განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დღეს ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეებისთვის გადასაცემი სერტიფიკატების ფორმები გამოაქვეყნა.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ მედალოსანი მოსწავლეები, შემდეგია:
ოქროს მედლის მისაღებად საჭირო კრიტერიუმები:
მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10 დამრგვალების გარეშე და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიიღებს დადებით შეფასებას, იღებს ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.
ვერცხლი მედლის მისაღებად საჭირო კრიტერიუმები:
მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიიღებს დადებით შეფასებას, იღებს ვერცხლის მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.
პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალი და შესაბამისი სერტიფიკატები არ გაიცემა.
მედლებს იღებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეები. გადაწყვეტილებას მედლის გაცემის შესახებ კი სკოლა იღებს.