Baby Bag

რატომ არის სასარგებლო ბატატი პატარებისათვის?

რატომ არის სასარგებლო ბატატი პატარებისათვის?

რატომ არის სასარგებლო ბატატი პატარებისათვის? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„საიდან მოვიდა ბატატი?

ბატატი და ჩვეულებრივი კარტოფილი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან - ორივე მცენარის ბოლქვს წარმოადგენს, ორივეს სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაა, თუმცა ბოტანიკურად სრულიად განსხავავებული, სხვადასხვა სახეობის მცენარეებია.

​ტკბილი კარტოფილი ევროპასა და აზიის ქვეყნებში სავარაუდოდ პერუდან გავრცელდა, სადაც ინკებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე დიდი ხნით ადრე მოჰყავდათ ბატატი. მე-16 საუკუნიდან კი ის ევროპასა და აზიაში გავრცელდა. ერთხანს იაპონელთა მთავარი საკვებიც გახდა, როცა ბრინჯის მცირე მოსავალი მიიღეს.

მთავარი განსხვავება ქიმიაშია

წვნიანი, სხვადასხვა ფერის რბილობის მქონე ტკბილი ბოსტნეულია. ნახშირწლების შემცველობით ის, რა თქმა უნდა, აჭარბებს ჩვეულებრივ კარტოფილს. თუმცა მოხარშული ბატატის გლიკემიური ინდექსი, ანუ სისხლში შაქრის დონეზე მისი ზემოქმედება, არ არის მაღალი. სამაგიეროდ, შემწვარი ბატატის გლიკემიური ინდექსი გაცილებით მაღალია.

​ბატატში, ჩვეულებრივი კარტოფილისაგან განსხვავებით, დიდი რაოდენობითაა საკვები ბოჭკოები, რაც ყაბზობის დროს ეფექტურს ხდის მას. გარდა ამისა, ეს ბოჭკოები ხელს უწყობს ბავშვის ნაწლავებში ნორმალური ბაქტერიული ფლორის განვითარებას. განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა ბატატში ბეტა-კაროტინი, რომელიც ჩვეულებრივ კარტოფილში საერთოდაც არ არის. ბეტა-კაროტინი ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას, თვალის ფუნქციონირებას. სამაგიეროდ C ვიტამინის შემცველობა თითქმის 10-ჯერ აღემატება ბატატში მის რაოდენობას. ცილების რაოდენობითაც ჩვეულებრივი კარტოფილი ლიდერია.

B ჯგუფის ვიტამინების შემცველობის მიხედვით კარტოფილის ეს ორი სახეობა არ განსხავავდება.
ანტიოქსიდანტები, რომლებიც თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ეფექტისაგან იცავენ უჯრედებს, ბატატში უფრო მეტია, ხოლო სიმსივნის საწინააღმდეგო გლიკოალკალოიდები ჩვეულებრივ კარტოფილშია წარმოდგენილი.
რაც შეეხება მინერალებს, ჩვეულებრივი კარტოფილი კალიუმით უფრო მდიდარია, ვიდრე ბატატი, რკინა ოდნავ მეტია ბატატში, ხოლო კალციუმი ბატატში 2-ჯერ უფრო მეტია.

ბატატისა და სტაფილოს პიურე ქათმის ხორცით 7 თვიდან

შეარჩიეთ საღი კარტოფილი ლაქების და დარბილებული ადგილების გარეშე.
გასუფთავებული თითო სტაფილო და ბატატი დაჭერით, მოხარშეთ. დაუმატეთ ცალკე მოხარშული, ხორცსაკეპ მანქანაში გატარეული 50 გრამი ქათმის თეთრი ხორცი. დააბლენდერეთ და გაათხელეთ დედის რძით ან ხელოვნური ნარევით. დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.

P.S ეს კი თქვენთვის, ჩემო საყვარელო დედიკოებო და ბებიკოებო! ხომ გახსოვთ, რომ ყველა სასარგებლო პროდუქტს აუცილებლად მოეძებნება გამოყენება თქვენი სილამაზისათვის?!

​აი, ბატატისაგან მომზადებული დამატენიანებელი ნიღბის რეცეპტი:

​მოხარშული ბაბატისაგან მოამზადეთ პიურე (დაახლოებით 3 ჩაის კოვზი, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი კიტრის წვენი). მომზადებული მასა დაიდეთ სახეზე 15-20 წუთით. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

​უნდა დავაძალოთ თუ არა ბავშვს თეფშის ბოლომდე მოსუფთავება და რა ზეგავლენას ახდენს ძალის დატანება მათ ფსიქიკაზე? - აქტუალურ თემაზე ფსიქოლოგი საუბრობს

​უნდა დავაძალოთ თუ არა ბავშვს თეფშის ბოლომდე მოსუფთავება და რა ზეგავლენას ახდენს ძალის დატანება მათ ფსიქიკაზე? - აქტუალურ თემაზე ფსიქოლოგი საუბრობს

უნდა დავაძალოთ თუ არა ბავშვს თეფშის ბოლომდე მოსუფთავება, რა ზეგავლენას ახდენს ძალის დატანება მათ ფსიქიკაზე და როგორ ავარიდოთ თავიდან ბავშვს ჭარბი წონის პრობლემა? - ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი მარინა ბოსტოღანაშვილი.

- ქალბატონო მარინა, მშობლები ხშირად ბავშვებს აძალებენ თეფშის მოსუფთავებას, რამდენად მიზანშეწონილია ეს?

- საკვები ორგანიზმისთვის ბუნებრივი მოთხოვნილებაა. შიმშლი და წყურვილი - თვითგადარჩენის ძირითადი ინსტინქტები. თუ შემთხვევით დაგავიწყდებათ ჩვილის კვება, ის შეგახსენებთ ხმამაღალი ტირილით და არ დამშვიდდება სანამ არ აჭმევთ, ბავშვმა უკეთ იცის, როდის და რამდენი უნდა ჭამოს.

გასაკვირია, რომ დედები, რომლებიც იყვნენ მომხრენი,  მიეცათ საკვები ბავშვისთვის მოთხოვნის შესაბამისად, დროთა განმავლობაში გადაიქცევიან ჯერ დედებად, რომლებიც სთხოვენ შვილს, „ერთი კოვზი დედიკოს (ბებიკოს, მამიკოს) ხათრით“ და შემდგომ იწყებენ ულტიმატუმებით საუბარს, მაგალითად, „სანამ არ შეჭამ, არ ადგები, არ ჩაგირთავ მულტფილმებს, არ მოგცემ ტკბილეულს, არ გიყიდი სათამაშოს“...

ბუნებრივ მადაზე გსმენიათ?

​საჭმლის მიღება, როცა არ ხარ მშიერი, ჭამის გაგრძელება, როცა უკვე დანაყრდი, მუდმივი მოთხოვნა, რომ ბავშვმა შეჭამოს ულუფა ბოლომდე, იწვევს იმას, რომ ამით პატარა წყვეტს ბუნებრივ კონტაქტს თავის სხეულთან, ვეღარ გრძნობს შია თუ დანაყრებულია.
უკვე ზრდასრულ ასაკში ის აღარ არის ორიენტირებული თავის მოთხოვნილებაზე (როცა მოდის შიმშილის შეგრძნება), ყურადღებას აქცევს გარე ფაქტორებს, ანუ ლანჩის დროს, ვახშამის დროს...
ახლა ალბათ შემეკითხებით, თუ როგორ მოვახდინოთ გავლენა ბავშვზე ისე, რომ საჭმელი ჭამოს, რადგან თუ არ დააძალეთ, მთელი დღე არც გაახსენდება. საწყის ეტაპზე მას გაუხარდება, რომ არავინ აძალებს ჭამას, მაგრამ ცოტა ხანში თვითგადარჩენის ინსტიქტები იჩენს თავს (შიმშილი და წყურვილი). მთავარია, ამ დროს სახლში არ გქონდეთ ტკბილეული, რადგან ამ შემთხვევაში ბავშვი ტკბილეულით დაიკმაყოფილებს შიმშილს.
- დაძალება ცუდ ზეგავლენას ახდენს თუ არა მათ ფსიქიკაზე?
- დაძალება ბავშვში იწვევს პროტესტის გრძნობას. ზოგი ღიად აპროტესტებს, ხოლო ზოგი „დამჯერი“ ბავშვი ხდება ჯიუტი, აგრესიული და მტირალა. ამ დროს შეიძლება, განვითარდეს ნევროზი, ასევე შეიძლება დაძალებისას, ბავშვს დაეწყოს ღებინება და ეს გახდეს რეაქცია საჭმლის დანახვაზე, ამის თავიდან მოცილება შეიძლება რთული იყოს. ნუ დაადგებით თავზე ბავშვს, როცა ჭამს, სჯობს, შორიდან დააკვირდეთ ხოლმე.
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ზრდასრულ ასაკში ზედმეტი ჭამის და ჭარბი წონის პრობლემები, ბავშვმა უნდა ისწავლოს საკვების იმ რაოდენობით მიღება, რამდენიც ორგანიზმს სჭირდება. ჯანმრთელმა სხეულმა თვითონ იცის, თუ როდის და რა რაოდენობით უნდა მიიღოს საკვები. ბავშვები არ არიან გამონაკლისები, თუ მოშივდათ, მოითხოვენ თვითონ. მშობლის მოვალეობაა, უზრუნველყოს ბავშვი ჯანსაღი საკვებით.
ფსიქოლოგები გამოყოფენ რამდენიმე ტიპურ დამოკიდებულებას, რომლებიც ყალიბდება მშობლების ქვეცნობიერში და უღვიძებენ სურვილს, გამოკვებონ თავიანთი პატარა ნებისმიერი ხერხებით, თუნდაც იძულებით.

  • პირველი არის ბავშვისადმი ისეთი დამოკიდებულება, როგორც არაგონივრული არსებისადმი. მშობელი ფიქრობს, რომ მან უკეთ იცის,  რამდენი, რა სიხშირით და რა უნდა ჭამოს ბავშვმა.
  • მეორე არის მოსაზრება, რომ ბავშვი თუ კარგად არ ჭამს, ეს ნიშნავს, რომ არ ემორჩილება მშობლის მოთხოვნებს და საწინააღმდეგოს აკეთებს.
  • მესამე ვარიანტია, რომ ბავშვი არ ჭამს, რაც მის ავად ყოფნაზე მიუთითებს. გარკვეული ლოგიკა არის ამაში, რადგან, როცა ბავშვი ცუდად არის, მადა დაქვეითებულია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ღირს პატარის ორგანიზმისთვის მოსმენა.
- კვებითი ქცევის დარღვევაზეც რომ ვისაუბროთ.
- კვებითი დარღვევების მქონე ადამიანებს აქვთ ქცევითი დარღვევები, ამასთანავე, აქვთ წონასთან, სხეულის ფორმასთან და საკვების მიღებასთან დაკავშირებული შფოთი. კვებითი დარღვევა არის სერიოზული ფსიქიკური დაავადება და არა არჩეული ცხოვრების წესი.
კვების ყველა დარღვევისთვის საერთოა საკუთარი თავის მიუღებლობა, შფოთვა და დეპრესია, თვითიზოლაცია და საკვებთან დაკავშირებული აკვიატებული ქცევა, როგორიცაა: რომელიმე პროდუქტების აკრძალვა, ან პირიქით, გარკვეული საკვების დიდი რაოდენობით მიღება. კვებითი დარღვევები იყოფა სამ ძირითად ტიპად: ნერვული ანორექსია, ბულიმია, გადაჭარბებული კვება.
- შეიძლება თუ არა მსგავსმა ქმედებამ ბავშვს კონკრეტული საკვები პროდუქტების მიმართ გაუჩინოს ზიზღის გრძნობა?
- რა თქმა უნდა, შეიძლება, მით უმეტეს, თუ ბავშვი მგძრნობიარეა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჯანმრთელ ბავშვს დამოუკიდებლად შეუძლია გააკონტროლოს,  რა რაოდენობის საკვები სჭირდება, როდის გრძნობს შიმშილს ან დანაყრებას, უბრალოდ მიაწოდეთ მას ჯანსაღი საკვების დიდი არჩევანი. დროთა განმავლობაში მადა და მისი მოთხოვნილება გათანაბრდება. ბავშვისთვის სასარგებლოა ისწავლოს თავისი სხეულის მოსმენა და მიხვდეს, თუ როდის შია ან როდის არის დანაყრებული.

ესაუბრა მარიამ ჩოქური 

წაიკითხეთ სრულად