Baby Bag

​მასწავლებელმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ხელოვანია

​მასწავლებელმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ხელოვანია

ყველა მასწავლებელს აქვს განსხვავებული სწავლების სტილი, ისევე, როგორც მხატვარს ხატვის, რეჟისორს ფილმის გადაღების, მწერალს ამბის გადმოცემის, მუსიკოსს მელოდიის შექმნის. სწორედ ამიტომ, ჩვენი პროფესია იმაზე უფრო მეტად ენათესავება ხელოვნების სფეროს, ვიდრე წარმოგვიდგენია. როგორც ყველა ხელოვანი, ჩვენც საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებს ვწვრთნით, მაგრამ რამდენად შევძლებდით ამას თავისუფალი ნების გარეშე, თავისუფალი სიტყვის და ქცევის გარეშე? ჩვენი გამოცდილება ხომ ჩვენი ფუნჯია, რომელმაც რაღაც უნდა შექმნას, რაღაც ისეთი, რაც მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელი გახდება. იმისთვის რომ ხელოვანი გახდე, მხოლოდ ნიჭი არაა საკმარისი, გამბედაობა და საკუთრი იდენტობით მოქმედებაა საჭირო მასწავლებლის შემთხვევაშიც. 

ნებისმიერ პროფესიაში თუ გინდა წარმატებული იყო, პირველ რიგში, შენ უნდა იყო შენ, თუნდაც არასრულყოფილი. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ სოციალური როლების მორგებას ეს გასაგებია, რადგან ადამიანი სოციალურ ცხოველია, თუმცა აქ უფრო მნიშვნელოვან საკითხს ვაწყდებით, როლი, რომელიც მოვირგეთ საფრთხეს ხომ არ უქმნის ჩვენს იდენტობას? რამდენი პროცენტით ვარ მე მე?

მასწავლებლები ხშირად იკარგებიან საკუთარ სწავლების სტილში მკაცრი, მზრუნველი, მეგობრული, განსხვავებული, უხეში, გულგრილი... უამრავი ტიპის მასწავლებელს შევხვედრილვართ, ბევრის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაც გვქონდა, თუმცა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მათი გულწრფელობა. ისინი ხომ ისე გვასწავლიდნენ როგორც ახალ ხასიათს და მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნო შეიძლება ყოფილიყო, ერთი წამითაც არ შეგვპარვია ეჭვი მათ გულწრფელობაში. ალბათ, სწორედ ამიტომ ვირჩევთ ამ პროფესიას, ის ხომ შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი იდენტობით ვიმუშაოთ, ვიყოთ შემოქმედები და ისეთები, როგორიც ვართ. ხშირად გაბატონებულ წარმოდგენებს უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ვიდრე საკუთარი თავისუფალი ნების არსს. ხომ გვინახავს ისეთი მასწავლებლებიც სკოლის კართან რომ ტოვებენ საკუთარ პიროვნებას და სრულიად სხვა ადამინები ხდებიან სასწავლო დღის დასრულებამდე. ალბათ, სწორედ ამიტომ იწყება პროფესიული კრიზისიც, თუმცა არც ესაა პრობლემა. 

უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანს შეუძლია გახდეს უკეთესი, მაგრამ არა სრულყოფილი. ხშირად საჭიროა, საკუთარ თავს შევახსენოთ, ვინ ვართ, მხოლოდ ასე შევძლებთ, ვუპასუხოთ ჩვენს მოლოდინებს, შეიძლება, დეპრესიაც გვქონდეს, თავი ცუდად ვიგრძნოთ, მაგრამ არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელოვანები ვართ, კრეატიული და ყველაზე თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლები. ყველაფერი კი, რაც ჩვენს თავს ხდება, გამოცდილებაა, გამოცდილება, რომელიც მთავარი იარაღია საჭირო საქმის საკეთებლად.

ავტორი: სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მზეო შველიძე 

შეიძლება დაინტერესდეთ

​საქართველოს 100 სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებლები გაივლიან გადამზადებას დისტანციური სწავლების, სწავლის კონცეფციებსა და პრაქტიკაში

​საქართველოს 100 სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებლები გაივლიან გადამზადებას დისტანციური სწავლების, სწავლის კონცეფციებსა და პრაქტიკაში

საქართველოს 100 სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებლები, სკოლების ადმინისტრაციისა და განათლების სისტემის თანამშრომლები გაივლიან გადამზადებას დისტანციური სწავლებისა და სწავლის კონცეფციებსა და პრაქტიკაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ესტონეთის საელჩოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, - ინფორმაციას unicef Georgia ​ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, პროგრამის მიზანია ბავშვების განათლების ხარისხის გაუმჯობესება, საქართველოს განათლების სისტემის თანამშრომლების გადამზადების, ტრენინგების და მათი შესაძლებლობების გაზრდის გზით.

პროგრამა დაფარავს 100 საჯარო სკოლას ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სკოლებს რთულად მისადგომ და მთიან რეგიონებში, და მიზნად ისახავს მასწავლებლებისთვის დისტანციური სწავლების ესტონური გამოცდილების გაზიარებას მათი პროფესიული განვითარებისთვის. დაწყებითი განათლების მასწავლებლები გაივლიან მომზადებას კომპეტენციებზე დაფუძნებულ სწავლისა და სწავლების მეთოდოლოგიაში. სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურცენტრების წამომადგენლები გაივლიან ტრენინგს საგანმანათლებლო გარემოსა და სკოლის მენეჯმენტში. მონაწილე სკოლები შეიძენენ გამოცდილებას სხვადასხვა პლატფორმების შექმნასა და მართვაში ცოდნის, პრაქტიკისა და თანამშრომლობის იდეების გასაზიარებლად. პროგრამის ფარგლებში მოეწყობა სასწავლო ტური ესტონეთში შერჩეული მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრატორებისთვის ესტონური გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაცნობად.

„კორონავირუსის პანდემიის შედეგად, დისტანციური სწავლება ბავშვებისთვის და მასწავლებლებისთვის ცოდნის გაცვლისა და საგანმანათლებლო პროცესის უწყვეტობის უმთავრეს ინსტრუმენტად იქცა. გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს მასწავლებლების და განათლების მუშაკების მხარდაჭერას იმ უნარების და ცოდნის მისაღებად, რაც აუცილებელია მათთვის ამ მდგომარეობაში. მადლობას ვუხდით ესტონეთის მთავრობას მათი დახმარებისთვის, რასაც ისინი საქართველოში განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აკეთებენ,“ - განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.

პროგრამა 2020 წლის სექტემბერში იწყება და 2 წელი გაგრძელდება. პროექტს სრულად აფინანსებს ესტონეთის მთავრობა.

ესტონეთის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის 2014 წელს დაწყებული პარტნიორობა მიზნად ისახავს ქართველი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას და ბავშვებისთვის განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. პარტნიორობა ითვალისწინებდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის გადახედვას და დახვეწას, ესტონური სწავლებისა და სწავლის მეთოდების დანერგვას სკოლებში საქართველოში და საუნივერსიტეტო კურსების შექმნას მასწავლებლების მოსამზადებლ

წაიკითხეთ სრულად