Baby Bag

​მასწავლებელმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ხელოვანია

​მასწავლებელმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ხელოვანია

ყველა მასწავლებელს აქვს განსხვავებული სწავლების სტილი, ისევე, როგორც მხატვარს ხატვის, რეჟისორს ფილმის გადაღების, მწერალს ამბის გადმოცემის, მუსიკოსს მელოდიის შექმნის. სწორედ ამიტომ, ჩვენი პროფესია იმაზე უფრო მეტად ენათესავება ხელოვნების სფეროს, ვიდრე წარმოგვიდგენია. როგორც ყველა ხელოვანი, ჩვენც საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებს ვწვრთნით, მაგრამ რამდენად შევძლებდით ამას თავისუფალი ნების გარეშე, თავისუფალი სიტყვის და ქცევის გარეშე? ჩვენი გამოცდილება ხომ ჩვენი ფუნჯია, რომელმაც რაღაც უნდა შექმნას, რაღაც ისეთი, რაც მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელი გახდება. იმისთვის რომ ხელოვანი გახდე, მხოლოდ ნიჭი არაა საკმარისი, გამბედაობა და საკუთრი იდენტობით მოქმედებაა საჭირო მასწავლებლის შემთხვევაშიც. 

ნებისმიერ პროფესიაში თუ გინდა წარმატებული იყო, პირველ რიგში, შენ უნდა იყო შენ, თუნდაც არასრულყოფილი. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ სოციალური როლების მორგებას ეს გასაგებია, რადგან ადამიანი სოციალურ ცხოველია, თუმცა აქ უფრო მნიშვნელოვან საკითხს ვაწყდებით, როლი, რომელიც მოვირგეთ საფრთხეს ხომ არ უქმნის ჩვენს იდენტობას? რამდენი პროცენტით ვარ მე მე?

მასწავლებლები ხშირად იკარგებიან საკუთარ სწავლების სტილში მკაცრი, მზრუნველი, მეგობრული, განსხვავებული, უხეში, გულგრილი... უამრავი ტიპის მასწავლებელს შევხვედრილვართ, ბევრის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაც გვქონდა, თუმცა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მათი გულწრფელობა. ისინი ხომ ისე გვასწავლიდნენ როგორც ახალ ხასიათს და მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნო შეიძლება ყოფილიყო, ერთი წამითაც არ შეგვპარვია ეჭვი მათ გულწრფელობაში. ალბათ, სწორედ ამიტომ ვირჩევთ ამ პროფესიას, ის ხომ შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი იდენტობით ვიმუშაოთ, ვიყოთ შემოქმედები და ისეთები, როგორიც ვართ. ხშირად გაბატონებულ წარმოდგენებს უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ვიდრე საკუთარი თავისუფალი ნების არსს. ხომ გვინახავს ისეთი მასწავლებლებიც სკოლის კართან რომ ტოვებენ საკუთარ პიროვნებას და სრულიად სხვა ადამინები ხდებიან სასწავლო დღის დასრულებამდე. ალბათ, სწორედ ამიტომ იწყება პროფესიული კრიზისიც, თუმცა არც ესაა პრობლემა. 

უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანს შეუძლია გახდეს უკეთესი, მაგრამ არა სრულყოფილი. ხშირად საჭიროა, საკუთარ თავს შევახსენოთ, ვინ ვართ, მხოლოდ ასე შევძლებთ, ვუპასუხოთ ჩვენს მოლოდინებს, შეიძლება, დეპრესიაც გვქონდეს, თავი ცუდად ვიგრძნოთ, მაგრამ არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელოვანები ვართ, კრეატიული და ყველაზე თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლები. ყველაფერი კი, რაც ჩვენს თავს ხდება, გამოცდილებაა, გამოცდილება, რომელიც მთავარი იარაღია საჭირო საქმის საკეთებლად.

ავტორი: სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მზეო შველიძე 

შეიძლება დაინტერესდეთ

ის, რაც ყველა მასწავლებელს უნდა ახსოვდეს და სასკოლო კულტურის უცილობელი გამოხატულება იყოს...

ის, რაც ყველა მასწავლებელს უნდა ახსოვდეს და სასკოლო კულტურის უცილობელი გამოხატულება იყოს...

„ყველაზე კარგი სკოლა ისაა, რომელიც ბავშვს არამარტო თავისუფლებაზე ესაუბრება, არამედ თავისუფლებას ანიჭებს,“ - აღნიშნული სიტყვები მეცხრეკლასელ ნუცა თავართქილაძეს ეკუთვნის. ნუცა ფილოლოგ გია მურღულიას მოსწავლეა და აღნიშული ფრაზა ერთერთი დავალების შესრულების დროს დაწერა. 

გია მურღულიას თქმით, ნუცა თავართქილაძე კარგი, გონიერი და ლამაზი გოგოა, რომელმაც მარტივად თქვა ის, რაც ყველა მასწავლებელს უნდა ახსოვდეს და სასკოლო კულტურის უცილობელი გამოხატულება იყოს:

„ჩემს მოსწავლეებთან წინა ჯერზე სკოლის მთავარ მიზნებზე ვსაუბრობდით და დღეს, როდესაც ერთმა მათგანმა დავალება მოიტანა, მისი ერთი ფრაზა ძალიან მენიშნა. ვთხოვე ფერად ფურცელზე ამოებეჭდა და ზედ თავისი სახელი, გვარი და კლასიც მიეწერა. მალევე ამომიტანა ჩემს ოთახში და სკამის უკან კედელზე გავაკარი - დაე, ყველამ წაიკითხოს, ვინც შემოვა.

ეს მეცხრეკლასელი ნუცა თავართქილაძეა - კარგი, გონიერი და ლამაზი გოგო, რომელმაც მარტივად თქვა ის, რაც ყველა მასწავლებელს უნდა ახსოვდეს და სასკოლო კულტურის უცილობელი გამოხატულება იყოს,“ - აღნიშნა გია მურღულიამ. 

წაიკითხეთ სრულად