„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
პრაქტიკოს მასწავლებლებს სკოლასთან დადებული ხელშეკრულება არ შეუწყდებათ
პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 31 იანვრისთვის ვერ მოიპოვეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, არ უწყდებათ სკოლასთან დადებული ხელშეკრულება, თუ ამის სურვილს არ გამოხატავს თავად მასწავლებელი და არ გაფორმდება შეთანხმება სკოლასა და მასწავლებელს შორის.
პრაქტიკოს მასწავლებელს აქვს უფლება დაასრულოს 2019-2020 სასწავლო წელი, ასევე ისარგებლოს ზაფხულის საშვებულებო პერიოდით.
სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის, დადგენილი წესით ანაწილებს საათებს, საჭიროების შემთხვევაში აცხადებს კონკურსს. ამ შემთხვევაში, სკოლა ქმნის საკონკურსო კომისიას და განიხილავს იმ კანდიდატურებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზოგადი განათლების შესახებ კანონით მასწავლებლებისთვის განსაზღვრულ სავალდებულო მოთხოვნებს. გადაწყვეტილებას კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით იღებს სკოლა. სკოლა უფლებამოსილია კონკურსების შედეგებიდან გამომდინარე განიხილოს პრაქტიკოსი მასწავლებლის ხელშეკრულების გაგრძელების საკითხი კანონმდებლობის შესაბამისად.
საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლებისთვის, ვინც ვერ მოასწრო ან გამოცდების აპელაციის შედეგების შემდგომ გადაწყვიტა ჯილდოზე რეგისტრაცია, ეს შესაძლებლობა ბოლოჯერ გაიხსნება 2019 წლის 19 დეკემბრიდან და გასტანს 31 დეკემბრამდე, ხოლო ჯილდოს გაცემა მოხდება 2020 წლის იანვრის ბოლოს.
აღნიშნული ინფორმაცია პედაგოგებს საჯარო სკოლებში აცნობეს.