„მთელი ცივილიზებული სამყარო სთხოვს პედაგოგებს 2 მიმართულებით კომპეტენციის დადასტურებას: პირველი ეს არის, პროფესიული უნარები და მეორე - საგნობრივი უნარები. მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა იცოდეს საგანი. ცოდნა-გაცნობიერება ეს არის პირველი საფეხური. ამის შემდგომ უკვე მოდის სწავლების მიდგომები და თეორიები - როგორ მიიტანს მასწავლებელი ამა თუ იმ საკითხს მოსწავლემდე, როგორ დააინტერესებს და ჩართავს მას გაკვეთილში, ეს უკვე მეორე ნაწილია. ჩვენ ორივე მიმართულებით - როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული მიმართულებით უფასოდ შევთავაზებთ პედაგოგებს ტრენინგებს. წინასწარ ვიცით, რომ ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება და ცხელი ზაფხული გველოდება, ასევე ცხელი შემოდგომა.
ჩვენ გვინდა, პედაგოგების პროფესიული გადამზადება რამდენიმე მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ. სამი ძირითადი საკითხი, რაზედაც ვფიქრობთ, ეს არის:
1. პრაქტიკის კვლევა, რომელიც არის ძალიან ეფექტური საშუალება პედაგოგებისათვის და ითვალისწინებს კონკრეტულ კლასში არსებული პრობლემების მოგვარებიის გზებს.
2. ასევე გვინდა, რომ ყველა პედაგოგი გადამზადდეს ინკლუზიურ განათლებაში, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 500-დან 700-მდე იმატებს იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
3. გვინდა, რომ სასკოლო უსაფრთხოებაში გადავამზადოთ ყველა პედაგოგი. ის პრობლემა, რაც შემდგომ ქუჩაში გადადის და ტრაგედიით მთავრდება, იწყება საკლასო ოთახში. მასწავლებელი, რაც უფრო ადრე შეამჩნევს ამ პრობლემას, მით უფრომე მეტად გვექნება საშუალება, თავიდან ავირიდოთ ტრაგედიები.“
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალ დღეში“ ისაუბრა.
„მოსწავლეებს შორის ამ გამოცდაზე იქნება მხატვარი, რომელსაც არაფერში სჭირდება მათემატიკის აბსოლუტური ცოდნა...“
სინგაპურის ერთერთი სკოლის დირექტორის მიმართვა მშობლებს:
„ძვირფასო მშობლებო, მალე თქვენს შვილებს გამოცდები დაეწყებათ. ვიცი, რომ ყველანი ძალიან ნერვიულობთ და განიცდით, ვინაიდან გსურთ, რომ ბავშვებმა გამოცდები კარგად ჩააბარონ. მაგრამ, გთხოვთ, გახსოვდეთ! მოსწავლეებს შორის ამ გამოცდაზე იქნება მხატვარი, რომელსაც არაფერში სჭირდება მათემატიკის აბსოლუტური ცოდნა; იქნება მეწარმე, რომლისთვისაც არც ისე მნიშვნელოვანია ისტორია და ინგლისური ლიტერატურა; მუსიკოსი, რომელსაც არასდროს გამოადგება ქიმია; სპორტსმენი, რომლისთვისაც ფიზკულტურა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკა. ძალიან კარგი იქნება, თუ თქვენი შვილები კარგ ნიშნებს მიიღებენ, მაგრამ, გეთაყვა, თუ ასე არ მოხდება, გთხოვთ, ნუ ჩაკლავთ მათში თავდაჯერებულობისა და ღირსების გრძნობას. უთხარით მათ, რომ ეს ნორმალურია, რომ ეს უბრალოდ გამოცდაა. ისინი ბევრად მნიშვნელოვანი საქმეებისთვის არიან მოვლენილი ამქვეყნად. უთხარით მათ, რომ გიყვართ და არ განსჯით, როგორი შეფასებებიც არ უნდა მიიღონ.გთხოვთ, ასე მოიქეცით და მერე უბრალოდ თვალყური ადევნეთ, როგორ დაიპყრობენ მომავალში სამყაროს. ერთი გამოცდა თუ ცუდი ნიშანი ვერაფერს დააკლებს მათ ნიჭს და ვერ წაართმევს ოცნებას! და, კიდევ, გთხოვთ, ნუ მიიჩნევთ ექიმებსა და ინჟინრებს, როგორც ერთადერთ ბედნიერ ადამიანებს პლანეტაზე. საუკეთესო სურვილებით, სკოლის დირექტორი“.