Baby Bag

14-18 ოქტომბერს მასწავლებლებისთვის ვორქშოფი გაიმართება

14-18 ოქტომბერს მასწავლებლებისთვის ვორქშოფი გაიმართება

ქართულ-გერმანულ სამეცნიერო ხიდს (GGSB), რომელიც აერთიანებს გერმანიის რესპუბლიკის ქ. იულიხის კვლევითი ცენტრის (FZJ) ინსტიტუტებს, საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმთან (თსუ, სტუ, ილიაუნი და აგრიუნი) თანამშრომლობის 15 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს.

ამ კონცეფციის ფარგლებში, 2019 წლის 14-18 ოქტომბერს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, JULAB-ის წამყვანი მასწავლებლები ჩაატარებენ ვორქშოფს ქართველი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, იულაბის ექსპერიმენტული ყუთის გამოყენებით, თემაზე „ელექტრობა“. ისინი ქართველ მასწავლებლებს სახალისო ექსპერიმენტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს გააცნობენ, რათა მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესი გაუღვივონ. ვორქშოფი მოიცავს როგორც ექსპერიმენტულ, ისე თეორიულ ნაწილს.

ვორქშოფის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს IV-VI კლასების ბუნებისმეტყველების მასწავლებლები. ვორქშოფის სამუშაო ენა - ინგლისური. ვორქშოფი უზრუნველყოფილი იქნება თარჯიმნის მომსახურებით.

ვორქშოფის გავლის შემდგომ, გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

ვორქშოფზე რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს - ​ვორქშოფი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„უპრეცედენტო პროექტს ვიწყებთ“ - მიხეილ ბატიაშვილი

„უპრეცედენტო პროექტს ვიწყებთ“ - მიხეილ ბატიაშვილი

„დღეს ვიწყებთ უპრეცედენტო პროექტს, რომელიც გულისხმობს ტექნოლოგიების სფეროში 3000 ახალგაზრდის გადამზადებას,  - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პროექტში ჩართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ ახალგაზრდას შეეძლება, გადამზადების შემდეგ კი ისინი მაღალანაზღაურებად სამსახურებში დასაქმდებიან.

„დღეს ვიწყებთ უპრეცედენტო პროექტს, რომელიც გულისხმობს ტექნოლოგიების სფეროში 3000 ახალგაზრდის გადამზადებას. ამ პროექტის მხარდამჭერია და რესურსებით უზრუნველყოფა ხდება მსოფლიო ბანკის მხრიდან. 3000 ახალგაზრდას მიეცემა შესაძლებლობა ტექნოლოგიების სფეროში სხვადასხვა მიმართულებით დასაქმდნენ, ეს არის მონაცემთა ბაზები, პროგრამირება, ბლოკჩეინი და ა.შ. შემოდგომიდან დაიწყება ის საერთაშორისო პროგრამები, რომლის მიხედვითაც ისინი გაივლიან საერთაშორისო პროგრამებს და მიეცემათ საერთაშორისო სერთიფიკატი, რაც მოგვცემს საქართველოში ყველაზე მასშტაბური პროექტის დაწყების საშუალებას, რაც გულისხმობს ტექნოლოგიების სფეროში ახალგაზრდების ჩართულობას და მაღალანაზღაურებად სხვადასხვა სამსახურებში დასაქმებას. დღეს გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი და შემოდგომიდან 3000 ახალგაზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეძლებს ამ პროგრამებში ჩართვას“ , - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

საერთაშორისო ტენდერი ICT - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს 3000 სპეციალისტის გადასამზადებლად დღეს გაიხსნა. ტენდერი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით და მისი მთლიანი ბიუჯეტი 7 მილიონ ლარს (2,5 მილიონ აშშ დოლარს) შეადგენს.

პროგრამის ფარგლებში, 2019 წლის შემოდგომიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა გაიაროს უფასო კურსი პროგრამირების, მონაცემთა ბაზების, კიბერუსაფთხოების, ქსელების, პროექტ-მენეჯმენტის, დიზაინის, ბლოკჩეინისა და სხვა მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით, ასევე მოიპოვოს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული სერთიფიკატი. შედეგად - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს მოქმედი 3000 ადგილობრივი სპეციალისტი გაივლის მაღალკვალიფიცირებულ სწავლებას, რაც მიზნად ისახავს ICT სექტორის გაძლიერებას საქართველოში და სერვისების ექსპორტის ხელშეწყობას.

წაიკითხეთ სრულად