„ბავშვს დაბადებიდან დაჰყვება მადა, რომელიც მისი განვითარებისთვის სრულიად საკმარისია“ - მოზარდებში არადაბალანსებული კვების თემაზე ექიმი ნანა საპანაძე საუბრობს
მოზარდი შვილების უჭმელობის საკითხი არაერთი მშობლისთვის ნაცნობი და პრობლემურია. რას იწვევს არადაბალანსებული კვება, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რა რაოდენობის და რა სახეობის პროდუქტები უნდა მიიღოს მოზარდმა? - ამ და სხვა თემებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე.
- ქალბატონო ნანა, მშობლებისთვის დიდი პრობლემაა მოზარდი შვილების უჭმელობის საკითხი. არიან ბავშვები, რომლებიც, ფაქტობრივად, არ იკვებებიან, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს მშობელი?
- ჩვილი ბავშვების უმადობასთან დაკავშირებით უკვე გესაუბრეთ, როგორც აღმოჩნდა, მშობლებისთვის არანაკლები პრობლემაა მოზარდი შვილების უჭმელობის საკითხი. მათი გადმოცემით, ბავშვი, ფაქტობრივად, არ იკვებება და თუ როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, ამ შემთხვევაში, მისთვის დილემას წარმოადგენს.
თავდაპირველად შევჩერდეთ უმადობის მიზეზებზე, რაც ძირითადად, ერთნაირია. კერძოდ:
მოზარდი დაკავებულია თავისი „საქმით“, (თამაშობს კომპიუტერთან, უყურებს მისთვის საინტერესო ფილმს, და ა.შ.) იღვიძებს გვიან, ვერ ასწრებს მოშიებას, ან რაიმე მიზეზის გამო ძალიან აგზნებულია იმისთვის, რომ დრო დაუთმოს კვებას;
არარაციონალური კვებათაშორისი წახემსება. მოზარდი იღებს რთულად მოსანელებელ და ზედმეტად კალორიულ საკვებს, (ნამცხვარი, შოკოლადი, სწრაფი კვების პროდუქტები) ნაცვლად ჯანსაღი წასახემსებელი პროდუქტებისა (ხილი, ბოსტნეული), ე.წ. შეუმჩნეველი კვება, მოზარდი იკვებება ტელევიზორის ყურებისას, კომპიუტერთან თამაშისას წასახემსებელი საკვებით, შესაბამისად, საკვების მიღების დროს მას უკვე აღარ შია;
ბავშვი არ ჭამს ავადმყოფობისას. მადის დაქვეითება ამ დროს ხშირია, მშობლებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ბავშვის ორგანიზმის სითხეებით უზრუნველყოფაზე და არა ძალით კვებაზე.
- მშობლები ხშირად ამბობენ, რომ მათ შვილს რამდენიმე სახეობის საკვები პროდუქტის გარდა, არაფერი აქვს გასინჯული. რამდენად ნორმალურია ეს მოზარდობის პერიოდში?
- ზოგადად, ბავშვებს შერჩევითი მადა აქვთ. ეს ძირითადად ასახავს გარკვეულ პროდუქტებზე ორგანიზმის მოთხოვნილებას. ჩვილობის ასაკში, განსაკუთრებით, სიცოცხლის პირველ წელს ეს ნორმალურია, თუმცა შემდგომ პერიოდში შერჩევითი მადა შეიძლება უკვე ჩამოყალიბებული ჩვევის შედეგი იყოს და რაც უფრო მეტად შევუწყობთ ხელს, მით უფრო გაღრმავდება.
- როდესაც ბავშვი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი სახეობის საკვებს ჭამს, არ აქვს გასინჯული ხილის და ბოსტნეულის ძირითადი ნაწილი, რა პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ამან მოზარდებში?
- დაბალანსებული და ჯანსაღი საკვები ბავშვის ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინების, მინერალებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების მთავარი წყაროა. თუ საკვები რაციონი ღარიბია ვიტამინებით და მინერალებით, შესაძლებელია, განვითარდეს ჰიპო და ავიტამინოზი, და შედეგად გამოიწვიოს: საერთო სისუსტე, მოთენთილობა, ყურადღების კონცენტრაციის გაუარესება, ზოგჯერ ადვილად გაღიზიანება, ცალკეულ შემთხვევებში აგრესიული განწყობაც კი, ასევე შეიძლება განვითარდეს კბილების კარიესი, ანემია, კანის სიმშრალე, ყაბზობა, სხეულის მასის არაჯანსაღი ცვლილებები (ძალიან მცირე, ან პირიქით, ჭარბი წონა), ასევე სიმაღლეში ზრდის შეფერხება.
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასეთ შემთხვევაში?
- თავდაპირველად უნდა დავადგინოთ, ხომ არ არის უმადობის მიზეზი რაიმე პათოლოგიური პროცესი, მაგალითად, მწვავე ინფექციები (ვირუსული, ბაქტერიული), ჰელმინთოზი, ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგია, რადგანაც როგორც ადრე გესაუბრეთ, ცენტრალური ნერვული სისტემა შიმშილისა და დანაყრების შეგრძნებათა მთავარი მარეგულირებელია, მონაწილეობს გასტრონომიული გემოვნების ჩამოყალიბებაში, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას, მონელებისთვის საჭირო ნივთიერებების გამოყოფას. როცა მისი ფუნქცია დარღვეულია, ბავშვი მადას კარგავს. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია სპეციალისტის ჩარევა, რათა უმადობის ობიექტური მიზეზი აღმოიფხრას
დანარჩენ შემთხვევებში:
უპირველეს ყოვლისა, უნდა გადახედოთ ბავშვის კვების რეჟიმს. რამდენად ხშირად იღებს იგი კვებათა შორის „სასუსნავებს“? ტკბილეულის ორცხობილების, შოკოლადის სახით, ცომეული ე.წ. მარილიანი ჩხირები, კრეკერები, თხილი, მიწის თხილი, ეს თითქოს უწყინარი ჩვევა ამცირებს კუჭის წვენის სეკრეციას, და ხელს უწყობს უმადობას. ნუ შექმნით ოჯახში დაძაბულ სიტუაციას, ბავშვის უმადობის გამო, არ კვებოთ ბავშვი ძალით, ეს უარყოფით ემოციასა და შესაბამისად, მადის დაქვეითებას იწვევს.
ორგანიზმი ჯანსაღი საკვების მცირე ულუფასაც კი სრულფასოვნად ითვისებს. ნუ შეავსებთ თეფშს „ნორმირებული“ საკვებით. მოთხოვნილება საკვებზე ინდივიდუალურია.
- რა რაოდენობის და რამდენნაირი სახეობის ბოსტნეული, ხილი უნდა მიიღოს მოზარდმა?
- ეს არის ჯანსაღი კვების პირამიდა, რომელიც 1992 წელს ჰარვარდის ჯანმრთელობის ცენტრში შეიმუშავეს, მრავალ ქვეყანაშია მიღებული. პროდუქტები, რომლიებც პირამიდის ფუძეშია, უფრო ხშირად უნდა იყოს გამოყენებული დღის განმავლობაში, ხოლო პროდუქტები მწვერვალზე, უნდა შეიზღუდოს. კვების პირამიდის პროდუქტები იყოფა ექვს ძირითად ჯგუფად: პროდუქტების ყოველი ჯგუფიდან განსაზღვრული რაოდენობის ულუფების მოხმარებისას, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ დღის განმავლობაში თქვენ უზრუნველყავით ორგანიზმი ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერებებით.
თითქმის ყველა სახის ხილი და ბოსტნეული ითვლება დღიურ პორციად, ამით რეკომენდებული შედეგის მიღწევა უფრო მარტივი ხდება, ვიდრე თქვენ გგონიათ.
არ არის აუცილებელი, რომ ხილი და ბოსტნეული იყოს ცოცხალი, რათა პორციად ჩაითვალოს. ასევე არ არის აუცილებელი მათი ცალკე მირთმევა, ხილი და ბოსტნეული შეიძლება ნებისმიერი კერძის მეშვეობით მივიღოთ.
ხილის ან ბოსტნეულის ერთ ულუფაში იგულისხმება, დაახლოებით, ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:
ერთი დიდი ზომის ხილი, მაგალითად, ვაშლი, მსხალი, ბანანი, ფორთოხალი, ნესვის მოზრდილი ნაჭერი;
ორი მცირე ზომის ხილი, მაგალითად, ქლიავი, კივი, მანდარინი და ა.შ. ერთი ჭიქა მცირე ხილისა, როგორებიცაა: ყურძენი, მარწყვი, ჟოლო, ბალი, ალუბალი და ა.შ;
ერთი სუფრის კოვზი გამომშრალი ხილი. ერთი ჭიქა (150 მლ.) გამოწურული წვენი;
დაახლოებით სამი სუფრის კოვზი ბოსტნეული;
სახამებლიანი საკვები უნდა შეადგენდეს კვების რაციონის მესამედ ნაწილს.
ეცადეთ, მოზარდს შეძლებისდაგვარად შესთავაზოთ მთლიანი და გაუცრელი, გაღვივებული, ან დაღერღილი ხორბლის ან ჭვავის ფქვილისგან გამომცხვარი პური, თუნდაც მათგან დამზადებული მაკარონი. ასევე, ამ ჯგუფის შესანიშნავი წარმომადგენელია კარტოფილი.
ხორცი, თევზი, კვერცხი და პარკოვანი კულტურები - ცილების შემცველი საკვები. ყველა ეს პროდუქტი საკმაოდ კარგი წყაროა ცილების მისაღებად, რაც მოზარდის ორგანიზმს სჭირდება ზრდისა და რეგენერაციისთვის. ეს პროდუქტები ასევე გვევლინება გარკვეული ვიტამინების და მინერალების წყაროდ. რძესა და რძის პროდუქტებში მოიაზრება მხოლოდ ხაჭო, მაწონი, ყველი და რძე, ანუ შედარებით ნაკლებცხიმიანი პროდუქტები, ხოლო ნაღები, არაჟანი და კარაქი შეყვანილია შემდეგ ჯგუფში. რძე და რძის პროდუქტები ხასიათდება ცილების საკმაოდ კარგი შემცველობით, ასევე მდიდარია კალციუმით, რაც აუცილებელია ძვლების და კბილების ჯანმრთელობისთვის. ცხიმები და შაქარი ორგანიზმის ენერგიის წყაროა, რაც აუცილებელია მოზარდისთვის, მაგრამ მათმა ჭარბად და არარაციონალურად მიღებამ შესაძლებელია, წონის დარღვევები გამოიწვიოს.
ნაჯერი ცხიმები გვხვდება ყველში, ძეხვეულში, ხორცის პროდუქტებში, კარაქში. უჯერი ცხიმების წყაროა: თევზის ქონი, თხილი, კაკალი, მზესუმზირა, ავოკადო, ზეითუნი და სხვადასხვა მცენარეული ზეთი. ტრანსცხიმები დაბალი შემცველობით გვხვდება ბუნებრივად ზოგიერთ საჭმელში, როგორებიცაა ცხოველური საკვები (ხორცისა და რძის პროდუქტების ჩათვლით) და ასევე შესაძლოა შეგვხვდეს ჰიდროგენიზებულ მცენარეულ ცხიმებშიც.
შაქარი ბუნებრივად გვხვდება ხილსა და რძეში. მიუხედავად იმისა, რომ შაქრის დიდი რაოდენობით მიღება არ არის სასურველი და აუცილებლად უნდა შევამციროთ ჩვენს რაციონში, ეს რჩევა არ ეხება ბუნებრივად შაქრის შემცველი პროდუქტების მიღებას. უნდა შევამციროთ ხელოვნურად დამატებული შაქრის შემცველი პროდუქტების მიღება, კერძოდ კი ტკბილი გაზიანი სასმელების (ლიმონათის, კოკა-კოლას…), ნამცხვრების, ბისკვიტების, შოკოლადის, ნაყინის, მურაბების და ა.შ.
კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ყოველ ბავშვს დაბადებიდან დაჰყვება მადა, რომელიც მისი განვითარებისთვის სრულიად საკმარისია. კვების რაციონის სწორი ორგანიზებით, თქვენ ძალიან კარგად შეძლებთ სრულყოფილად უზრუნველყოთ თქვენი მოზარდი განვითარებისთვის აუცილებელი ნივთიერებებით, მთავარია თქვენი ძალისხმევა და საკითხისადმი მშვიდი, გაწონასწორებული მიდგომა. მაგრამ მიუხედავად მცდელობისა, თუ მადა ვერ დავუბრუნეთ, შეგვიძლია, მადის სტიმულატორები და ვიტამინების კომპლექსი გამოვიყენოთ. ასეთი პრეპარატები ურეცეპტოდ გაიცემა, მაგრამ თვითნებურად მაინც ნუ მისცემთ ბავშვს, უმჯობესია, მედიკამენტები ექიმთან შეთანხმებით მისცეთ.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ახალშობილის მოვლასთან დაკავშირებით MomsEdu.ge-ს ექიმი-ნეონატოლოგი თინათინ ქურდაძე ესაუბრა.
მისი თქმით, მშობლები აუცილებლად წინასწარ უნდა მოემზადონ ბავშვის დაბადებისთვის. განსაკუთრებით რთულია ე.წ. ადაპტაციის პერიოდი. დედას სჭირდება გარკვეული დრო, რომ მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა ნორმას დაუბრუნდეს.
- როგორ უნდა ეძინოს ახალშობილს?
- ახალშობილები დროის უდიდეს ნაწილს ძილში ატარებენ, ამიტომ მნიშვნელოვანია პატარას ჰქონდეს ცალკე სივრცე ძილისთვის.
გაითვალისიწინეთ, რომ მშობლებისა და ახალშობილის ღამით ერთად ძილი რეკომენდებული არ არის.
ახალშობილს უნდა ეძინოს საკუთარ საწოლში, ნახევრად მყარ მატრასზე. არ ვიყენებთ ბალიშს, ზეწარი უნდა იყოს რეზინის ბოლოებით, რათა კარგად გადაიჭიმოს ლეიბზე და ახალშობილს მოძრაობისას არ შეექმნას დისკომფორტი. ვაძინებთ საძილე ტომრით, საწოლის გარშემო არ უნდა იყოს ე.წ. ,,ბამპერები" (საწოლის შიდა მხარეს დასამაგრებელი რბილი დამცავები). საწოლში პატარას არ უნდა ჰქონდეს ფუმფულა სათამაშოები, რადგან ახალშობილს ძილის დროს ჰაერი უნდა მიეწოდებოდეს თავისუფლად. (SIDS-ის პრევენცია) ოთახში უნდა ვაკონტროლოთ ჰაერის ტემპერატურა, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ 18-20 გრადუსი ცელსიუსის ფარგლებში. ვინარჩუნებთ უფრო მეტად სიგრილეს SIDS-ის თავიდან აცილების მიზნით (Sudden infant death syndrome - ახალშობილის უეცარი სიკვდილი), ასევე, საყურადღებოა ჰაერის ტენიანობა. ყოველივე ამას ვარეგულირებთ სეზონის მიხედვით.
ბავშვის ოთახი თავისუფალი უნდა იყოს ხალიჩების, წიგნებისა და სხვა ალერგენებისგან. ხშირად უნდა მოხდეს ახალშობილის ოთახის განიავება და სველი წესით დალაგება.
- როგორ უნდა ჩავაცვათ ახალშობილს?
- ახალშობილის ორგანოთა სისტემები ჯერ კიდევ არის მომწიფების ფაზაში და არ არის განვითარებული თერმორეგულაცია. შესაბამისად, არსებობს ახალშობილის გადახურების ან გადაციების საფრთხე.
უნდა ვაკონტროლოთ ახალშობილის სხეულის ტემპერატურა, იზომება ანალურად. ახალშობილობის პერიოდში ნორმად ითვლება 36.5 -37,5 ცელსიუს გრადუსამდე. ახალშობილს უნდა ჩავაცვათ ზომიერად, ბუნებრივი ქსოვილის ტანსაცმელი, სეზონის შესაბამისად.
- რეკომენდირებულია თუ არა ახალშობილის გასეირნება?
- ახალშობილის გასეირნება შეიძლება და აუცილებელიცაა სამშობიაროდან გაყვანიდან მესამე-მეოთხე დღეს. სასურველია, დილის საათებში (10-11 საათამდე), როდესაც ჰაერი განსაკუთრებით სუფთაა. არ არის შეზღუდული სეირნობის დრო (მხოლოდ ძლიერი ყინვისას) საწყის ეტაპზე ვიწყებთ 30 წუთით და ყოველდღიურად ვზრდით დროს, შესაძლებლობების მიხედვით.
პატარას ვასეირნებთ სპეციალურად მოწყობილ პარკებსა და სკვერებში. ახალშობილის სეირნობა რეკომენდებულია ყველანაირი ამინდის პირობებში, გარდა ქარისა.
- როდის უნდა დავბანოთ ახალშობილი?
- ახალშობილისთვის დაბანა ძალიან სასიამოვნო პროცესია, თუმცა წყალთან პირველი კონტაქტი ზოგისთვის შეიძლება არაკომფორტული იყოს და იტიროს. დაბანა არ არის რეკომენდებული ჭიპლარის მოცილებამდე, ინფიცირების რისკის გამო. ვბანთ ყოველ დღე, ჭამამდე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ, თბილ წყალში, აბაზანის სახით. კვირაში ერთხელ საბავშვო გელით და შამპუნით (ყოველდღიური მოხმარება აშრობს კანს). არა არის რეკომენდებული სუნიანი და ქაფიანი დასაბანი საშუალებები.
ბანაობისას წყალი უნდა ფარავდეს ახალშობილის ბეჭებს. მშობელს ერთი ხელით უნდა ეჭიროს ბავშვის თავი და მხრები, მეორე ხელით სხეული ჩამობანოს ნაზად.
წყალი არ უნდა იყოს გადადუღებული ან სტერილური. ტემპერატურა უნდა მერყეობდეს 37-38 ცელსიუს გრადუსამდე. აუცილებელია, რომ ნაკლებად გამოვიყენოთ ე.წ. სველი ხელსახოცები, გოგონებს ვბანთ წინიდან უკან მიმართულებით, ბიჭუნებს პირიქით. ჩაბანის ტექნიკა მნიშვნელოვანია ინფექციის განვითარების პრევენციისთვის. უსაფრთხოების მიზნით, საბავშვო აბაზანა უნდა იდგას მყარ ზედაპირზე და ბავშვი არასდროს უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ.
- როგორ უნდა მოვუაროთ ახალშობილის კანს?
- ჩვეულებრივ შემთხვევაში ახალშობილის კანს სპეციალური კოსმეტიკური საშუალებები არ სჭირდება. თუ კანი არ არის გამომშრალი, ყოველდღიურად დამატენიანებელი კრემების გამოყენება რეკომენდებული არ არის.
მნიშვნელოვანია, რომ ბანაობის შემდეგ ახალშობილი გავამშრალოთ კარგად, განსაკუთრებით კანის ნაკეცებში. კანის სიწითლის ან დაზიანების შემთხვევაში, არ ვიყენეთ სპირტს და პუდრას. ვიყენებთ მხოლოდ სპეციალურ საცხს, იქნება ეს საფენის ქვეშ თუ კანის ნაკეცები.
- როგორ უნდა მოვუაროთ ახალშობილის ყურს, ცხვირს და თვალებს?
- ყოველი აბაზანის შემდეგ, ახალშობილს ყურები და ცხვირი უნდა გავუმშრალოთ გარედან, სუფთა პირსახოცით. შეგვიძლია აღნიშნული არეები ზედაპირულად გავწმინდოთ სპეციალური, საბავშვო ბამბის ჩხირით.
თვალებუდის არეებს ყოველდღიური დამუშავება არ სჭირდება, უნდა გამშრალდეს ჩვეულებრივ. საჭიროების შემთხვევაში, თუ ატყობთ მცირე გამონადენს/სეკრეტს, ბამბის დისკს ვასველებთ სუფთა, გაგრილებულ-გადადუღებულ წყალში ან ფიზიოლოგიურ ხსნარში და ნაზად, ზედაპირულად ვწმენდთ თვალბუდის არეს, ცხვირის შიდა კუთხიდან - გარეთ მიმართულებით. ახალშობილის საცრემლე არხის დაინფიცირება მარტივად ხდება და დამუშავების ტექნიკას დიდი მნიშნელობა აქვს.
არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ერთი ბამბის დისკი ორივე თვალზე. თუ თვალის გარშემო ატყობთ სიწითლეს, შეშუპებას, უხვი რაოდენობით გამონადენს და ქუთუთოები დაწებებულია, მიმართავთ პედიატრს/ნეონატოლოგს.
- როგორ უნდა მოვუაროთ ახალშობილის ჭიპლარს?
- ახალშობილის ჭიპლარის ტაკვს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. ვიდრე ტაკვი მომჭერშია ან არაა შეხორცებული, არ უნდა მოვაქციოთ პამპერსში, საფენი უნდა შევკრათ ჭიპის ქვემოთ, რათა არ მოხდეს დაინფიცირება. დაბანის დროს, არ არის რეკომენდებული ჭიპის ტაკვის შეხვევა ან რაიმეს დაკვრა, ვამშრალებთ ჩვეულებრივ. არ საჭიროებს ყოველდღიურად დამუშავებას სპეციალური ანტისეპტიკური ხსნარებით. ჭიპლარის ტაკვის გასუფთავების მიზნით უნდა გამოვიყენოთ უალკოჰოლო ხსნარები.
- როდის უნდა მოცილდეს ახალშობილს ჭიპლარი?
- ჭიპლარის მუმიფიცირების და მოცილების დრო ინდივიდუალურია. ჩვეულებრივ შემთხვევაში, პროცესი, დაახლოებით, გრძელდება 4 დღიდან 10 დღემდე. ჭრილობა ხორცდება 4 კვირამდე.
- რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს?
- სანამ ჭრილობა ღიაა, ჭიპლარის ტაკვიდან შეიძლება მოხდეს ინფიცირება და განვითარდეს ადგილობრივი ან სისტემური ინფექციური პროცესი.
- რა საშუალებები შეიძლება გამოვიყენოთ ჭიპლარის სწორად მოვლისთვის?
- ახალშობილის ჭიპლარი სპეციალურ მოვლის საშუალებებს არ საჭიროებს. გასუფთავებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ოქტენისეპტის უალკოჰოლო ხსნარი, ანფიზიოლოგიური ხსნარი. აღარაა რეკომენდებული ფერადი ანტისეპტიკური საშუალებების (ბეტადინის ხსნარი ან ბრილიანტის მწვანე), სპირტის (არც 70%-იანი), ქლორჰექსიდინის გამოყენება. დასაშვებია მხოლოდ საჭიროებისას, ექიმის დანიშნულებით.
- რა ნიშნების შემთხვევაში უნდა მივმართოდ პედიატრს?
- თუ ჭიპლარის ტაკვის გარშემო ატყობთ სიწითლეს ან სისველეს და სუნიან გამონადენს აუცილებლად უნდა მიმართოთ ნეონატოლოგს/პედიატრს.