რატომ არის სასარგებლო ბატატი პატარებისათვის? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„საიდან მოვიდა ბატატი?
ბატატი და ჩვეულებრივი კარტოფილი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან - ორივე მცენარის ბოლქვს წარმოადგენს, ორივეს სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაა, თუმცა ბოტანიკურად სრულიად განსხავავებული, სხვადასხვა სახეობის მცენარეებია.
ტკბილი კარტოფილი ევროპასა და აზიის ქვეყნებში სავარაუდოდ პერუდან გავრცელდა, სადაც ინკებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე დიდი ხნით ადრე მოჰყავდათ ბატატი. მე-16 საუკუნიდან კი ის ევროპასა და აზიაში გავრცელდა. ერთხანს იაპონელთა მთავარი საკვებიც გახდა, როცა ბრინჯის მცირე მოსავალი მიიღეს.
მთავარი განსხვავება ქიმიაშია
წვნიანი, სხვადასხვა ფერის რბილობის მქონე ტკბილი ბოსტნეულია. ნახშირწლების შემცველობით ის, რა თქმა უნდა, აჭარბებს ჩვეულებრივ კარტოფილს. თუმცა მოხარშული ბატატის გლიკემიური ინდექსი, ანუ სისხლში შაქრის დონეზე მისი ზემოქმედება, არ არის მაღალი. სამაგიეროდ, შემწვარი ბატატის გლიკემიური ინდექსი გაცილებით მაღალია.
ბატატში, ჩვეულებრივი კარტოფილისაგან განსხვავებით, დიდი რაოდენობითაა საკვები ბოჭკოები, რაც ყაბზობის დროს ეფექტურს ხდის მას. გარდა ამისა, ეს ბოჭკოები ხელს უწყობს ბავშვის ნაწლავებში ნორმალური ბაქტერიული ფლორის განვითარებას. განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა ბატატში ბეტა-კაროტინი, რომელიც ჩვეულებრივ კარტოფილში საერთოდაც არ არის. ბეტა-კაროტინი ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას, თვალის ფუნქციონირებას. სამაგიეროდ C ვიტამინის შემცველობა თითქმის 10-ჯერ აღემატება ბატატში მის რაოდენობას. ცილების რაოდენობითაც ჩვეულებრივი კარტოფილი ლიდერია.
B ჯგუფის ვიტამინების შემცველობის მიხედვით კარტოფილის ეს ორი სახეობა არ განსხავავდება.
ანტიოქსიდანტები, რომლებიც თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ეფექტისაგან იცავენ უჯრედებს, ბატატში უფრო მეტია, ხოლო სიმსივნის საწინააღმდეგო გლიკოალკალოიდები ჩვეულებრივ კარტოფილშია წარმოდგენილი.
რაც შეეხება მინერალებს, ჩვეულებრივი კარტოფილი კალიუმით უფრო მდიდარია, ვიდრე ბატატი, რკინა ოდნავ მეტია ბატატში, ხოლო კალციუმი ბატატში 2-ჯერ უფრო მეტია.
ბატატისა და სტაფილოს პიურე ქათმის ხორცით 7 თვიდან
შეარჩიეთ საღი კარტოფილი ლაქების და დარბილებული ადგილების გარეშე.
გასუფთავებული თითო სტაფილო და ბატატი დაჭერით, მოხარშეთ. დაუმატეთ ცალკე მოხარშული, ხორცსაკეპ მანქანაში გატარეული 50 გრამი ქათმის თეთრი ხორცი. დააბლენდერეთ და გაათხელეთ დედის რძით ან ხელოვნური ნარევით. დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.
P.S ეს კი თქვენთვის, ჩემო საყვარელო დედიკოებო და ბებიკოებო! ხომ გახსოვთ, რომ ყველა სასარგებლო პროდუქტს აუცილებლად მოეძებნება გამოყენება თქვენი სილამაზისათვის?!
აი, ბატატისაგან მომზადებული დამატენიანებელი ნიღბის რეცეპტი:
მოხარშული ბაბატისაგან მოამზადეთ პიურე (დაახლოებით 3 ჩაის კოვზი, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი კიტრის წვენი). მომზადებული მასა დაიდეთ სახეზე 15-20 წუთით. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.