სტაფილო შეიცავს A, B1, B2, C, E1, P, კალციუმს, იოდს, Na და რკინას, ასევე დიდი რაოდენობით კაროტინს (კაროტინი ორგანიზმში გარდაიქმენა A ვიტამინად). იმისათვის, რომ კაროტინი ორგანიზმმა შეიწოვოს ის ცხიმთან ერთად უნდა მივიღოთ. მაგალითად, მოვასხათ მას ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი.
ასევე, აუცილებელია სტაფილოს გამოვაცალოთ ე.წ გული, რადგან სწორედ აქ გროვდება ნიტრატები. ნიტრატი თავისთავად მავნე ნივთიერება არაა, მაგრამ კუჭნაწლავში მოხვედრის შემდეგ ის გარდაიქმნება ნიტრიტად, რაც უკვე შხამს წარმოადგენს.
აგრეთვე სასურველია, სტაფილო გამდინარე წყალში გავაჩეროთ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, ეს ხელს შეუწყობს მისგან ნიტრატების გამოდევნას.
„დილით, სანამ ბავშვი საუზმეს მიირთმევს, სასურველია, დავუჭრათ ბულგარული წიწაკა და სტაფილო და წავახემსოთ,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი
პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვთა კვებაში კომბოსტოსა და ბულგარული წიწაკის გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია სელენი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ე.წ. ბრიუსელის კომბოსტო, რომელიც ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტურ ვიტამინებს. ხშირად მშობლები კომბოსტოს არ იყენებენ ბავშვთა კვებაში, თითქოს კომბოსტო დისკომფორტს შეუქმნის ბავშვის კუჭ-ნაწლავს. კომბოსტოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სასარგებლო თვისებები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული.
ძალიან კარგია ბულგარული წიწაკა. სხვათა შორის, მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დილით, სანამ ბავშვი მიირთმევს საუზმეს და მიირთმევს ფაფას, სანამ ეს ყველაფერი გამზადდება (ძირითადად ფაფას აჭმევენ ხოლმე ბავშვებს), სასურველია, ბავშვს დავუჭრათ ცოტა ბულგარული წიწაკა და სტაფილო ცოცხლად და მცირეოდენით წავახემსოთ. ეს აღძრავს მადას, გარდა იმისა, რომ აქვს კაროტინი. ეს უნდა მოხდეს სეზონურად. პროდუქტი უნდა იყოს ქართული. მშობელმა ძალიან უნდა იზრუნოს შვილის კვებაზე და თითოეულ დეტალს უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ ჯანსაღი პროდუქტი მიაწოდოს ბავშვს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.