Baby Bag

კაკაო თქვენს პატარას კარგი განწყობით დამხუტავს საბავშვო ბაღში ან სკოლაში წასვლის წინ

კაკაო თქვენს პატარას კარგი განწყობით დამხუტავს საბავშვო ბაღში ან სკოლაში წასვლის წინ

„კაკაო - ღმერთების სასმელი ბავშვებისათვის. რატომაა სასარგებლო და რა ასაკიდან?“ - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„ამბობენ , რომ აცტეკთა იმპერატორი მონტესუმა ოქროს თასით ყოველდღე მიირთმევდა ამ საოცარ მატონიზირებელ სასმელს, რომელსაც კაკაოს მოხალული მარცვლების, თაფლის და სანალებელებისაგან ამზადებდნენ და სამეფო სასმელად მიიჩნეოდა.

აცტეკებისა და მაიას ტომები მას ჩოკოატლს უწოდებდნენ და როგორც ჩანს, შოკოლადის ნათლიებიც სწორედ ისინი არიან.
კაკაოს ცხიმის კოსმეტიკური მიზნებით გამოყენება კი ამ ტომების ქალების სილამაზის საიდუმლო იყო.
მე-16 საუკუნეში კაკაოს მარცვლები ესპანელმა კონკისტადორებმა ჩაიტანეს ევროპაში. 1528 წელს ჰერნან კორტესმა ის პირადად გააცნო ესპანეთის სამეფო კარს და დაიწყო! მე-17 საუკუნეში კაკაო პრაქტიკულად მთელს ევროპაში გავრცელდა.

რატომ არის კაკაო სამეფო ნექტარი

ვეჭვობ, აცტეკებმა და მაიას ტომის ხალხებმა რაიმე იცოდნენ კაკაოს მარცვლების მდიდარი ვიტამინური და მინერალური შემადგენლობის შესახებ, თუმცა ეს სასმელი რომ მათ იმპერატორს კარგ გუნებაზე აყენებდა და ენერგიულს ხდიდა, ამას აუცილებლად შენიშნავდნენ.
კაკაოს მარცვლები მდიდარია B3, B6 PP,E ვიტამინებით, რომელიც დადაბითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, მასში დიდი რაოდენობითაა მაგნიუმი, კალიუმი, ფოსფორი, თუთია , სპილენძი, კალციუმი, ორგანული მჟავები, სასარგებლო მცენარეული ცხიმები, რაც ბავშვის ინტენსიური ზრდა-განვითარებისთვისაა აუცილებელი. 

კაკაოს ცხიმი შედგება განსაკუთრებით სასარგებლო ცხიმოვანი მჟავებისაგან - მის შემადგენლობაშია ოლეინის, სტეარინის, პალმიტინის, ლინოლის მჟავები.
შეიცავს კოფეინის მსგავს ნივთიერებას - თეობრომინს, რასაც მატონიზებელი ეფექტი აქვს, თუმცა კოფეინთან შედარებით, რბილი მოქმედებისაა.

შევთავაზოთ თუ არა სამეფო სასმელი ბავშვებს?

დიახ! თუმცა ასაკობრივი შეზღუდვითა და სიფრთხილით თეობრომინის შემცველობისა და ალერგიული თვისებების გამო.
2 წლამდე ბავშვებისათვის კაკაო რეკომენდებული არ არის.
განსაკუთრებულად ფრთხილად, თუ ბავშვი ალერგიულია - კაკაოს შემადგნელობაში დახლოებით 40 სახის არომატული ნივთიერება შედის, რამაც შეიძლება ალერგია გამოიწვიოს.
თავდაპირველად პატარას 1-2 ჩაის კოვზი მომზადებული კაკაო უნდა გაასინჯოთ.
ალერგიის არქონის შემთხვევაში კი დაიცავით ასეთი დოზირება:
2 წლიდან 50 მლ კვირაში 2-3-ჯერ, 6 წლიდან შეგიძლიათ 100-150 მლ კვირაში 4-ჯერ მისცეთ.
კაკაო დილის სასმელია. მისი მატონიზებელი ეფექტი თქვენს პატარას აუცილებლად დამხუტავს ექსტრაენერგიითა და კარგი განწყობით საბავშვო ბაღში ან სკოლაში წასვლის წინ.
ნუ მისცემთ კაკაოს საღამოს საათებში - თეობრომინმა შესაძლოა,ჩაძინების გაძნელება გამოიწვიოს.

როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი კაკაო

აუცილებლად გაეცანით წარწერას შეფუთავზე. ყურადღება მიაქციეთ ვადას.
გახსოვდეთ მაღალი ხარისხის კაკაო ლითონის ყუთში 1 წელი ინარჩუნებს მაღალ ხარისხს, ქაღალდის და პლასტმასის შეფუთვაში კი 1,5 წელი.
ის აუცილებლად მშრალ, გრილ ადგილას უნდა ინახებოდეს.
კაკაოს ფხვნილი უნდა იყოს ერთგვაროვანი, წვრილი დაფქვის. მსხვილი დაფქვის კაკაო დაბალი ხარისხისაა.
არ უნდა შეიცავდეს შეწებებულ გორგლებს, რაც მის დაბალ ხარისხზე ან შენახვის, აგრეთვე ვადის დარღვევაზე მიუთითებს.
უნდა ჰქონდეს შოკოლადის სუნი.
ცხიმიანობა >15%.
არ უნდა შეიცავდეს არომატიზატორებს, გემოს გამაძლიერებლებს, სხვა დანამატებს.

აი, იდეა გემრიელი, მატონიზირებელი საუზმისათვის - კაკაოს სმუზი ბანანით, შვრიის ფანტელითა და თაფლით (რა თქმა უნდა, ალერგიის არქონის შემთხვევაში 2 წლიდან)

მასალა (გათვლილია 2-3 პორციაზე -100-150 მლ თითოეული):
1 ბანანი
300 მლ რძე
1 სუფრის კოვზი თაფლი

მომზადება:

გახსენით კაკაოს ფხვნილი ცოტა თბილ რძეში და ნელ-ნელა შეურიეთ ქვაბში ცხელ რძეს, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი და ადუღეთ 3-4 წუთს. ურიეთ, რომ კაკაო და შვრიის ფანტელი თანაბრად განაწილდეს.
შეგრილებული, თბილი მასა ბლენდერში ადღვიბეთ ბანანთან და თაფლთან ერთად.

P.S. დედებო და ბებიებო, როგორც ყოველთვის, თქვენთვისაც მაქვს რჩევა - კაკაო არამარტო გემრიელი და სასარგებლო სასმელია, არამედ თქვენი კანის სილამაზესაც წაადგება.
აი, კაკაოს ეფექტური ნიღაბი ჯანმრთელი და ლამაზი კანისათვის.
შეურიეთ ერთმანეთს 1 სუფრის კოვზი კაკაო, 1 ჩ.კოვზი თაფლი, 2 სუფრის სუფრის კოვზი არაჟანი, 2 სუფრის კოვზი დაფქვილი შვრია.
ნიღაბი გაიჩერეთ სახეზე 20 წთ-ს. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დატკბით კარგად დატენიანებული, გლუვი, გამოკვებილი კანით.“

შეიძლება დაინტერესდეთ

5 საბავშვო სნექი მოგზაურობისას

5 საბავშვო სნექი მოგზაურობისას

ბევრი ბავშვისთვის ზაფხული ყველაზე საყვარელი სეზონია. არდადეგები, დასვენება, თბილი ამინდები და ბევრი თავგადასავალი - მიზეზი უამრავია, რის გამოც ბავშვები ზაფხულს სულმოუთქმელად ელოდებიან. ცხელ დღეებში აუცილებელია იმაზე ფიქრი, რომ ბავშვების კვების რაციონი ჯანსაღი და საკვები ნივთიერებებით მდიდარი პროდუქტებით იყოს დაკომპლექტებული. ამ შემთხვევაში, მრავალფეროვანი ხემსი იდეალური ვარიანტია აქტიური ბავშვებისთვის - მეტი ენერგიისა და მეტი ვიტამინის მისაღებად.

თუ დასასვენებლად მთელი ოჯახით შორეულ მანძილზე მიემგზავრებით, ისეთი ჯანსაღი სნექის რეცეპტებს გაგიზიარებთ, რომლებსაც თქვენი შვილები სიამოვნებით დააგემოვნებენ, დამღლელი გზა კი შედარებით სასიამოვნო გახდება.

1. თხილეულისა და ჩირეულის მიქსი

ამ სასუსნავის თითოეული ინგრედიენტი სრულიად ჯანსაღი პროდუქტია. უნიკალური შემადგენლობის ფ​სტა იმ საჭირო საკვებ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვისაა საჭირო. ქეში​უ მდიდარია მაგნიუმითა და კალციუმით - ეს ორი მნიშვნელოვანი მინერალი ხელს უწყობს ძლიერი და ჯანმრთელი ძვლების ჩამოყალიბებას.

ქეშიუსა და ფსტის მიქსს საოცარ სურნელსა და არომატს ანიჭებს სიჯანსაღით და დაბალკალორიულობით გამორჩეული ბან​ანის, ფორთო​ხლისა და მსხ​ლის ჩირეული.

სნექის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 1/2 ჭიქა ქეშიუ
  • 1/2 ჭიქა ფსტა
  • 1/4 ჭიქა ბანანის ჩირი
  • 1/4 ჭიქა ფორთოხლის ჩირი
  • 1/4 ჭიქა მსხლის ჩირი

მომზადების წესი:

ყველა ეს ინგრედიენტი - ქეშიუ, ფსტა, ბანანის, ფორთოხლისა და მსხლის ჩირი ერთმანეთში ისე აურიეთ, რომ ჩირეული და თხილეული თანაბრად გადანაწილდეს.

მიღებული მასა ჰერმეტულ კონტეინერში შეინახეთ. გაყავით პატარა პორციებად. ეს დაგეხმარებათ, მგზავრობის პერიოდში თქვენს შვილთან ერთად სასურველი რაოდენობის ხემსი მიირთვათ.

2. სნექი ნიგვზითა და ვაშლის ჩირით

ნიგო​ზს, მასში შემავალი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების გამო, ხშირად „ტვინის საკვებსაც“ უწოდებენ. ნიგოზი ხელს უწყობს ბავშვებში კოგნიტიური უნარების გაუმჯობესებასა და ნეიროდაცვას.

შვრიის ფანტ​ელი და ვაშლ​ის ჩირი კი იდეალურია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა შვრიის ფანტელი
  • 1/2 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი
  • 1/4 ჭიქა დაჭრილი ვაშლის ჩირი
  • 1/3 ჭიქა თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი

მომზადების წესი:

შვრიის ფანტელი, დაჭრილი ნიგოზი და ვაშლის ჩირი ერთმანეთში აურიეთ. მოასხით თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი. მიღებული მასა უნდა იყოს წებოვანი.

საცხობ ფორმას დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და მასა თანაბრად გადაიტანეთ. აცხვეთ შეოქროსფერებამდე, 15-20 წუთის განმავლობაში.

როცა გაცივდება, დაჭერით ზოლებად და ისე შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში.

3. ფსტისა და ბანანის ჩირის დესერტი

ფსტისა და ბანანის დესერტი მზადდება ნატურალური იოგურტისგან, ჩირისა და თხილეულისგან. სამივე მათგანი ბავშვის ზოგადი ჯანმრთელობისთვის ისეთ აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს და ვიტამინებს შეიცავს, როგორებიცაა: B12, B6, E, D, რკინა, სპილენძი, კალციუმი და სხვა.

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა იოგურტი
  • 1/2 ჭიქა დაჭრილი ბანანის ჩირი
  • 1/2 ჭიქა დაჭრილი ფსტა

მომზადების წესი:

გამჭვირვალე ჭიქის ძირში გადაიტანეთ თითო კოვზი იოგურტი. დაუმატეთ ფენებად დაჭრილი ბანანის ჩირი და მოაყარეთ დაქუცმაცებული ფსტა. გაიმეორეთ ეს ფენები მანამ, სანამ ჭიქა არ გაივსება. საბოლოო ფენად მოაყარეთ ფსტა.

შეინახეთ მაცივარში და მიირთვით იქამდე, სანამ მგზავრობის გრძელ გზას დაადგებით.

4. ფინიკისა და ნუშის ენერგიის ბურთები

უშაქრო და ნატურალური ბურთულები ბავშვებისთვის იდეალური საზაფხულო სნექია. გემოვნურ მახასიათებლებთან ერთად, თხილეულის ეს კომბინაცია ანტიოქსიდანტების, ჯანსაღი ცხიმებისა და ცილების შესანიშნავი წყაროა, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის.

ჩიას თესლი, უჯრედისის მაღალი შემცველობით, ეხმარება ბავშვებებს გემრიელად დანაყრებაში და ხელს უშლის საკვების დიდი ოდენობით მიღებას.

ამ სნექის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ფინიკი
  • 1/2 ჭიქა ნუში
  • 1/2 ჭიქა ნიგოზი
  • 1/4 ჭიქა ქიშმიში
  • 2 სუფრის კოვზი ჩიას თესლი

მომზადების წესი:

გააერთიანეთ სამზარეულოს კომბაინში შემდეგი ინგრედიენტები: ფინ​იკი, ნუ​ში, ნიგ​ოზი და ქიშ​მიში. ურიეთ იქამდე, სანამ ერთიან მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ ჩიას თესლი და გააგრძელეთ მორევა. თუ მიღებული მასა ზედმეტად მშრალი გამოვიდა, შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე ფინიკი, თაფლი ან დაასხათ ცოტა წყალი.

მიღებული მასა ამოიღეთ ხელით და მიეცით პატარა ბურთულების ფორმა. გადაიტანეთ გაშლილ თეფშზე და შედგით მაცივარში 30 წუთით.

ფორმირებული ენერგიის ბურთები შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში. ბურთულების მცირე ზომიდან გამომდინარე, იდეალური სნექია მგზავრობისას და პიკნიკის დროს.

5. ტკბილი და ჯანსაღი ჩიას პუდინგი

ჯანსაღი ინგრედიენტებით დამზადებული პუდინგი შეგიძლიათ სნექადაც მიირთვათ.

კონკრეტულად, ჩიას პუდინგი ჯანსაღი ხემსის იდეალური ვარიანტია, რომელიც მდიდარია უჯრედისით, ცილებითა და ჯანსაღი ცხიმებით. ეს კომბინაციაში ხელს უწყობს ბავშვებში უჯრედების ზრდას, მომნელებელი სისტემისა და ტვინის მუშაობის გაუმჯობესებას. თან, რაც ყველაზე მთავარია, გამოდის ძალიან გემრიელი და ნოყიერი.

ინგრედიენტები:

  • 3 სუფრის კოვზი ჩიას თესლი
  • 1 ჭიქა ქოქოსის ან ნუშის რძე (უშაქრო)
  • 1/4 ჭიქა დაჭრილი ფინიკი
  • 1/4 ჭიქა დაჭრილი ნუში
  • 1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 1/4 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • მოსართავად: ახალი კენკრა ან თაფლი

მომზადების წესი:

ჯამში ჩიას თესლს დაასხით ნუშის ან ქოქოსის რძე, დარიჩინი და ვანილის ექსტრაქტი. კარგად ურიეთ და დააყოვნეთ მაცივარში მთელი ღამით. დილით მიღებულ მასას დაამატეთ დაჭრილი ფინიკი და ნუში. დაასერვირეთ თაფლით და ახალი კენკრით.

ჯანსაღი და გემრიელი პუდინგი მიირთვით თქვენს შვილებთან ერთად გამგზავრებამდე, რათა ენერგია ხანგრძლივად გაგყვეთ გზის განმავლობაში.

აღნიშნული უნიკალური პროდუქტების მომარაგება შესაძლებელია ონლაინ მაღაზიიდან „ჩე​მი მარაგი“, რომელიც მომხმარებელს 250-მდე დასახელების მარცვლეულს, ბურღულეულს, ჩირეულსა და თხილეულს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინ შეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.

R.

წაიკითხეთ სრულად