„მთელი ცივილიზებული სამყარო სთხოვს პედაგოგებს 2 მიმართულებით კომპეტენციის დადასტურებას: პირველი ეს არის, პროფესიული უნარები და მეორე - საგნობრივი უნარები. მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა იცოდეს საგანი. ცოდნა-გაცნობიერება ეს არის პირველი საფეხური. ამის შემდგომ უკვე მოდის სწავლების მიდგომები და თეორიები - როგორ მიიტანს მასწავლებელი ამა თუ იმ საკითხს მოსწავლემდე, როგორ დააინტერესებს და ჩართავს მას გაკვეთილში, ეს უკვე მეორე ნაწილია. ჩვენ ორივე მიმართულებით - როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული მიმართულებით უფასოდ შევთავაზებთ პედაგოგებს ტრენინგებს. წინასწარ ვიცით, რომ ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება და ცხელი ზაფხული გველოდება, ასევე ცხელი შემოდგომა.
ჩვენ გვინდა, პედაგოგების პროფესიული გადამზადება რამდენიმე მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ. სამი ძირითადი საკითხი, რაზედაც ვფიქრობთ, ეს არის:
1. პრაქტიკის კვლევა, რომელიც არის ძალიან ეფექტური საშუალება პედაგოგებისათვის და ითვალისწინებს კონკრეტულ კლასში არსებული პრობლემების მოგვარებიის გზებს.
2. ასევე გვინდა, რომ ყველა პედაგოგი გადამზადდეს ინკლუზიურ განათლებაში, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 500-დან 700-მდე იმატებს იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
3. გვინდა, რომ სასკოლო უსაფრთხოებაში გადავამზადოთ ყველა პედაგოგი. ის პრობლემა, რაც შემდგომ ქუჩაში გადადის და ტრაგედიით მთავრდება, იწყება საკლასო ოთახში. მასწავლებელი, რაც უფრო ადრე შეამჩნევს ამ პრობლემას, მით უფრომე მეტად გვექნება საშუალება, თავიდან ავირიდოთ ტრაგედიები.“
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალ დღეში“ ისაუბრა.
„განათლების რეფორმის ფარგლებში, დიდი აქცენტი გაკეთდება საგნობრივ, დისციპლინათაშორის კავშირებზე“- ირინა აბულაძე
განათლების რეფორმის ფარგლებში, დიდი აქცენტი გაკეთდება საგნობრივ, დისციპლინათაშორის კავშირებზე იმისთვის, რომ ჩვენ მთლიანობაში განვითარებული მოქალაქე გვყავდეს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან განმარტა, დისციპლინების მიმართულებით ცვლილება არ იგეგმება.
„ცხადია, ამაში არ იგულისხმება ის, რომ რომელიმე დისციპლინას ნაკლები მნიშვნელობა ექნება ან აღარ გახდება საჭირო კონკრეტული თეორიული ცოდნის მიცემა. ცხადია, ეს ყველაფერი ეროვნულ სასწავლო გეგმაში დევს და ჩვენთვის პრიორიტეტულია ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარება. ვფიქრობთ, რომ სწორედ ესენია ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგები, თუმცა, ანალოგიური ყურადღება დაეთმობა ჰუმანიტარულ მეცნიერებებს და იმ დარგებს, სადაც შესაძლოა ეკონომიკური ამონაგები არ არის მაღალი, მაგრამ მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარების ნაწილში. დისციპლინების მიმართულებით ცვლილება არ იგეგმება. არ ვთვლით, რომ რომელიმე საგანი ან დისციპლინა ნაკლებმნიშვნელოვანია. მაგრამ ერთია მივცეთ მოსწავლეს თეორიული ცოდნა და მეორე - მან ახსნას ბუნებაში მიმდინარე მოვლენები ამ თეორიაზე დაფუძნებით. ფიზიკის კანონები, მათემატიკის ფორმულები, ქიმია არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ თეორიული ცოდნა გაიაზრონ და დააკავშირონ გარემოსთან, რეალურ ცხოვრებასთან. განათლების რეფორმის ფარგლებში დიდი აქცენტი გაკეთდება სწორედ საგნობრივ კავშირებზე, დისციპლინათაშორის კავშირებზე იმისთვის, რომ ჩვენ გვყავდეს განვითარებული მოქალაქე მთლიანობაში. ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს ღირებულებათა ნაწილზე და ასევე იმაზე, რომ ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ აქტიურები სამოქალაქო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ერთია ვასწავლოთ ფორმულები, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი, აუცილებელია მოსწავლის მთლიანი განვითარება, რაც უნდა უზრუნველყოს სკოლამ, მშობელმა და ოჯახმა“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.