„ბავშვს დაბადებიდან დაჰყვება მადა, რომელიც მისი განვითარებისთვის სრულიად საკმარისია“ - მოზარდებში არადაბალანსებული კვების თემაზე ექიმი ნანა საპანაძე საუბრობს
მოზარდი შვილების უჭმელობის საკითხი არაერთი მშობლისთვის ნაცნობი და პრობლემურია. რას იწვევს არადაბალანსებული კვება, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რა რაოდენობის და რა სახეობის პროდუქტები უნდა მიიღოს მოზარდმა? - ამ და სხვა თემებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე.
- ქალბატონო ნანა, მშობლებისთვის დიდი პრობლემაა მოზარდი შვილების უჭმელობის საკითხი. არიან ბავშვები, რომლებიც, ფაქტობრივად, არ იკვებებიან, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს მშობელი?
- ჩვილი ბავშვების უმადობასთან დაკავშირებით უკვე გესაუბრეთ, როგორც აღმოჩნდა, მშობლებისთვის არანაკლები პრობლემაა მოზარდი შვილების უჭმელობის საკითხი. მათი გადმოცემით, ბავშვი, ფაქტობრივად, არ იკვებება და თუ როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, ამ შემთხვევაში, მისთვის დილემას წარმოადგენს.
თავდაპირველად შევჩერდეთ უმადობის მიზეზებზე, რაც ძირითადად, ერთნაირია. კერძოდ:
მოზარდი დაკავებულია თავისი „საქმით“, (თამაშობს კომპიუტერთან, უყურებს მისთვის საინტერესო ფილმს, და ა.შ.) იღვიძებს გვიან, ვერ ასწრებს მოშიებას, ან რაიმე მიზეზის გამო ძალიან აგზნებულია იმისთვის, რომ დრო დაუთმოს კვებას;
არარაციონალური კვებათაშორისი წახემსება. მოზარდი იღებს რთულად მოსანელებელ და ზედმეტად კალორიულ საკვებს, (ნამცხვარი, შოკოლადი, სწრაფი კვების პროდუქტები) ნაცვლად ჯანსაღი წასახემსებელი პროდუქტებისა (ხილი, ბოსტნეული), ე.წ. შეუმჩნეველი კვება, მოზარდი იკვებება ტელევიზორის ყურებისას, კომპიუტერთან თამაშისას წასახემსებელი საკვებით, შესაბამისად, საკვების მიღების დროს მას უკვე აღარ შია;
ბავშვი არ ჭამს ავადმყოფობისას. მადის დაქვეითება ამ დროს ხშირია, მშობლებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ბავშვის ორგანიზმის სითხეებით უზრუნველყოფაზე და არა ძალით კვებაზე.
- მშობლები ხშირად ამბობენ, რომ მათ შვილს რამდენიმე სახეობის საკვები პროდუქტის გარდა, არაფერი აქვს გასინჯული. რამდენად ნორმალურია ეს მოზარდობის პერიოდში?
- ზოგადად, ბავშვებს შერჩევითი მადა აქვთ. ეს ძირითადად ასახავს გარკვეულ პროდუქტებზე ორგანიზმის მოთხოვნილებას. ჩვილობის ასაკში, განსაკუთრებით, სიცოცხლის პირველ წელს ეს ნორმალურია, თუმცა შემდგომ პერიოდში შერჩევითი მადა შეიძლება უკვე ჩამოყალიბებული ჩვევის შედეგი იყოს და რაც უფრო მეტად შევუწყობთ ხელს, მით უფრო გაღრმავდება.
- როდესაც ბავშვი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი სახეობის საკვებს ჭამს, არ აქვს გასინჯული ხილის და ბოსტნეულის ძირითადი ნაწილი, რა პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ამან მოზარდებში?
- დაბალანსებული და ჯანსაღი საკვები ბავშვის ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინების, მინერალებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების მთავარი წყაროა. თუ საკვები რაციონი ღარიბია ვიტამინებით და მინერალებით, შესაძლებელია, განვითარდეს ჰიპო და ავიტამინოზი, და შედეგად გამოიწვიოს: საერთო სისუსტე, მოთენთილობა, ყურადღების კონცენტრაციის გაუარესება, ზოგჯერ ადვილად გაღიზიანება, ცალკეულ შემთხვევებში აგრესიული განწყობაც კი, ასევე შეიძლება განვითარდეს კბილების კარიესი, ანემია, კანის სიმშრალე, ყაბზობა, სხეულის მასის არაჯანსაღი ცვლილებები (ძალიან მცირე, ან პირიქით, ჭარბი წონა), ასევე სიმაღლეში ზრდის შეფერხება.
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასეთ შემთხვევაში?
- თავდაპირველად უნდა დავადგინოთ, ხომ არ არის უმადობის მიზეზი რაიმე პათოლოგიური პროცესი, მაგალითად, მწვავე ინფექციები (ვირუსული, ბაქტერიული), ჰელმინთოზი, ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგია, რადგანაც როგორც ადრე გესაუბრეთ, ცენტრალური ნერვული სისტემა შიმშილისა და დანაყრების შეგრძნებათა მთავარი მარეგულირებელია, მონაწილეობს გასტრონომიული გემოვნების ჩამოყალიბებაში, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას, მონელებისთვის საჭირო ნივთიერებების გამოყოფას. როცა მისი ფუნქცია დარღვეულია, ბავშვი მადას კარგავს. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია სპეციალისტის ჩარევა, რათა უმადობის ობიექტური მიზეზი აღმოიფხრას
დანარჩენ შემთხვევებში:
უპირველეს ყოვლისა, უნდა გადახედოთ ბავშვის კვების რეჟიმს. რამდენად ხშირად იღებს იგი კვებათა შორის „სასუსნავებს“? ტკბილეულის ორცხობილების, შოკოლადის სახით, ცომეული ე.წ. მარილიანი ჩხირები, კრეკერები, თხილი, მიწის თხილი, ეს თითქოს უწყინარი ჩვევა ამცირებს კუჭის წვენის სეკრეციას, და ხელს უწყობს უმადობას. ნუ შექმნით ოჯახში დაძაბულ სიტუაციას, ბავშვის უმადობის გამო, არ კვებოთ ბავშვი ძალით, ეს უარყოფით ემოციასა და შესაბამისად, მადის დაქვეითებას იწვევს.
ორგანიზმი ჯანსაღი საკვების მცირე ულუფასაც კი სრულფასოვნად ითვისებს. ნუ შეავსებთ თეფშს „ნორმირებული“ საკვებით. მოთხოვნილება საკვებზე ინდივიდუალურია.
- რა რაოდენობის და რამდენნაირი სახეობის ბოსტნეული, ხილი უნდა მიიღოს მოზარდმა?
- ეს არის ჯანსაღი კვების პირამიდა, რომელიც 1992 წელს ჰარვარდის ჯანმრთელობის ცენტრში შეიმუშავეს, მრავალ ქვეყანაშია მიღებული. პროდუქტები, რომლიებც პირამიდის ფუძეშია, უფრო ხშირად უნდა იყოს გამოყენებული დღის განმავლობაში, ხოლო პროდუქტები მწვერვალზე, უნდა შეიზღუდოს. კვების პირამიდის პროდუქტები იყოფა ექვს ძირითად ჯგუფად: პროდუქტების ყოველი ჯგუფიდან განსაზღვრული რაოდენობის ულუფების მოხმარებისას, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ დღის განმავლობაში თქვენ უზრუნველყავით ორგანიზმი ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერებებით.
თითქმის ყველა სახის ხილი და ბოსტნეული ითვლება დღიურ პორციად, ამით რეკომენდებული შედეგის მიღწევა უფრო მარტივი ხდება, ვიდრე თქვენ გგონიათ.
არ არის აუცილებელი, რომ ხილი და ბოსტნეული იყოს ცოცხალი, რათა პორციად ჩაითვალოს. ასევე არ არის აუცილებელი მათი ცალკე მირთმევა, ხილი და ბოსტნეული შეიძლება ნებისმიერი კერძის მეშვეობით მივიღოთ.
ხილის ან ბოსტნეულის ერთ ულუფაში იგულისხმება, დაახლოებით, ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:
ერთი დიდი ზომის ხილი, მაგალითად, ვაშლი, მსხალი, ბანანი, ფორთოხალი, ნესვის მოზრდილი ნაჭერი;
ორი მცირე ზომის ხილი, მაგალითად, ქლიავი, კივი, მანდარინი და ა.შ. ერთი ჭიქა მცირე ხილისა, როგორებიცაა: ყურძენი, მარწყვი, ჟოლო, ბალი, ალუბალი და ა.შ;
ერთი სუფრის კოვზი გამომშრალი ხილი. ერთი ჭიქა (150 მლ.) გამოწურული წვენი;
დაახლოებით სამი სუფრის კოვზი ბოსტნეული;
სახამებლიანი საკვები უნდა შეადგენდეს კვების რაციონის მესამედ ნაწილს.
ეცადეთ, მოზარდს შეძლებისდაგვარად შესთავაზოთ მთლიანი და გაუცრელი, გაღვივებული, ან დაღერღილი ხორბლის ან ჭვავის ფქვილისგან გამომცხვარი პური, თუნდაც მათგან დამზადებული მაკარონი. ასევე, ამ ჯგუფის შესანიშნავი წარმომადგენელია კარტოფილი.
ხორცი, თევზი, კვერცხი და პარკოვანი კულტურები - ცილების შემცველი საკვები. ყველა ეს პროდუქტი საკმაოდ კარგი წყაროა ცილების მისაღებად, რაც მოზარდის ორგანიზმს სჭირდება ზრდისა და რეგენერაციისთვის. ეს პროდუქტები ასევე გვევლინება გარკვეული ვიტამინების და მინერალების წყაროდ. რძესა და რძის პროდუქტებში მოიაზრება მხოლოდ ხაჭო, მაწონი, ყველი და რძე, ანუ შედარებით ნაკლებცხიმიანი პროდუქტები, ხოლო ნაღები, არაჟანი და კარაქი შეყვანილია შემდეგ ჯგუფში. რძე და რძის პროდუქტები ხასიათდება ცილების საკმაოდ კარგი შემცველობით, ასევე მდიდარია კალციუმით, რაც აუცილებელია ძვლების და კბილების ჯანმრთელობისთვის. ცხიმები და შაქარი ორგანიზმის ენერგიის წყაროა, რაც აუცილებელია მოზარდისთვის, მაგრამ მათმა ჭარბად და არარაციონალურად მიღებამ შესაძლებელია, წონის დარღვევები გამოიწვიოს.
ნაჯერი ცხიმები გვხვდება ყველში, ძეხვეულში, ხორცის პროდუქტებში, კარაქში. უჯერი ცხიმების წყაროა: თევზის ქონი, თხილი, კაკალი, მზესუმზირა, ავოკადო, ზეითუნი და სხვადასხვა მცენარეული ზეთი. ტრანსცხიმები დაბალი შემცველობით გვხვდება ბუნებრივად ზოგიერთ საჭმელში, როგორებიცაა ცხოველური საკვები (ხორცისა და რძის პროდუქტების ჩათვლით) და ასევე შესაძლოა შეგვხვდეს ჰიდროგენიზებულ მცენარეულ ცხიმებშიც.
შაქარი ბუნებრივად გვხვდება ხილსა და რძეში. მიუხედავად იმისა, რომ შაქრის დიდი რაოდენობით მიღება არ არის სასურველი და აუცილებლად უნდა შევამციროთ ჩვენს რაციონში, ეს რჩევა არ ეხება ბუნებრივად შაქრის შემცველი პროდუქტების მიღებას. უნდა შევამციროთ ხელოვნურად დამატებული შაქრის შემცველი პროდუქტების მიღება, კერძოდ კი ტკბილი გაზიანი სასმელების (ლიმონათის, კოკა-კოლას…), ნამცხვრების, ბისკვიტების, შოკოლადის, ნაყინის, მურაბების და ა.შ.
კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ყოველ ბავშვს დაბადებიდან დაჰყვება მადა, რომელიც მისი განვითარებისთვის სრულიად საკმარისია. კვების რაციონის სწორი ორგანიზებით, თქვენ ძალიან კარგად შეძლებთ სრულყოფილად უზრუნველყოთ თქვენი მოზარდი განვითარებისთვის აუცილებელი ნივთიერებებით, მთავარია თქვენი ძალისხმევა და საკითხისადმი მშვიდი, გაწონასწორებული მიდგომა. მაგრამ მიუხედავად მცდელობისა, თუ მადა ვერ დავუბრუნეთ, შეგვიძლია, მადის სტიმულატორები და ვიტამინების კომპლექსი გამოვიყენოთ. ასეთი პრეპარატები ურეცეპტოდ გაიცემა, მაგრამ თვითნებურად მაინც ნუ მისცემთ ბავშვს, უმჯობესია, მედიკამენტები ექიმთან შეთანხმებით მისცეთ.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ჩვენ გვაქვს ნახევრად შემდგარი და არშემდგარი ადამიანების არმია, რომელსაც ფანტასტიკური შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ეს არავინ არ იცის,“- თამარ გაგოშიძე
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ადეკვატური თვითშეფასებისა და თვითეფექტურობის ქონის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„ჩვენ ვუყურებთ ექსპერტებს, რომლებიც სინამდვილეში ექსპერტები არ არიან. ჩვენ ვუყურებთ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთ კომპეტენციებზე ძალიან დიდი წარმოდგენა აქვთ და სინამდვილეში ისინი დიდად ვერ ჩაითვლებიან კომპეტენტურებად. ასევე ვუყურებთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ეს შესაძლობები და ამას ვერ იყენებენ. ეს არის სწორედ დამახინჯებული თვითეფექტურობის შედეგი, რომლის გამოც მერე ჩვენი საზოგადოება ძალიან დიდ ფასს იხდის. ჩვენი საზოგადოება იხდის ძალიან დიდ ფასს. ეს არის დამახინჯებული ცხოვრებები, უკმაყოფილო ადამიანები.
„მე არავის არ ვუყვარვარ,“ - ამას ამბობს ის, ვისაც უკრიტიკოდ მაღალი თვითშეფასება აქვს და ისიც, ვისაც კრიტიკულად დაბალი თვითშეფასება აქვს. ასეთი ადამიანები არასდროს არ არიან კმაყოფილები. ეს არის მენტალური პრობლემა უკვე. ეს უკვე მერე არის ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხი. ყურადღება მშობლის, მასწავლებლის, მენტორის, მომავალი თაობის თვითეფექტურობის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანია. განვითარებაზე ორიენტირებული განწყობების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ძალიან ბევრ ადამიანს გარდატეხის ასაკში საკუთარი თავი არ მოსწონს. სხეული არ მოსწონს, არაფერი არ მოსწონს. ჩვენ ჩვენი რეპლიკებით კიდევ ვუმატებთ ამას. ვეუბნებით: „არაფერი შენ არ გაინტერესებს, არაფერი არ შეგიძლია.“ ჩვენ არ ვინტერესდებით, რა ინტერესი აქვთ ამ ადამიანებს. ხშირად მშობელი მეუბნება: „უი, ეს აინტერესებს?! მე არ ვიცოდი.“ მშობელმა არ იცის შვილის ინტერესები. ის თავისი ინტერესებით წარმართავს შვილის ინტერესებს. შეიძლება ბავშვს უნდა რამეზე სიარული. წავიყვანე ხატვაზე, ორ თვეში გამოვიდა, წავიყვანე ციგურაობაზე, ორ თვეში გამოვიდა. რატომ? მას არ სჯერა, რომ რამე გამოუვა. დაბრკოლებას შეეჯახა, ვიღაცამ შენიშვნა მისცა, არ მოეწონა ეს ბავშვს და გამოვიდა. თვითეფექტურობის ნაკლები სიმტკიცის გამო ეს მის შეფასებას პირდაპირ ურტყამს. მას არ უნდა, რომ იყოს ბოლო, შენიშვნების სამიზნე, არ უნდა აღიაროს, რომ პირველ ჯერზე შეიძლება არ გამოუვიდეს რაღაც და ძალისხმევა სჭირდება. ეს მას ბავშვობიდან არ ასწავლეს. ჩვენ გვაქვს ნახევრად შემდგარი და არშემდგარი ადამიანების არმია, რომელსაც აქვს ფანტასტიკური შესაძლებლობები, ძალიან კარგი რესურსები, მაგრამ ეს არავინ არ იცის მისი ჩათვლით,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.