Baby Bag

„სქემის ფარგლებში, ეს იქნება ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც უახლოეს დღეებში განხორციელდება“ - განათლების მინისტრის მოადგილე

„სქემის ფარგლებში, ეს იქნება ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც უახლოეს დღეებში განხორციელდება“ - განათლების მინისტრის მოადგილე

„ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც უახლოეს დღეებში განხორციელდება, შეეხება მასწავლებლების თვითშეფასების კითხვარის არასავალდებულოდ გამოცხადებას, რადგან შიდა კვლევების მიხედვით, ეს ბევრ ტექნიკურ და ბიუროკრატიულ პროცესთან იყო კავშირში“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ  განაცხადა.

„თვითშეფასების კითხვარის შევსება/არშევსება მასწავლებლის ნებაზე იქნება დამოკიდებული. იმ შემთხვევაში თუ მასწავლებელს უნდა კითხვარის შევსება, ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასებისთვის, ის ამას შეძლებს,“ - დასძინა ირინა აბულაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2019 წლის ბოლომდე მოქმედი სქემის დოკუმენტი შენარჩუნდება და 2020 წლიდან შემოვა ახალი რეგულაციები:

სქემის დოკუმენტთან დაკავშირებით, ჩვენ ახლა გარდამავალ პროცესში ვიმყოფებით და არიან მასწავლებლები, რომლებსაც უკვე დაწყებული აქვთ კრედიტქულების დაგროვება და მნიშვნელოვანი მიღწევებიც აქვთ ამ კუთხით. შესაბამისად, 2019 წლის ბოლომდე, ამავე სისტემით ისარგებლებენ – შენარჩუნდება მოქმედი კრედიტქულების დაგროვების გზა, მაგრამ, პარალელურად, ეტაპობრივად, მასში ცვლილებები განხორციელდება, რაც მეტი შესაძლებლობების გაჩენას გულისხმობს. 2020 წლიდან შემოვა ახალი რეგულაციები, რომლებიც მაქსიმალურად შეამცირებს ბიუროკრატიულ ელემენტებს სქემაში, ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც უახლოეს დღეებში განხორციელდება, შეეხება მასწავლებლების თვითშეფასების კითხვარის არასავალდებულოდ გამოცხადება,“ - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ „ქრონიკაში“ ​საუბრისას .


შეიძლება დაინტერესდეთ

„უპრეცედენტო პროექტს ვიწყებთ“ - მიხეილ ბატიაშვილი

„უპრეცედენტო პროექტს ვიწყებთ“ - მიხეილ ბატიაშვილი

„დღეს ვიწყებთ უპრეცედენტო პროექტს, რომელიც გულისხმობს ტექნოლოგიების სფეროში 3000 ახალგაზრდის გადამზადებას,  - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პროექტში ჩართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ ახალგაზრდას შეეძლება, გადამზადების შემდეგ კი ისინი მაღალანაზღაურებად სამსახურებში დასაქმდებიან.

„დღეს ვიწყებთ უპრეცედენტო პროექტს, რომელიც გულისხმობს ტექნოლოგიების სფეროში 3000 ახალგაზრდის გადამზადებას. ამ პროექტის მხარდამჭერია და რესურსებით უზრუნველყოფა ხდება მსოფლიო ბანკის მხრიდან. 3000 ახალგაზრდას მიეცემა შესაძლებლობა ტექნოლოგიების სფეროში სხვადასხვა მიმართულებით დასაქმდნენ, ეს არის მონაცემთა ბაზები, პროგრამირება, ბლოკჩეინი და ა.შ. შემოდგომიდან დაიწყება ის საერთაშორისო პროგრამები, რომლის მიხედვითაც ისინი გაივლიან საერთაშორისო პროგრამებს და მიეცემათ საერთაშორისო სერთიფიკატი, რაც მოგვცემს საქართველოში ყველაზე მასშტაბური პროექტის დაწყების საშუალებას, რაც გულისხმობს ტექნოლოგიების სფეროში ახალგაზრდების ჩართულობას და მაღალანაზღაურებად სხვადასხვა სამსახურებში დასაქმებას. დღეს გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი და შემოდგომიდან 3000 ახალგაზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეძლებს ამ პროგრამებში ჩართვას“ , - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

საერთაშორისო ტენდერი ICT - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს 3000 სპეციალისტის გადასამზადებლად დღეს გაიხსნა. ტენდერი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით და მისი მთლიანი ბიუჯეტი 7 მილიონ ლარს (2,5 მილიონ აშშ დოლარს) შეადგენს.

პროგრამის ფარგლებში, 2019 წლის შემოდგომიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა გაიაროს უფასო კურსი პროგრამირების, მონაცემთა ბაზების, კიბერუსაფთხოების, ქსელების, პროექტ-მენეჯმენტის, დიზაინის, ბლოკჩეინისა და სხვა მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით, ასევე მოიპოვოს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული სერთიფიკატი. შედეგად - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს მოქმედი 3000 ადგილობრივი სპეციალისტი გაივლის მაღალკვალიფიცირებულ სწავლებას, რაც მიზნად ისახავს ICT სექტორის გაძლიერებას საქართველოში და სერვისების ექსპორტის ხელშეწყობას.

წაიკითხეთ სრულად