Baby Bag

1,5 წლამდე ბავშვს არ უნდა მისცეთ ლობიოს სადილის სრული ულუფა - რატომ და როდიდან შეიძლება ბავშვისათვის ლობიოს მიცემა

1,5 წლამდე ბავშვს არ უნდა მისცეთ ლობიოს სადილის სრული ულუფა - რატომ და როდიდან შეიძლება ბავშვისათვის ლობიოს მიცემა

რატომ და როდიდან შეიძლება ბავშვისათვის ლობიოს მიცემა? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე​ საუბრობს და ლობიოს პიურეს რეცეპტსაც გთავაზობთ:

„სხვადასხვა ფერის და ჯიშის ეს პარკოსანი კულტურა ძველ და ახალ სამყაროში პოპულარული პროდუქტი იყო. საქართველოში მე-16 საუკუნიდან გამოჩნდა.

აი, რითია ლობიო გამორჩეული:

მისი მარცვლები ცილის საუკეთესო წყაროა და იმ ბავშვებისათვის, რომელთაც არ უყვართ ხორცი, სრულფასოვანი ცილის ალტერნატიული წყაროა.
ამავე დროს ლობიოს ცილა ადვილად ასათვისებელია.

ეს სხვადასხვა ფერის მარცვლეული ითავსებს ხორცისა და ბოსტნეულის პრაქტიკულად ყველა სასარგებლო ფუნქციას: 

აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს

აქვს შარდმდენი ეფექტი

შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, რაც ნაწლავთა მოქმედების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, თუმცა ცილისა და უჯრედისის ასეთი დიდი რაოდენობის გამო მისი მიღების შემდეგ მეტეორიზმი (გაზების დაგროვება) შეიძლება განვითარდეს. 

გაითვალისწინეთ, ეს პრობლემა ნაკლებად ახასიათებს თეთრ ლობიოს.

ცილის გარდა ეს პარკოსანი შეიცავს ვიტამინების დიდ ჯგუფს - A, C, B, K ვიტამინები უხვადაა ლობიოს მარცვლების შემადგენლობაში
შეიცავს მინერალების საუკეთესო კრებულს - მდიდარია კალიუმით, სელენით, ფოსფორით, კალციუმით, მაგნიუმით, იოდით, რკინით, მაგნანუმით, თუთიით, სპილენძით. მოკლედ, ამ მცენარეში ყველაფერია ჯანმრთელი ძვლების, კუნთების, საღი იმუნიტეტისა და სისხლმბადი სისტემის, ბავშვის სწრაფადმზარდი ორგანიზმის განვითრებისათვის.

თერმული დამუშავებისას სასარგებლო ნივთიერებების დაახლოებით 80% ლობიოს შემადგენლობაში შეუცვლელად ნარჩუნდება.

სიფრთხილის ზომები

არ შეიძლება მოუხარშავი ლობიოს მიღება. ის ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს, რაც მოწამვლას იწვევს. მოხარშვისას ეს ნივთიერებები ინაქტივირდება და საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

არ არის რეკომენდებული ლობიოს ხორცთან ერთად მიღება - ცილის ასეთი მიქსი ორგანიზმის მიერ ცუდად აითვისება და თირკმლისათვისაც დიდი დატვირთვას წარმოადგენს.

1,5 წლამდე ბავშვს არ უნდა მისცეთ ლობიოს სადილის სრული ულუფა, მისი მონელება პატარას კუჭ-ნაწლავისათვის ძნელია. ადრეულ ასაკში საკმარისია 1-2 ჩაის კოვზამდე ლობიოს გამოყენება სხვა ბოსტნეულთან ერთად.

არ მოამზდოთ ბავშვისათვის ლობიოს კერძი კონსერვირებული პროდუქტისაგან. ის დიდი რააოდენობით ნატრიუმს შეიცავს, რაც ორგანიზმში სითხის დაგროვებას უწყობს ხელს.

მწვანე ლობიოს საღი, ნორჩი სახეობები (სატაცურისმაგვარი, ღეროსმაგვარი ლობიო) 8 თვიდან შეგიძლიათ შესთავაზოთ პატარას პიურეს სახით, მშრალი ლობიოს გამოყენება 10-11 თვის ასაკიდან შეგიძლიათ.

როგორ მოვამზადოთ ლობიოს პიურე მარცვლებისაგან:

გარეცხეთ ლობიოს მარცვლები. ჩაალბეთ წყალში 12 საათის მანძილზე. შემდეგ წყალი გამოცვალეთ და კარგად მოხარშეთ. მოხარშული მარცვლები დაჭყლიტეთ, გასათხელებლად დაუმატეთ ანადუღარი წყალი. 

მზა პროდუქტი შეგიძლიათ სხვა ბოსტნეულს შეურიოთ ან დაამატოთ 5 მლ მცენარეული ზეთი და ბავშვს ამ სახით შესთავაზოთ 1-2 ჩაის კოვზი.

გახსოვდეთ - როცა ბოსტნეულის მიქსს ამზადებთ, ნუ შეურევთ ლობიოს უჯრედისის ასევე უხვად შემცველ ბოსტნეულს, მაგალითად ჭარხალს ან სხვა პარკოსნებს, რადგან ამ ნარევმა შესაძლოა გაზების ჭარბად დაგროვება და მუცლის ტკივილი გამოიწვიოს.

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენი ნაჭერი პურის მირთმევაა დასაშვები ბავშვისთვის სადილზე? - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვის ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანსაღი იმუნური სისტემა ყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რასაც ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ამაში იგულისხმება სწორი კვებაც. ვიცით, რომ ბავშვს დაბადებისას არ აქვს გემოვნების რეცეპტორები. რაც უფრო ადრე შევაჩვევთ ბავშვს სწორი საკვების მიღებას, რეჟიმში კვებას, მისი გემოვნებაც ყალიბდება სწორად.

რა ითვლება სწორ კვებად? პირველ რიგში, ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორი არის დედის რძე. უფრო დიდ ასაკში, თეფში რომ დავყოთ ოთხ ნაწილად, ეს არის: ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული, რძის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები. არ არის აუცილებელი ეს იყოს დიდი რაოდენობით. თუნდაც ცოტა, მაგრამ ხშირად უნდა მიიღოს ბავშვმა.

სადილზე ორი ნაჭერი პური აბსოლუტურად დასაშვებია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, ცომეული უნდა ვაკონტროლოთ. როდესაც ბავშვი რაღაც პროდუქტს არ იღებს, ამ დროს მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რაღაც ფორმა გამოინახოს ბავშვისთვის პროდუქტის მისაწოდებლად. თუ ხილს არ ჭამს, რაღაც საკვებში უნდა აურიოთ, თუნდაც ხაჭოში, რძის ნაწარმში. არსებობს მიდგომები, რომლითაც ვახერხებთ, რომ ბავშვებში ეს საკვები ჩავრთოთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

წაიკითხეთ სრულად