Baby Bag

​პრობიოტიკები ბავშვებისთვის: რა უნდა ვიცოდეთ?

​პრობიოტიკები ბავშვებისთვის: რა უნდა ვიცოდეთ?

ბავშვის კვების რაციონის სასარგებლო ბაქტერიებით გამდიდრება თანამედროვე სამყაროში ერთგვარ ტრენდად იქცა, თუმცა პრობიოტიკების შესახებ მშობლების დიდ ნაწილს საკმარისი ინფორმაცია არ მოეპოვება. ჩვენს სტატიაში საკვებ პროდუქტებსა და დანამატებში სასარგებლო ბაქტერიების წილსა და მათ დანიშნულებაზე გესაუბრებით.

აფთიაქებში პრობიოტიკების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია. ამ სასარგებლო ბაქტერიის შეძენას ნებისმიერ სასურსათო მაღაზიაშიც თავისუფლად შეძლებთ, რადგან პრობიოტიკები ისეთ საკვებ პროდუქტებშიც გვხვდება, როგორებიცაა კეფირი, იოგურტი, კომბოსტოს მწნილი, სოიოს მზა კერძები და ა.შ. თუ მწნილისა და გარკვეული ნაირსახეობის რძის პროდუქტების მომჟავო გემო არ მოგწონთ, პრობიოტიკების დანაკლისს ისეთი საკვებით შეივსებთ, რომლებიც სასარგებლო ბაქტერიებით ხელოვნურად არის გამდიდრებული, მაგ. საუზმისთვის განკუთვნილი მარცვლეულის ფაფები, ხილის წვენები ან ჩვილი ბავშვის ფორმულა. არ აქვს მნიშვნელობა პრობიოტიკებს ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებიდან რომელი მათგანის დახმარებით მიიღებთ, სასარგებლო მიკროორგანიზმები თქვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და მიკროფლორის გაჯანსაღებას გარკვეული დროით მაინც შეძლებს. გაძლიერებული იმუნური სისტემა და მეტაბოლიზმი, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან სასიხარულო ცვლილებებია, თუმცა თანამედროვე მედიცინის მუშაკები პრობიოტიკების მაგიური ძალის შესახებ გადაჭრით ვერაფერს ამბობენ. ოფიციალური რეკომენდაციები ბავშვებისთვის პრობიოტიკების დამატებით მიწოდების შესახებ სამედიცინო სფეროში არ მოიპოვება. ამასთან, არ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვებიც ჯანმრთელი ბავშვებისთვის პრობიოტიკების მიცემასთან დაკავშირებით, რადგან ამ სასარგებლო ბაქტერიებს მათი ჯანმრთელობისთვის რაიმე სახის ზიანის მიყენება არ შეუძლია.
პრობიოტიკები ჩვენი ორგანიზმის მეგობარ ბაქტერიად მიიჩნევა. ის კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ნამდვილად აძლიერებს. ადამიანის სხეული არამხოლოდ გარემოში არსებული ბაქტერიებისგან განიცდის ცუდ თუ კარგ ზემოქმედებას, არამედ მის ორგანიზმში გაბატონებული უამრავი ნაირსახეობის მიკროორგანიზმის ურთიერთქმედების გავლენის ქვეშაც იმყოფება. ბაქტერიები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში გვხვდება, იმუნური სისტემის მუშაობაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. განსაკუთრებით სასარგებლო ბაქტერიებად მიიჩნევა ლაქტობაცილა (რძისმჟავას ბაქტერია) და ბიფიდობაქტერია. ორივე მათგანი გვხვდება როგორც საკვების, ასევე მათი დანამატების შემადგენლობაში.
ბავშვისთვის ნებისმიერი სახის საკვები დანამატის ან ვიტამინის მიცემამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, რადგან, მართალია, პრობიოტიკი ორგანიზმისთვის სასარგებლო ბაქტერიად ითვლება, მაგრამ მისი მიწოდება რაიმე სახის ქრონიკული დაავადების ან სუსტი იმუნური სისტემის მქონე ბავშვისთვის რეკომენდებული არ არის.
ბავშვისთვის პრობიოტიკების მიცემას თუ გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა ერკვეოდეთ შემდეგ საკითხებში:
რა ფუნქციას ასრულებენ პრობიოტიკები ადამიანის ორგანიზმში?
პრობიოტიკების როლი და ფუნქცია სრულყოფილად შესწავლილი დღემდე არ არის, თუმცა ერთი რამ ცხადია: პრობიოტიკები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში პათოგენური მიკროორგანიზმების გაბატონებას უშლიან ხელს, რადგან ისეთ მეტაბოლურ პროდუქტებს აწარმოებენ, რომლებიც იმუნურ სისტემას აჯანსაღებენ. პრობიოტიკები ერთგვარ ბარიერის ეფექტს ქმნიან, ისინი ნაწლავებს ცუდი ბაქტერიების ზემოქმედებისგან იცავენ, ამასთან, ანთების განვითარების რისკსაც ამცირებენ, რადგან ორგანიზმში პარაზიტების გავრცელებას უშლიან ხელს. გარდა ამისა, პრობიოტიკების დახმარებით ჩვენი იმუნური სისტემა ვირუსების წინააღმდეგ გაცილებით ეფექტურად მოქმედებს.
ვისთვის არის პრობიოტიკები სასარგებლო?
მართალია, პრობიოტიკების მიღებით სხვადასხვა დაავადების პრევენციას ნაკლებად შეძლებთ, მაგრამ მათი დახმარებით მწვავე დიარეის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად შეამცირებთ. თუმცა პრობიოტიკები ვერ დაგეხმარებათ ისეთი დაავადებების დამარცხებაში, როგორებიცაა დისპესია ან ქრონიკული შეკრულობა. პრობიოტიკები ძალიან სასარგებლოა იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების გამო დიდი რაოდენობით ანტიბიოტიკის მიღება უხდებათ. აღნიშნულ შემთხვევაში ბავშვის ნაწლავური ფლორა ძალიან ზიანდება. პრობიოტიკებს კი დაზიანებული ფლორის მოწესრიგების უნარი შესწევთ. პრობიოტიკები ბავშვებში ზედა სასუნთქი გზების ინფექციების განვითარების რისკსაც ამცირებს.
ვის ეკრძალება პრობიოტიკების მიღება?
პრობიოტიკების მიცემა არ შეიძლება ისეთი ბავშვებისთვის, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ. სასარგებლო ბაქტერიების მიწოდება დაუშვებელია ისეთი ბავშვისთვის, რომელიც ნაადრევად დაიბადა, სტეროიდებით მკურნალობს ან ქიმიოთერაპიის კურსს გადის. აღნიშნული პრობლემების მქონე ბავშვებზე პრობიოტიკების ზეგავლენა სათანადოდ შესწავლილი არ არის, სწორედ ამიტომ, ექიმები თავშეკავებისკენ მოგვიწოდებენ. მშობლებმა არ უნდა ჩათვალონ, რომ ბავშვისთვის პრობიოტიკების მიწოდებისას დოზების დაცვა საჭირო არ არის. ბავშვისთვის სასარგებლო ბაქტერიების მიწოდებამდე აუცილებელია მათ შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვება, გაარკვიეთ, რომელი მათგანი გამოირჩევა მეტი სასარგებლო თვისებებით, როდის უნდა დაიწყოთ ბავშვისთვის პრობიოტიკების მიცემა და რა სიხშირით უნდა მისცეთ ბავშვს სასარგებლო ბაქტერიები. ექიმის კონსულტაციის გარეშე ბავშვისთვის პრობიოტეკების მიცემას არ გირჩევთ.
მომზადებულია​ parents.com-ის მიხედვით

ავტორი: ია ნაროუშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ საუზმეზე? - ლევან რატიანის რჩევები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საუზმის დროს მისაღები ორი საუკეთესო პროდუქტი დაასახელა:

„შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რძის პროდუქტები, როგორებიცაა: იოგურტი, ფერმენტირებული მაწონი, არაჟანი, შეიძლება მშიერ კუჭზე საზიანოც აღმოჩნდეს, რადგან იწვევენ მჟავიანობის მომატებას. კარგია, რომ საუზმეზე მივიღოთ კვერცხი. რატომ არის მოხარშული კვერცხი უნიკალური? ის შეიცავს ცილოვან სტრუქტურებს, პროტეინებს. ეს კარგად გვანაყრებს. მცირე ულუფა შეიცავს უფრო მეტ კალორიას და უფრო მეტი ენერგეტიკული მახასიათებლები აქვს კვერცხს.“

„რაც შეეხება შვრიის ფაფას, ეს არის უნიკალური საკვები. შვრიის ფაფაში ჭარბი რაოდენობით შედის უჯრედშორისი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის პერისტალტიკას, ჩვენი ორგანიზმის გაღვიძებას. ეს არის ისეთი საკვები პროდუქტი, რომელსაც წუნს ვერ მოუნახავთ,“- აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

წაიკითხეთ სრულად