Baby Bag

​უახლესი რეკომენდაციები ბავშვებში კვებითი ალერგიის თავიდან ასაცილებლად

​უახლესი რეკომენდაციები ბავშვებში კვებითი ალერგიის თავიდან ასაცილებლად

თქვენი შვილი შვიდი თვისაა და მყარი საკვები უკვე გააცანით. ბავშვი სავსებით ჯანმრთელი და ბედნიერია, ნელ-ნელა ეჩვევა ჯდომას და ხოხვასაც სწავლობს. ახალ საკვებ პროდუქტებთან შეგუება არ გასჭირვებია. თქვენ მისი საკვები რაციონის გამრავალფეროვნებაზე ფიქრობთ. გაინტერესებთ, შეგიძლიათ თუ არა თავს უფლება მისცეთ და ბავშვს მცირე ოდენობით კვერცხის გული გაასინჯოთ. რამდენიმე წლის წინ თქვენს კითხვაზე პასუხი უარყოფითი იქნებოდა. თქვენი ახლობლები, ნაცნობები თუ პედიატრები აუცილებლად გეტყოდნენ, რომ შვიდი თვის ბავშვს კვერცხი არ უნდა მისცეთ, თუმცა თანამედროვე მედიცინის წარმომადგენლები განსხვავებულ რეკომენდაციებს გასცემენ. თქვენს შეკითხვაზე ისინი აუცილებლად გიპასუხებენ: „დიახ, შეგიძლიათ ბავშვს კვერცხი გაასინჯოთ.“

​ახალი სამედიცინო დირექტივების თანახმად, ხილი, ბოსტნეული, შვრია და ბრინჯი ის პროდუქტებია, რომლებიც თქვენს შვილს ოთხი თვიდან ექვს თვემდე შუალედში უნდა მისცეთ.
ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის ამერიკული აკადემიის უახლესი რეკომენდაციების მიხედვით, ბავშვებში კვებითი ალერგიის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია, მათ საკვების საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი უკვე ჩვილობის ასაკიდანვე მივაწოდოთ. აღნიშნული დასკვნა უამრავ კვლევასა და ექსპერიმენტს ემყარება და ის სრულ წინააღმდეგობაში მოდის ბავშვთა კვების იმ პრინციპებთან, რომლებსაც მედიცინის წარმომადგენლები რამდენიმე წლის წინ ურყევ ჭეშმარიტებებად მიიჩნევდნენ.
კვლევებით დასტურდება, რომ ბავშვისთვის ადრეულ ასაკში საკვების მრავალფეროვანი ასორტიმენტის თანმიმდევრული მიწოდება მას კვებითი ალერგიის განვითარების რისკებისგან იცავს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ორსულებსა და მეძუძურ დედებსაც მოუწოდებენ თავი თავისუფლად იგრძნონ და საყვარელი პროდუქტების მიღებაზე უარი არასდროს თქვან.
ამერიკის პედიატრთა აკადემიის 2000 წლით დათარიღებულ რეკომენდაციებში ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს რძისა და მისი შემცველი პროდუქტების მიღება ეკრძალებოდათ, ხოლო ბავშვისთვის კვერცხის მიცემა მხოლოდ 2 წლის ასაკიდან შეიძლებოდა. მკაცრი აკრძალვების მიზანს ბავშვებში ეგზემისა და კვებითი ალერგიების პრევენცია წარმოადგენდა, თუმცა 2008 წლიდან პედიატრთა აღნიშნული დირექტივები გაუქმდა და ისინი ახალმა რეკომენდაციებმა ჩაანაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ დადგენლი აკრძალვები გაუქმებულად გამოცხადდა, მშობლები კვლავ გაურკვევლობაში იმყოფებოდნენ და არ იცოდნენ, როდის მიეცათ ჩვილი ბავშვისთვის ამა თუ იმ პროდუქტით კვების უფლება. მეძუძურ და ორსულ დედებსაც უჭირდათ თავისუფლად კვება, რადგან ახალ დირექტივებზე ნათელი წარმოდგენა გარკვეული ხნის მანძილზე არავის ჰქონდა.
2013 წელს გამოქვეყნებული ახალი რეკომენდაციების მიხედვით, ბავშვს საბაზისო დამატებითი საკვები, როგორებიცაა შვრია, ბრინჯი და ბოსტნეული, 4-6 თვემდე შუალედში უნდა მიეწოდოს, ხოლო რძე და კვერცხი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გააასინჯოთ, რაც ჩვილი ადრეულ ასაკში მიწოდებული საბაზისო საკვები პროდუქტებისადმი სრულ ტოლერანტობას გამოავლენს. ბავშვისთვის რძისა და კვერცხის პირველადი მიწოდება მშობლიურ გარემოში უნდა მოხდეს.
კვლევებით დადასტურდა, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ხორბალზე ალერგია უმეტესად იმ შემთხვევებში გამოვლინდა, როდესაც ჩვილობის პერიოდში მშობლები ბავშვისთვის ხორბლის მიცემას ექვს თვემდე ერიდებოდნენ. მედიცინის წარმომადგელები მშობლებს ურჩევენ ძროხის რძის შემცველი პროდუქტების (იოგურტი, ყველი) მცირე ულუფები ბავშვებს ერთ წლამდე მიაწოდონ, თუმცა თავად ძროხის რძით საკვები ფორმულის ან დედის რძის ჩანაცვლება კატეგორიულად აკრძალულია. უშუალოდ ძროხის რძე ბავშვს ერთ წლამდე არ უნდა მისცეთ.
უახლესი კვლევებით ასევე დასტურდება, რომ 9 თვის ასაკში ბავშვისთვის თევზის მიწოდება მას მომავალში ეგზემის განვითარებისგან იცავს.
ბავშვებში კვებითი ალერგიების გამოვლენის რიცხვი ყოველწლიურად მატულობს, თუმცა აღნიშნული პრობლემის მიზეზების დადგენა დღემდე ვერ ხერხდება. სკოლამდელი ასაკის ამერიკელი ბავშვების 5 პროცენტს კვებითი ალერგიის დიაგნოზს უსვამენ. მათ შორის 90 პროცენტზე მეტს ალერგია ისეთი პროდუქტების მიმართ აქვს, როგორებიცაა: რძე, კვერცხი, თხილი, მიწის თხილი, მოლუსკები, თევზი, ხორბალი და სოიო.
მომზადებულია ​parents.co​m-ის მიხედვით
ავტორი: ია ნაროუშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

სუპებისა და კრემ-სუპების 4 ვარიანტი ბავშვებისთვის

სუპებისა და კრემ-სუპების 4 ვარიანტი ბავშვებისთვის

გთავაზობთ სუპებისა და კრემ-სუპების 4 ვარიანტს. 

1-ლი ვარიანტი

ბარდის კრემ-სუპი მოხარშული ლორით (პროშუტო კოტო)

ინგრედიენტები:

1. ბოსტნეულის ბულიონი 

2. 1 ნაჭერი მოხარშული ლორი

3. 1 სტაფილო

4. 0.5 პატარა ხახვი

5. 2 ს.კ ზეითუნის ზეთი

6. 250 გრამი ბარდა

მომზადება:

სტაფილო და ხახვი დაჭერით პატარა ნაჭრებად, მოათავსეთ ღრმა ტაფაში + 1ს.კ ზეითუნის ზეთი, + 4ს.კ წყალი და მოთუშეთ 5 წუთი. შემდეგ დაამატეთ ბარდა და 400 გრ ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი + ცოტა მარილი, დააფარეთ სახურავი და ადუღეთ დაახლოებით 20წთ.

დააბლენდერეთ და გაალამაზეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი მოხარშული ლორით და 1ს.კ ზეითუნის ზეთით ( ან 1ს.კ.ლინოს ბიოლოგიური ზეთით)

მე-2 ვარიანტი 

გოგრისა და ოსპის სუპი

ინგრედიენტები:

1. გოგრა 300 გრ
2. 1 სტაფილო
3. 2ს.კ ოსპი ყვითელი
4. 30 გრ სუხარიიკები
5. 1 კოვზი ზეითუნის ზეთი
6. მარილი (ინტეგრირებული ჯობია)

მომზადება:

1) გოგრა და სტაფილო დაჭერით პატარა ნაჭრებად, მოათავსეთ ქვაბში ოსპთან ერთად. 1/2 ლიტრი წყალი, მარილი ცოტა და ხარშეთ 30 წუთი (ადუღებიდან 30 წთ.) თავდახურულ მდგომარეობაში. 
თუ მოითხოვს დაამატეთ ცოტა ცივი წკალი 1/2 ჭიქა
დააბლენდერეთ + ზეითუნის ზეთი და ლინოს ზეთი ბიოლოგიური + სუხარიკები
(სუხარიკები შეგიძლიათ თავადაც მოამზადოთ. პური პატარა ოთკუთხედებად დაჭერით და მოხალეთ ტაფაზე.

***

მე-3 ვარიანტი:

პომიდვრის და ვერმიშელის სუპი

ინგრედიენტი:

300 გრ პომიდორი

შაქარი

ბაზილიკო (ან რეჰანით შეცვალეთ)

ზეითუნის ზეთი გემოვნებით

ლინოს ზეთი 1.ჩ.კ

1 პატარა ხახვი

40 გრ ვერმიშელი

მარილი

მომზადება:

პატარა ხახვი, ზეითუნის ზეთში 1.ჩ.კ და 2ს.კ წყალში მოვთუშოთ, შევურიოთ 300 გრ გაფცქვნილი და წვრილად დაჭრილი პომიდორი, 2წუთში დავასხათ წყალი 1ჭ +მარილი (ინტეგრირებული უმჯობესია) და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ 10 წუთი. დავამატოთ ცოტა დაახლოებით 1ჩ.კ შაქარი, 1 წუთში დავუმატოთ ვერმიშელი. 4 წუთში სუპი მზადაა. 
ჭამის წინ მოვასხათ ზეითუნის და ლინოს ბიოლოგიური ზეთი გემოვნებით და ბაზილიკო, რომ შევალამაზოთ.

***
მე-4 ვარიანტი

ლობიო და მაკარონი ს სუპი
ინგრედიენტი:

1 სტაფილო

30 გრ მაკარონი

ოხრახუში

ქინძი

200გრ ლობიო

1 კოვზი ლინოს ბიოლოგიური ზეთი

2 კოვზი ზეითუნის ზეთი

1 კარტოფილი

სალვია სუნელია (თუ არ გაქვთ არაუშავს)

მარილი

მომზადება:

ქვაბში 1 კოვზი ზეთი და 3 კოვზი წყალი გავაცხელოთ და დავუმატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და მოვთუშოთ +სალვია+ მოხარშული 200გრ ლობიო თავის ნახარშ წყალთან ერთად +პატარა ოთკუთხედებად დაჭრილი კარტოფილი
10 წუთი ვხარშოთ სახურავის გარეშე+ 30გრ პატარა სუპის მაკარონი (სასურველი ფორმის)
5 წუთში მზადაა.

დავუმატოთ ოხრახუში, ზეითუნის ზეთი და ლინოს ზეთი

ავტორი: მარინა ალადაშვილი

წაიკითხეთ სრულად