„მთელი ცივილიზებული სამყარო სთხოვს პედაგოგებს 2 მიმართულებით კომპეტენციის დადასტურებას: პირველი ეს არის, პროფესიული უნარები და მეორე - საგნობრივი უნარები. მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა იცოდეს საგანი. ცოდნა-გაცნობიერება ეს არის პირველი საფეხური. ამის შემდგომ უკვე მოდის სწავლების მიდგომები და თეორიები - როგორ მიიტანს მასწავლებელი ამა თუ იმ საკითხს მოსწავლემდე, როგორ დააინტერესებს და ჩართავს მას გაკვეთილში, ეს უკვე მეორე ნაწილია. ჩვენ ორივე მიმართულებით - როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული მიმართულებით უფასოდ შევთავაზებთ პედაგოგებს ტრენინგებს. წინასწარ ვიცით, რომ ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება და ცხელი ზაფხული გველოდება, ასევე ცხელი შემოდგომა.
ჩვენ გვინდა, პედაგოგების პროფესიული გადამზადება რამდენიმე მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ. სამი ძირითადი საკითხი, რაზედაც ვფიქრობთ, ეს არის:
1. პრაქტიკის კვლევა, რომელიც არის ძალიან ეფექტური საშუალება პედაგოგებისათვის და ითვალისწინებს კონკრეტულ კლასში არსებული პრობლემების მოგვარებიის გზებს.
2. ასევე გვინდა, რომ ყველა პედაგოგი გადამზადდეს ინკლუზიურ განათლებაში, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 500-დან 700-მდე იმატებს იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
3. გვინდა, რომ სასკოლო უსაფრთხოებაში გადავამზადოთ ყველა პედაგოგი. ის პრობლემა, რაც შემდგომ ქუჩაში გადადის და ტრაგედიით მთავრდება, იწყება საკლასო ოთახში. მასწავლებელი, რაც უფრო ადრე შეამჩნევს ამ პრობლემას, მით უფრომე მეტად გვექნება საშუალება, თავიდან ავირიდოთ ტრაგედიები.“
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალ დღეში“ ისაუბრა.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის უფასო მოსამზადებელი ცენტრი შეიქმნება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი აბიტურიენტების მომზადების პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის უმაღლესი განათლების შეთავაზებას გულისხმობს. აბიტურიენტები მომზადებას თბილისსა და ზუგდიდში გაივლიან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პრეზენტაციას სტუდენტები ესწრებოდნენ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობენ.
როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, აბიტურიენტები სხვადასხვა სასურველ საგანში მოემზადებიან და შემდეგ გამარტივებული წესით უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდებიან:
„ეს ბავშვები ძალიან რთულ ვითარებაში სწავლობენ. ისინი მართლაც გმირები არიან. ამავდროულად ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებენ. გვინდა მომავალში მეტად შევუწყოთ ხელი, რომ კიდევ უფრო წარმატებულები იყვნენ. დღეს მათთან განსაკუთრებული სიახლით მოვედი, რომელიც მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისთვის უმნიშვნელოვანესია - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის უფასო მოსამზადებელი ცენტრი შეიქმნება. მოგეხსენებათ, მათ სასკოლო განათლების მიღება ძალიან რთულ პირობებში უწევთ. გალსა და ახალგორში ეს პროცესი შეფერხებულია, რადგან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება არ ეძლევათ. სწორედ ამიტომ სახელმწიფო მსურველებს სრულიად უფასოდ და უგამოცდო მოსამზადებელ ცენტრს შესთავაზებს, სადაც ისინი სხვადასხვა სასურველ საგანში მოემზადებიან და შემდეგ გამარტივებული წესით უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდებიან. ეს პროგრამა მოქმედებს არა მხოლოდ ეთნიკური ქართველებისათვის, არამედ ოსებისა და აფხაზებისათვისაც, ვინაიდან კურსები სხვადასხვა ენაზე წარიმართება“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
პროგრამის საპილოტე ვერსია 2019 წლის თებერვლიდან ამოქმედდება, ხოლო ამავე წლის სექტემბრიდან სრული კურსი შევა ძალაში. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდების განათლება მთლიანად დაფინანსდება, მათი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფაც გათვალისწინებულია.