„მთელი ცივილიზებული სამყარო სთხოვს პედაგოგებს 2 მიმართულებით კომპეტენციის დადასტურებას: პირველი ეს არის, პროფესიული უნარები და მეორე - საგნობრივი უნარები. მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ მასწავლებელმა პირველ რიგში უნდა იცოდეს საგანი. ცოდნა-გაცნობიერება ეს არის პირველი საფეხური. ამის შემდგომ უკვე მოდის სწავლების მიდგომები და თეორიები - როგორ მიიტანს მასწავლებელი ამა თუ იმ საკითხს მოსწავლემდე, როგორ დააინტერესებს და ჩართავს მას გაკვეთილში, ეს უკვე მეორე ნაწილია. ჩვენ ორივე მიმართულებით - როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული მიმართულებით უფასოდ შევთავაზებთ პედაგოგებს ტრენინგებს. წინასწარ ვიცით, რომ ამაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება და ცხელი ზაფხული გველოდება, ასევე ცხელი შემოდგომა.
ჩვენ გვინდა, პედაგოგების პროფესიული გადამზადება რამდენიმე მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ. სამი ძირითადი საკითხი, რაზედაც ვფიქრობთ, ეს არის:
1. პრაქტიკის კვლევა, რომელიც არის ძალიან ეფექტური საშუალება პედაგოგებისათვის და ითვალისწინებს კონკრეტულ კლასში არსებული პრობლემების მოგვარებიის გზებს.
2. ასევე გვინდა, რომ ყველა პედაგოგი გადამზადდეს ინკლუზიურ განათლებაში, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 500-დან 700-მდე იმატებს იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე.
3. გვინდა, რომ სასკოლო უსაფრთხოებაში გადავამზადოთ ყველა პედაგოგი. ის პრობლემა, რაც შემდგომ ქუჩაში გადადის და ტრაგედიით მთავრდება, იწყება საკლასო ოთახში. მასწავლებელი, რაც უფრო ადრე შეამჩნევს ამ პრობლემას, მით უფრომე მეტად გვექნება საშუალება, თავიდან ავირიდოთ ტრაგედიები.“
ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალ დღეში“ ისაუბრა.
2020 წლის აპრილსა და მაისში უკვე მეექვსედ ჩატარდება საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსი. მხარდამჭერ ორგანიზაციათა ჩამონათვალში ტრადიციულადაა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან, ფონდ „ქართულ გალობასთან“, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირთან და და სხვა ორგანიზაციებთან ერთად.
კონკურსთან დაკავშირებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით სენაკის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში 24 თებერვალს, 14:00 გაიმართება შეხვედრა მუსიკის მასწავლებლებთან, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცენტრის მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტი რუსუდან თაყაიშვილი, საქართველოს საგუნდო საზოგადოების თავმჯდომარე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, დირიჟორი ლიანა ჭონიშვილი, საგუნდო საზოგადოების სამეგრელოს ფილიალის ხელმძღვანელი, დირიჟორი და მუსიკოლოგი შიო აბრახამია. ამავე დღეს სენაკის სამუსიკო სკოლის უფროსკლასელთა გუნდთან გაიმართება მასტერკლასი, რომელსაც ჩაატარებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, დირიჟორი ლიანა ჭონიშვილი.