Baby Bag

მე მირჩევნია ტრენინგი მასწავლებელმა ჩაატაროს, ვიდრე მასწავლებლის სახლის ტრენერმა - ბერიკა შუკაკიძე

მე მირჩევნია ტრენინგი მასწავლებელმა ჩაატაროს, ვიდრე მასწავლებლის სახლის ტრენერმა - ბერიკა შუკაკიძე

პედაგოგთა ტრენინგებთან დაკავშირებით,  მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, ბე­რი­კა შუ­კა­კი­ძემ გადაცემაში „ჩვენი სკოლა“ ისაუბრა. 

მისი თქმით,  პირველ რიგში, მასწავლებლის საუნივერსიტეტო განათლებას უნდა მიექცეს ყურადღება და მხოლოდ ამის შემდეგ არის ტრენინგი ეფექტური:

„ტრენინგი ეს არის, ასე ვთქვათ, დესერტი.  პირველ რიგში,  ჩვენ უნდა მივხედოთ მასწავლებლის საუნივერსიტეტო განათლებას, რომელიც უნდა იყოს მაღალი დონის. ამის შემდეგ არის ტრენინგი ეფექტური. რაც შეეხება დეცენტრალიზაციას, მასწავლებლის სახლის ტრენერს (ტრენერებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ) მე მირჩევნია, მაგალითად, გორის რომელიმე სკოლაში ვიპოვო კარგი მასწავლებელი, რომელმაც კარგად იცის კონკრეტულად გორის სკოლის საჭიროებები, ვიდრე მასწავლებლის სახლიდან მივლენილმა ტრენერმა. ამიტომ ჩვენ უნდა მივხედოთ მასწავლებლის სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარებას, უნდა მივხედოთ მასწავლებლის სოციო-ეკონომიკური სტატუსის ამაღლებას, რათა ეს პროფესია გახდეს პოპულარული მაღალი სააზროვნო უნარების მქონე სტუდენტებში და ისინი შეუერთდნენ ამ პროფესიას. ჩვენ ვიწყებთ მაღალი დონის სოციალურ კამპანიას. ჩემთვის პატრიოტობა არის ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში (მთის სკოლაა) მასწავლებლად მუშაობის დაწყება. ახალგაზრდა პატრიოტმა თავისი პატრიოტობა იქ მუშაობით უნდა გამოავლინოს,“ - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.  

შეიძლება დაინტერესდეთ

ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვდა

ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვდა.

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლია. 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს.

ლადოს მიზანია მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად და თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად აღზარდოს, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ დამოუკიდებელ, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნებებად, შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა, იდეების გენერირება და საკუთარი ინიციატივების განხორციელება. სწავლების პროცესში გამორჩეულად იყენებს პროექტული სწავლების მეთოდოლოგიას.

აღსანიშნავია, რომ ლადო აქტიურად თანამშრომლობს კოლეგებთან არამხოლოდ საკუთარ სკოლაში, არამედ მთლიანად რეგიონის და ქვეყნის მასშტაბითაც.

რაც შეეხება​ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – საქართველოს“ ეს არის გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიის პოპულარიზაციას, პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.

წაიკითხეთ სრულად