Baby Bag

​რა საკვები არ უნდა მიირთვას მეძუძურმა ქალმა საახალწლო სუფრიდან?

​რა საკვები არ უნდა მიირთვას მეძუძურმა ქალმა საახალწლო სუფრიდან?

რა საკვები არ უნდა მიირთვას მეძუძურმა ქალმა საახალწლო სუფრიდან? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით.

„დარწმუნებული ვარ, ბევრს გგონიათ, რომ მეძუძურ ქალს მკაცრი დიეტა სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, ბებიები, მეზობლები, ნაცნობები, ყველა, ვისაც არ ეზარება, აუცილებლად მოგიწოდებენ, არ მიირთვა ბევრი რამ, პატარას რომ არ გამოაყაროს, მუცელი არ ეტკინოს, გაზებმა არ შეაწუხოს. ჰოდა, შენც მორიდებით მიუჯდები საახალწლო სუფრას და ნერწყვისყლაპვით შეჰყურებ სხვებს. დროც შეიცვალა და შეხედულებებიც. არა, სულაც არ მოგიწევს სუფრის განაპირას ჯდომა, ოღონდ მცირე შეზღუდვების გამოკლებით. 

მაშ, ასე, თუ პატარა ძუძუზე გყავს, გირჩევ, არ მიიღო:

სუნელებიანი საკვები;
უმი ხახვი;
ნივრისშემცევლი საკვები.

რატომ?

იმიტომ, რომ ამ პროდუქტების გემო აუცილებლად გადავა რძეში და პატარას საყვარელი საკვების სუნს ვერ იცნობს, ამიტომ მან შესაძლოა, უარი გითხრას კვებაზე.

არ დაივიწყო, შეზღუდო:

მაგარი ჩაი;
მაგარი ყავა;
კოლები.

მიზეზი მარტივია - ამ პროდუქტებში კოფეინია, რამაც შესაძლოა, თქვენი პაწაწინას აგზნება და უძილობა გამოიწვიოს.
კატეგორიულად უარი თქვი ალკოჰოლიან სასმელებსა და სიგარეტზე! ეს პროდუქტები გადადის რძეში და ბავშვის ნევროლოგიურ მოშლილობებს იწვევს.

მეძუძური ქალის კვება აუცილებლად მრავალფეროვანი უნდა იყოს. მიირთვი საყვარელი კერძები, თავდაპირველად მცირე ულუფებით. თუკი რომელიმე პროდუქტზე ბავშვს გამონაყარი განუვითარდება ან ძლიერი ჭირვეულობა დაეწყება, აღნიშნული პროდუქტი აღარ მიიღო.
სულ ესაა!“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

რა არის ექსპრესიული მეტყველების დარღვევა და როგორ ამოვიცნოთ ის ბავშვებში?

რა არის ექსპრესიული მეტყველების დარღვევა და როგორ ამოვიცნოთ ის ბავშვებში?

რა არის ექსპრესიული მეტყველების დარღვევა და როგორ ამოვიცნოთ ის ბავშვებში? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ლოგოპედი ეკატერინე კვიტაიშვილი.

- ზოგადად, რა არის ექსპრესიული მეტყველება?

- მეტყველების ექსპრესიულობა არის უნარი ნათლად, დამაჯერებლად და ამავე დროს, რაც შეიძლება მოკლედ, გამოხატოს საკუთარი აზრები და გრძნობები, ინტონაციის დაუფლების უნარი, სიტყვების არჩევა, წინადადებების აგება, ფაქტების შერჩევა, მაგალითები.

- როგორ ამოვიცნოთ რომ ბავშვს ექსპრესიული მეტყველების დარღვევა აქვს? (რა ახასიათებს?)

- ექსპრესიული მეტყველების დარღვევა არის მეტყველების განვითარების სპეციფიკური დარღვევის ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროსაც ბავშვის სასაუბრო მეტყველების გამოყენების უნარი მინიმალურ დონეზე დაბალია, რაც გამოიხატება მეტყველების ზოგადი განუვითარებლობით, არსებობს ლექსიკის სიღარიბე, სიტყვიერი განზოგადების დაბალი დონე, მეტყველების დეტალური განცხადების სირთულეები, აგრამატიზმები (სიტყვიერი დაბოლოებების გამოყენებაში შეცდომები, სიტყვების ფორმირების დარღვევა), წინადადებების, ზმნების გამოყენების სირთულეები. დამახასიათებელია არავერბალური მინიშნებების, ჟესტების ადეკვატური გამოყენება, კომუნიკაციის სურვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ნორმალური მეტყველების განვითარება ძალზე ინდივიდუალურია, ორი წლის ასაკში ცალკეული სიტყვების, მასთან დაკავშირებული მეტყველების წარმონაქმნების, ან სამი წლისთვის 2-3 სიტყვისგან შემდგარი მარტივი ფრაზების არარსებობა უნდა ჩაითვალოს დაყოვნების ნიშნად.

ექსპრესიული მეტყველების დარღვევის მიმანიშნებელი შეიძლება იყოს შემდეგი ნიშნები:

ბავშვს 2 წლამდე არ აქვს მეტყველება სიტყვების სახით და 3 წლისთვის მარტივი ფრაზები, მცირე ლექსიკით შემოიფარგლება, სირთულეები სინონიმების არჩევისას, თხრობა, წინადადების არასწორი სტრუქტურა, მეტყველებაში შეცდომები, სიტყვების შემოკლებული გამოთქმები, წინადადებების, ნაცვალსახელების არასწორი გამოყენება, არსებითი სახელების უარყოფის შეუძლებლობა.

- როგორ ხდება ექსპრესიული მეტყველების განვითარება და რა უნარებია ამისთვის საჭირო?

- განსაზღვრეთ რა ტემპით უნდა წაიკითხოთ ლექსი (საშუალო, სწრაფი, ნელი). ასევე, მონაცვლეობით თქვით წინადადება თხრობითი ინტონაციით, თქვით სიხარულით, სიამოვნებით, გაკვირვებით, ეჭვით. მონაცვლეობით მეტყველება ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისა და დედის ცხოვრებაში, ის საშუალებას აძლევს ადამიანებს გამოხატონ თავიანთი სურვილები და საჭიროებები, აზრები და იდეები, დაიცვან თავიანთი თვალსაზრისი, განავითარონ ენის გამოყენება წერილობით და წარმატებულად იურთიერთონ სხვებთან. ბავშვებისა და მშობლების შემთხვევაში კი – ერთმანეთის გაგება და სტრესული სიტუაციების თავიდან აცილება. როდესაც ენა კარგად არის განვითარებული (ბავშვს აქვს საკმაოდ ფართო ლექსიკა, კომპეტენტურად გამოხატავს თავის აზრებს, იცის როგორ აღწეროს შეგრძნებები, მოქმედებები, მოვლენები, მკაფიოდ პასუხობს კითხვებს), ეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მის ცხოვრებას და უხსნის დიდ შესაძლებლობებს სხვადასხვა წრეში კომუნიკაციისთვის. 

მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად