Baby Bag

პედაგოგებს ახალ ინიციატივებში მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი

პედაგოგებს ახალ ინიციატივებში მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მაღალმთიანი რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა.

„პედაგოგების მიერ შემუშავებულია არაერთი საინტერესო პროექტი, ჩვენი ვალდებულებაა ხელი შევუწყოთ მათ ახალი ინიციატივების შემუშავებასა და დანერგვაში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ მასწავლებელთა დისტანციური სასწავლო პროგრამების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „განათლების დეცენტრალიზაცია უმნიშვნელოვანესია პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბაზაზე დისტანციური სასწავლო პროგრამა მოქმედებს, მაგრამ მნიშვნელოვანია მასშტაბი გაიზარდოს რაიონების დონეზე“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

პედაგოგებმა ისაუბრეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ადმინისტრაციული პერსონალისთვის სახელფასო დანამატების აუცილებლობაზე. „ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი კოლეგების მიერ ინიცირებულია კანონპროქტი, რომელზეც მუშაობა საშემოდგომო სესიაზე გაგრძელდება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ინიციატივაზე საპასუხოდ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში პრობლემად რჩება ქართულენოვანი საბავშვო ბაღების ხელშეწყობის საკითხი. მარიამ ჯაშის განცხადებით, ამ მიმართულებით დამატებითი მუშაობა გაგრძელდება.

შეხვედრაზე პედაგოგთა მხრიდან გაჟღერდა ინიციატივა პროფესიული სასწავლო პროგრამების მუნიციპალურ ცენტრებში გაჩენისა და მათი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე დაფუძნების თაობაზე.

შეხვედრაზე ისაუბრეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელისა და მსოფლიო მასწავლებელთა ათეულის რჩეულის, ლადო აფხაზავას ინიციატივის შესახებ, რომელიც სკოლებს შორის თანამშრომლობასა და გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობებს ეხება.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპელაციის შედეგებს აქვეყნებს. სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომრით.
შედეგების გაგება მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეუძლიათ. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) ბარათზე დატანილი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება ტესტური დავალების შეფასების სისწორესთან დაკავშირებით შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).
წაიკითხეთ სრულად