Baby Bag

2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 5 ფინალისტი ცნობილია

2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 5 ფინალისტი ცნობილია

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ხუთეული დასახელდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 10 000 ლარი გადაეცემა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის წევრები არიან:

  • გიორგი ჭაუჭიძე – მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი;
  • ნათია კურტანიძე – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი;
  • მაია მენაბდე – ბათუმის N3 საჯარო სკოლის და კერძო სკოლის შპს „განათლება”, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
  • თამარ ადამია – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი;
  • ქეთევან მერებაშვილი – სკოლა – ლიცეუმი პრომეთეს, გეოგრაფიის მასწავლებელი.

წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 127 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან საუკეთესო ათეული სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მესამედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი, მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.

2019 წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კამპანიას ბაქსვუდის სკოლა, გიმნაზია „შავნაბადა“ და სკოლა – ლიცეუმი „პრომეთე“ შემოუერთდა. ბაქსვუდის სკოლა გამარჯვებულ მასწავლებელს დიდ ბრიტანეთში პროფესიული განვითარების 2 კვირიან პროგრამას დაუფინანსებს. გიმნაზია „შავნაბადა“ სპეციალურ პრიზს საუკეთესო ხუთელიდან ერთ-ერთ მასწავლებელს გადასცემს. სკოლა – ლიცეუმი „პრომეთე” კი საუკეთესო ათეულიდან ერთ-ერთ მასწავლებელს პერსონალური კომპიუტერით დააჯილდოვებს.

შეიძლება დაინტერესდეთ

მიხეილ ჩხენკელი: „გრიფირების პროცესში მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან“

მიხეილ ჩხენკელი: „გრიფირების პროცესში მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან“

სასკოლო სახელმძღვანელოებთან დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში მოსწავლეთა მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან, რისი შესაძლებლობაც სამინისტრომ მათ კანონით მისცა.

„სახელმძღვანელოების გრიფირება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მე-9 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი, რომელშიც ჩავრთავთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, მშობლებს. ამისთვის შეიქმნა ელექტრონული პორტალი, სადაც ყველას შეეძლება საკუთარი აზრის გამოხატვა. დიდი იმედი მაქვს, რომ მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში. მათ ექნებათ საშუალება, გაეცნონ გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტებს და გააკეთოთ თავიანთი კომენტარი.

დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ძალიან დეტალურად წავიკითხავთ საზოგადოების, მშობლების მოსაზრებებს. მართალია, ჩვენ გვყავს საექსპერტო კომისიები, რომლებიც ყველა სიტყვას აწონიან, რაც არის სახელმძღვანელოში, მაგრამ მშობლების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

აღსანიშნავია, რომ გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა მიმდინარე წლის გაზაფხულიდან გააქტიურდება.

წაიკითხეთ სრულად