებს, ამით საკუთარი ძალების რწმენასაც განუმტკიცებთ და ხელს შევუწყობთ მასში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას და რაც ყველაზე მთავარია ეცადონ, ხშირად აგრძნობინონ შვილს, რომ უყვართ და პატივს სცემენ მის პიროვნებას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის საკმარისი აღზრდისთვის, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი დებულებები დაეხმარება მშობლებს შვილებთან ჯანსაღი ურთიერთობის და კომუნიკაციის დამყარებაში, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია, რადგანაც მშობლებთან გაუცხოვება ბავშვის არასწორი აღზრდის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა საფუძველია, რადგანაც მშობლებთან გაუცხოვებული ბავშვი მარტივად ექცევა სხვა ადამიანთა გავლენის ქვეშ, ეს გავლენა კი შეიძლება დადებითიც იყოს და უფრო მეტ შემთხვევაში უარყოფითიც.

ოჯახის როლის მნიშვნელობაში ისიც კი გვარწმუნებს, რომ მისი როლის უგულებელყოფა თვით სპარტის დესპოტურმა სკოლამაც კი ვერ შეძლო. დიახ, სწორედ ოჯახში სწავლობს ბავშვი ფუნდამენტურ ღირებულებებს, ბავშვი ოჯახში ვითარდება, იზრდება და საზოგადოების წევრად ყალიბდება. სწორედ ოჯახში, ამ პატარა ორგანიზმში უყალიბდება ბავშვს ზრდილობა, ზნეობა, ეტიკეტი და კარგი ქცევა. ოჯახში სწავლობენ უფროსებისადმი პატივისცემას, პატარებისადმი გულისხმიერებას, მეგობრებისადმი გულითად და ჰუმანურ მოპყრობას. თუ ადამიანი ოჯახში სათნოებას არის მოკლებული და არ იღებს შესაბამის აღზრდას, საზოგადოებას პრობლემებს უქმნის. მგრძნობიარე და სხვების პატივისმცემელი ადამიანი მხოლოდ ჰარმონიულ, სიყვარულითა და ზრუნვით სავსე ოჯახურ გარემოში შეიძლება აღიზარდოს. ბავშვის აღზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მშობლების როლი და მათი დამოკიდებულება. ასეთ გარემოში აღზრდილი თაობები არიან გაწონასწორებული და საზოგადოებისათვის სასარგებლო. არაჯანსაღ ოჯახში აღზრდილი ბავშვი კი შესაძლოა სოციალიზაციის მსხვერპლიც კი გახდეს, რაც, სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათია, ამას, რა თქმა უნდა, მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი შემდეგია: დღევანდელი თანამედროვე ოჯახი ჩართულია საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროში. სამწუხაროდ, ოჯახის შიდა ფსიქოლოგიურ კლიმატზე მოქმედებს როგორც პოლიტიკური, ისე სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, თავისუფალი დროის უქონლობა, მუდმივი აუცილებლობა დამატებითი შემოსავლის ძიებისა, დაძაბულობა და სტრესი. ფსიქოლოგიური გადატვირთვა გამოიხატება იმაში, რომ მშობლები ხშირად არიან გაღიზიანებული, დაღლილი და ზოგჯერ უარყოფითი ემოციების მსხვერპლნი არიან ბავშვები. ამგვარად, ბავშვების განწყობა, ხასიათი მთლიანად დამოკიდებული ხდება მშობლების განწყობაზე და ხასიათზე, რაც საბოლოო ჯამში ცუდად აისახება ბავშვის ფსიქოლოგიაზე და მის ურთიერთობებზე მშობლებთან, მეგობრებთან და ა.შ.

აგრეთვე, დედ-მამას შორის ურთიერთობა და მათი ზნეობრივი დონე ისეთი ფაქტია, რომელიც ყველაზე მეტად მოქმედებს მოზარდის ჩამოყალიბებაში. იმ შემთხვევაში, თუ მშობლები თავიანთი საქციელით ბავშვის გონებაში ტოვებენ კვალს, როგორც უპასუხისმგებლო ადამიანები, მატყუარები, მოზარდის ცნობიერებიდან ამ კვალის ამოშლა ძალიან ძნელია, ხშირ შემთხვევაში კი სრულიად შეუძლებელიც კი. ამის გამო მშობელი ვალდებულია, იმ უსაზღვრო სითბოსა და სიყვარულთან ერთად ბავშვს კარგი ადამიანობის მაგალითიც უჩვენოს, რადგან მშობელი შვილისთვის გარკვეულ ასაკამდე ავტორიტეტია და ბაძავს მის ყველა ქმედებას, ასე რომ, თავად მშობელმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი შვილის ცხოვრებაში, იგი გმირი იქნება თუ ანტაგონისტი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ბავშვის ფიზიკური, გონებრივი და სოციო-ვოლიტური განვითარება, ოჯახური აღზრდაც სწორედ ამ ყველაფერს უნდა შევუფარდოთ და გავითვალისწინოთ თითოეული ასაკის შემთხვევაში ბავშვის/მოზარდის შინაგან სამყაროში მიმდინარე პროცესები. აქ კი უკვე მშობლის განათლების მნიშვნელობა იწევს წინა პლანზე, რადგანაც ხშირად მშობლებს არ ესმით მათი შვილის ქცევის მიზეზი, ამისი პასუხი კი მარტივია - მისი ასაკობრივი თავისებურებები.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ცუდ გავლენას ახდენს მოზარდის შემდგომ სოციალურ განვითარებაზე არის მშობელთა ჰიპერმზრუნველობა, მისი გახანგრძლივებული „ბავშვურობა“, ცხოვრების სირთულეებისადმი მოუმზადებლობა, დამოუკიდებლად პრობლემების გადაჭრის უუნარობა, რის შედეგადაც ის ადვილად ექცევა უფრო გამოცდილი მეგობრების გავლენის ქვეშ და არ შესწევს უნარი თავად მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, გაუმკლავდეს ცხოვრების სირთულეებსა და გამოწვევებს, მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, რამაც საბოლოო ჯამში უკვე ზრდასრულ ასაკში მისი ლუმპენობაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

საბოლოოდ, ზემოთ აღნიშნული საკითხები ოჯახისა და ოჯახური აღზრდის შესახებ, რა თქმა უნდა, არასრულია და ეს საკითხი ამოუწურავია. მე შევეხე ყველაზე საინტერესო რამდენიმე საკითხს და ვეცადე წარმომედგინა მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, შევეცადე წარმომედგინა ოჯახის უდიდესი მნიშვნელობა ბავშვის მომავალი სოციალური განვითარების კუთხით. ასე რომ, კიდევ ერთხელ შევაჯამებ და ვიტყვი, რომ ოჯახი შესაძლოა იყოს საუკეთესო და სახიფათო გარემო ბავშვის სოციალიზაციის პროცესში, რაც ყველა მშობელმა უნდა გაიაზროს საკუთარ შვილთან ურთიერთობის პროცესში.

ავტორი: ლიკა ბაბლუანი

შეიძლება დაინტერესდეთ

„დღეს ბებიები და ბაბუები შვილიშვილებთან დროს არ ატარებენ, სამწუხაროდ, საქართველოში ეს მოიშალა,“ - თამარ გაგოშიძე

„დღეს ბებიები და ბაბუები შვილიშვილებთან დროს არ ატარებენ, სამწუხაროდ,  საქართველოში ეს მოიშალა,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ საქართველოში ხანშიშესულ ადამიანთა პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, პენსიაზე გასვლის ასაკი ჩვენთან ტრაგედიაა, თუმცა ბედნიერება უნდა იყოს:

„პენსიაზე გასვლის ასაკი ჩვენთან ტრაგედიაა. ცოტა უფრო ფართოდ თუ შევხედავთ, ეს არის ბედნიერება. შენ „უნდა“ პოზიციაში აღარ ხარ. შენ შეგიძლია გააკეთო ის, რაც გაგიხარდება. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში პენსიონერს ეს არ უხარია ბევრი მიზეზის გამო. იმის გამო, რომ ის არის სოციალურად დაუცველი, არის დისკრიმინირებული, ის არავის აღარ სჭირდება. 60 წლის მერე კი არა, 40 წლის მერეც შენ აღარ ხარ ახალგაზრდა, უკვე ხარ ბებერი, ვერ აკმაყოფილებ მოდის იმ ტენდენციებს,​ ხარ ძველმოდური, ხარ წარსულზე ორიენტირებული. უწყვეტი განათლება ჩვენ საშუალებას გვაძლევს ხანდაზმული ადამიანი ისევ აღდგეს თავისი ფერფლისგან, აღმოაჩინოს, რომ მას არ დაუმთავრებია ცხოვრება. ეს საზოგადოებამ უნდა გააკეთოს.“

თამარ გაგოშიძის თქმით, ქართველ პენსიონერებს მრავალმხრივი დახმარება სჭირდებათ:

„ჩვენს პენსიონერებს ძალიან ბევრი დახმარება სჭირდებათ ჯანდაცვის თვალსაზრისით, პენსიების თვალსაზრისით. ეს ყველამ ვიცით. მე მინდა უფრო მეტი აქცენტი გავაკეთო ფსიქოლოგიურ და სულიერ მხარეზე. ​ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფინანსები. ფულს ვიშოვით და ამ ადამიანებს მხარს დავუჭერთ სოციალურად და ფინანსურად. სიცარიელე, რომელიც რჩება ჩვენს ხანშიშესულ ადამიანებში, მარტოობის განცდა, იმის განცდა, რომ აღარავის აღარ სჭირდები, ამის შველა შესაძლებელია მხოლოდ მადლიერების და ფსიქოლოგიური ზრუნვის შედეგად.“

თამარ გაგოშიძის თქმით, თანამედროვე საზოგადოება კონკურენტული გარემოს შექმნაზეა ორიენტირებული, ხოლო სხვა ადამიანზე ზრუნვისთვის დრო ნაკლებად რჩება:

„რა არის ჩვენი საზოგადოება? ჩვენ როგორ ვზრდით დღეს ჩვენს ბავშვებს? ჩვენ ბავშვებს ვზრდით ასე: „შენ არავინ არ უნდა გაჯობოს, შენ არავინ არ უნდა მოგიგოს, შენ უნდა იყო კონკურენტუნარიანი.სად არის ამ კონკურენტუნარიან სიტუაციაში ზრუნვა სხვა ადამიანზე? ჩვენ უნდა ვხედავდეთ ჩვენს შემოდგომას, ჩვენს ხანდაზმულობას. თუ იქამდე მივაღწიეთ, ჩვენ აუცილებლად ამ სიტუაციაში აღმოვჩნდებით. ახალგაზრდებს ეს უნდა ახსოვდეთ ბავშვობიდან. ამას ისინი ვერ გაიგებენ, ​თუ არ აქვთ ურთიერთობა ბებიებთან, ბაბუებთან. მათ არ აქვთ საშუალება დაინახონ, რომ ვიღაც გიყვება ბევრ საინტერესო ამბავს. დღეს საქართველოში, სამწუხაროდ, ეს მოიშალა. ბებიები და ბაბუები სხვაგან წავიდნენ სარჩოს საშოვნელად. დღეს ბებიები და ბაბუები შვილიშვილებთან დროს არ ატარებენ, დღეს შვილიშვილები დილიდან საღამომდე სკოლაში არიან, იმიტომ, რომ მშობელს ვერ გამოჰყავს.“

„ჩვენი ხანდაზმულების მიმართ ზრუნვისა და მადლიერებისთვის არ გვცალია, ეს იმიტომ კი არ არის, რომ ჩვენ ცუდები ვართ. ეს სისტემური პრობლემაა. ამ სისტემურ პრობლემას ძალიან სერიოზული შველა სჭირდება. ​ეს არის ახალგაზრდა ქალებისთვის საშუალების მიცემა, რომ ცოტა მეტი დრო გაატარონ თავის შვილებთან. ეს არის ცოტა იმაზე ფიქრი, რომ პენსიაზე გასულ ადამიანს შესაძლებლობა ჰქონდეს კონსულტაციები გაუწიოს თავის ახალგაზრდა თანამშრომელს, იმიტომ, რომ მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. დაუფასებელია იმ ადამიანების გამოცდილება, რომლებსაც ბევრი უმუშავიათ. მე, როგორც ერთი ხანშიშესვლის პროცესის მქონე ადამიანი მარტო არ უნდა ვიყო,“ - განაცხადა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

წაიკითხეთ სრულად