„მთელი ცივილიზებული სამყარო სთხოვს პედაგოგებს 2 მიმართულებით კომპეტენციის დადასტურებას: პირველი ეს არის, პროფესიული უნარები და მეორე - საგნობრივი უნარები. მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა იცოდეს საგანი. ცოდნა-გაცნობიერება ეს არის პირველი საფეხური. ამის შემდგომ უკვე მოდის სწავლების მიდგომები და თეორიები - როგორ მიიტანს მასწავლებელი ამა თუ იმ საკითხს მოსწავლემდე, როგორ დააინტერესებს და ჩართავს მას გაკვეთილში, ეს უკვე მეორე ნაწილია. ჩვენ ორივე მიმართულებით - როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული მიმართულებით უფასოდ შევთავაზებთ პედაგოგებს ტრენინგებს. წინასწარ ვიცით, რომ ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება და ცხელი ზაფხული გველოდება, ასევე ცხელი შემოდგომა.
ჩვენ გვინდა, პედაგოგების პროფესიული გადამზადება რამდენიმე მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ. სამი ძირითადი საკითხი, რაზედაც ვფიქრობთ, ეს არის:
1. პრაქტიკის კვლევა, რომელიც არის ძალიან ეფექტური საშუალება პედაგოგებისათვის და ითვალისწინებს კონკრეტულ კლასში არსებული პრობლემების მოგვარებიის გზებს.
2. ასევე გვინდა, რომ ყველა პედაგოგი გადამზადდეს ინკლუზიურ განათლებაში, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 500-დან 700-მდე იმატებს იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
3. გვინდა, რომ სასკოლო უსაფრთხოებაში გადავამზადოთ ყველა პედაგოგი. ის პრობლემა, რაც შემდგომ ქუჩაში გადადის და ტრაგედიით მთავრდება, იწყება საკლასო ოთახში. მასწავლებელი, რაც უფრო ადრე შეამჩნევს ამ პრობლემას, მით უფრომე მეტად გვექნება საშუალება, თავიდან ავირიდოთ ტრაგედიები.“
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალ დღეში“ ისაუბრა.
„ადამიანი, ვისაც ეკუთვნის ესა თუ ის სამსახური, დამსახურებულად უნდა მიიღოს და არა ნაცნობობით“
„ჩვენი ერთ-ერთი მოვალეობა არის ის, რომ ადამიანი, ვისაც ეკუთვნის ესა თუ ის სამსახური, დამსახურებულად მიიღოს და არა ნაცნობობით,“ - ასე გამოეხმაურა Momsedu.ge-სთან საუბრისას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე საზოგადოების ნაწილის მოსაზრებას, რომ საჯარო სკოლებში გამოცხადებული ვაკანსიები თვალის ახვევაა - დირექტორებს წინასწარ, ნაცნობობით ჰყავთ არჩეული კადრები.
„როდესაც ვაკანსია ცხადდება, ჩვენ ვხედავთ ყველა იმ ადამიანს, ვინც დარეგისტრირდა. ადრე არ იყო ასე. როდესაც სკოლა აცხადებდა ვაკანსიას, ვერ ვგებულობდით, ვინ შეიტანა განცხადება. დირექტორი იტყოდა, რომ მხოლოდ ერთი გამოცხადდა და ის აიყვანა.
შარშან ვაკანსიების ჩამონათვალში დავამატეთ ახალი ფუნქცია და უკვე გვაქვს შესაძლებლობა, ამა თუ იმ სკოლაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე დარეგისტრირებული ადამიანები ვნახოთ. ჩვენი ერთ-ერთი მოვალეობა არის ის, რომ ადამიანი, ვისაც ეკუთვნის ესა თუ ის სამსახური, დამსახურებულად მიიღოს და არა ნაცნობობით.
ადამიანებს უნდა გაუჩნდეთ განცდა, რომ ეს არის მერიტოკრატიული საზოგადოება. ბანალურ რამეს ვიტყვი - ყველაფერს აიტანს ადამიანი ჩაგვრის გარდა. მე შეიძლება დაბალი ხელფასი მქონდეს, მაგრამ ჩაგვრას არ გაპატიებ.
როგორც იცით, ზაფხულში ვაკანსიის შესარჩევი გასაუბრება ჩატარდა. მასწავლებლის სახლი მაქსიმალურად იყო ჩართული, რომ სკოლებს ოპტიმალური გადაწყვეტილება მიეღოთ. ჩვენი თანამშრომლები რეგიონებში ვიყავით და ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობდით. ასე იქნება ამ წლის ზაფხულშიც,“ - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ Momsedu.ge-სთან საუბრისას.
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.