„მთელი ცივილიზებული სამყარო სთხოვს პედაგოგებს 2 მიმართულებით კომპეტენციის დადასტურებას: პირველი ეს არის, პროფესიული უნარები და მეორე - საგნობრივი უნარები. მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა იცოდეს საგანი. ცოდნა-გაცნობიერება ეს არის პირველი საფეხური. ამის შემდგომ უკვე მოდის სწავლების მიდგომები და თეორიები - როგორ მიიტანს მასწავლებელი ამა თუ იმ საკითხს მოსწავლემდე, როგორ დააინტერესებს და ჩართავს მას გაკვეთილში, ეს უკვე მეორე ნაწილია. ჩვენ ორივე მიმართულებით - როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული მიმართულებით უფასოდ შევთავაზებთ პედაგოგებს ტრენინგებს. წინასწარ ვიცით, რომ ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება და ცხელი ზაფხული გველოდება, ასევე ცხელი შემოდგომა.
ჩვენ გვინდა, პედაგოგების პროფესიული გადამზადება რამდენიმე მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ. სამი ძირითადი საკითხი, რაზედაც ვფიქრობთ, ეს არის:
1. პრაქტიკის კვლევა, რომელიც არის ძალიან ეფექტური საშუალება პედაგოგებისათვის და ითვალისწინებს კონკრეტულ კლასში არსებული პრობლემების მოგვარებიის გზებს.
2. ასევე გვინდა, რომ ყველა პედაგოგი გადამზადდეს ინკლუზიურ განათლებაში, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 500-დან 700-მდე იმატებს იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
3. გვინდა, რომ სასკოლო უსაფრთხოებაში გადავამზადოთ ყველა პედაგოგი. ის პრობლემა, რაც შემდგომ ქუჩაში გადადის და ტრაგედიით მთავრდება, იწყება საკლასო ოთახში. მასწავლებელი, რაც უფრო ადრე შეამჩნევს ამ პრობლემას, მით უფრომე მეტად გვექნება საშუალება, თავიდან ავირიდოთ ტრაგედიები.“
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალ დღეში“ ისაუბრა.
მიხელ ბატიაშვილმა და მისმა მოადგილეებმა ბრიუსელში ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტები და წინადადებები წარადგინეს
ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის უმაღლესი დონის ფორმატის პირველი შეხვედრის ფარგლებში, ევროკომისიასა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის კლასტერი გაიმართა, რომელსაც ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში - ტობას ნავრაჩიჩი, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორი - ლორენს მერედიტი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარის მრჩეველი - ჰანა იანსი ესწრებოდნენ.
განათლების, კვლევის, ინოვაციისა და კულტურის სფეროს მიმართულების სამიზნე ჯგუფში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხელ ბატიაშვილმა, მოადგილეებთან ირინა აბულაძესა და ლევან ხარატიშვილთან ერთად, ისეთი ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტები და წინადადებები წარადგინა, როგორიცაა განათლების და კვლევით სფეროში,ჯგუფური/კლასტერული მიდგომა; ქართველი სტუდენტებისთვის ევროკავშირის მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ანალოგიური პირობების შექმნა; განათლებაში ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და ახალი პროგრამის - ევროკავშირი-საქართველოს კულტურული ხიდების წამოწყება, რომელიც კულტურათაშორისი დიალოგის და კულტურის ინტერნაციონალიზაციის გაფართოვებას ისახავს მიზნად. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ორმხრივი კულტურული პროგრამის შემუშავებას და ამასთან, საქართველოში ევროპის კულტურული დღეების კამპანიას და ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ცნობადობის გაზრდას.
ევროკომისიის წარმომადგენელთა მხრიდან გამიოთქვა თანამშრომლობის მზაობა და გადაწყდა, რომ დაიწყება ევროკავშირის გაერთიანებული კვლევითი ცენტრების თანამშრომლობა ქართულ უნივერსიტეტებთან, ქართულ კვლევით ცენტრებთან და კერძო სექტორთან, ტექნიკური დახმარებისა და ცოდნის გაზიარება, მკვლევარებისთვის ერთობლივი სასწავლო პროგრამის განვითარება და მონაწილეობა, სემინარებისა და სემინარების მეშვეობით სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცოდნის გაცვლა. მხარეები თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებასა და გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.