Baby Bag

​როდიდან უნდა გადავიყვანოთ ბავშვი მყარ კვებაზე და რა უნდა შედიოდეს საკვებ რაციონში? - თემაზე MomsEdu.ge-ს პედიატრი თათია სხირტლაძე ესაუბრა

​როდიდან უნდა გადავიყვანოთ ბავშვი მყარ კვებაზე და რა უნდა შედიოდეს საკვებ რაციონში? - თემაზე MomsEdu.ge-ს პედიატრი თათია სხირტლაძე ესაუბრა

როდიდან უნდა გადავიყვანოთ ბავშვი მყარ კვებაზე და რა უნდა შედიოდეს საკვებ რაციონში? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს პედიატრი თათია სხირტლაძე ესაუბრა.

რა ასაკამდე უნდა იყოს ბავშვი ბუნებრივ კვებაზე?

- დედის რძე ახალშობილი და ჩვილი ბავშვის სრულფასოვანი საკვებია. ბუნებრივი კვების გაგრძელება რეკომენდებულია 2 წლამდე, რა თქმა უნდა, 6 თვიდან დამატებით საკვებთან ერთად. 2 წლამდე ძუძუთი კვება ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ განვითარებას და მოზრდილ ასაკში ქრონიკული დაავადებებისა და სიმსუქნის განვითარების რისკის შემცირებას.

- რა ასაკიდან უნდა გადავიყვანოთ მყარ საკვებზე?

- დამატებითი საკვების მიღების საუკეთესო პერიოდად 6 თვის ასაკია მიჩნეული, იშვიათ შემთხვევაში, განსაზღვრული ჩვენებით და ექიმის გადაწყვეტილებით, დამატებითი კვება ინიშნება 4 თვიდან. პირველი 6 თვის განმავლობაში დედის რძე ან ხელოვნური ნარევი სრულად აკმაყოფილებს ჩვილის მოთხოვნილებას საკვებსა და სითხეზე. ბავშვის ინტენსიურ ზრდასთან ერთად იზრდება მისი კვებითი და ენერგეტიკული მოთხოვნილება, რის გამოც აუცილებელია დედის რძესთან ან ხელოვნურ ფორმულასთან ერთად დამატებითი საკვების მიწოდება. 6 თვიდან საკვების დაწყება ემყარება ასევე ბავშვის ნერვ-კუნთოვანი და საჭმლის მომნელებელი სისტემის მომწიფებას და მზაობას მიიღოს ნახევრადმყარი საკვები, ვითარდება „ღეჭვის რეფლექსი“, შეუძლია ლუკმის ფორმირება და გადაყლაპვა, იწევს საკვებისკენ და აღებს პირს, როცა შია.

- მთლიანი ულუფები უნდა მივცეთ თუ დედის რძესთან ერთად, ნელ-ნელა მივაწოდოთ სხვადასხვა პროდუქტი?

- დამატებით საკვებს მიეკუთვნება ნახევარად მყარი საკვები, როგორებიცაა: მარცვლეულის ფაფა, ბოსტენულის პიურე, ხილფაფა, ხორცისგან დამზადებული საკვები.

ბუნებრივი კვებიდან დამატებით კვებაზე გადასვლა ხორციელდება ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე, ბავშვი ეჩვევა საკვების კოვზიდან მიღებას, პირის ღრუში საკვების გადაადგილებას და გადაყლაპვას, ამიტომ პირველი საკვები უნდა იყოს მცირე რაოდენობის, რბილი კონსისტენციის და შეიცავდეს ერთ ინგრედიენტს.

ბუნებრივი კვება გრძელდება მოთხოვნილების მიხედვით. როდესაც ბავშვი მიეჩვევა კოვზიდან კვებას, უნდა შესთავაზოთ მრავალფეროვანი, შედარებით სქელი კონსისტენციის პიურე ან ფაფა. დაახლოებით 9 თვის ასაკიდან კი ბავშვს შეუძლია მიიღოს დაკეპილი, დაჭყლეტილი საკვები, რაც ხელს უწყობს ღეჭვის განვითარებას. დამატებითი საკვები ეძლევა 2-3 ჯერ დღეში, კვებათა შორის რეკომენდებულია წახემსება - ხილი, ორცხობილა და ა.შ.

ბავშვებისთვის საკვები უნდა მომზადდეს ყოველი კვების წინ ჰიგიენური ნორმების დაცვით და არ არის რეკომენდებული ორი ან მეტი სახეობის ახალი პროდუქტის ერთდროული მიცემა, ბავშვის შეგუება ახალ საკვებთან უნდა მოხდეს თანდათანობით. შესთავაზეთ ბავშვს დამატებითი საკვების მცირე ულუფა (1-2 კოვზი) და ყოველდღიურად გაზარდეთ საკვების რაოდენობა.

ფაფებით უნდა დავიწყოთ თუ ხილ-ბოსტნეულით, რომელი უმჯობესია?

- მკაცრი გამიჯვნა, პირველ ეტაპზე, რომელი უმჯობესია, არ გვაქვს. მარცვლეულის ფაფის დამატება იწყება უგლუტეინო მარცვლეულით, როგორებიცაა - წიწიბურა, ბრინჯი, სიმინდი.

ბოსტნეულის და ხილფაფის პიურეს დაწყება ხდება ერთი სახეობის პროდუქტით, რომელსაც თანდათან ემატება განსხვავებული ხილი და ბოსტნეული 1-2 დღიანი ინტერვალით.

- რა ასაკიდან უნდა შემოვიტანოთ რაციონში ხორცი და როგორი სახით შევთავაზოთ?

- ხორცი ჩვილის რაციონში აუცილებელია დაემატოს 7-8 თვის ასაკიდან. ხორცი მდიდარია ცილით, ასევე შეიცავს რკინას, ბ ჯგუფის ვიტამინებს, ამინომჟავებს, რომლებიც აუცილებელია ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის. თავდაპირველად ხორცის მიცემა უმჯობესია დაქუცმაცებული სახით, ბოსტნეულის პიურესთან ერთად, კვირაში 3-4-ჯერ. არ არის რეკომენდებული ხორცის ნახარშის, ბულიონის მიცემა 2 წლამდე. ამიტომ ხორცი იხარშება ცალკე და შემდეგ ხდება შერევა ბოსტნეულთან. ბავშვის რაციონში ხორცის დამატება უმჯობესია დავიწყოთ ფრინველის ხორცით, ინდაურით ან ქათამით, რომელიც მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, ადვილად ათვისებადია და არ იწვევს ალერგიას, შემდეგ ემატება ხბოს და კურდღლის ხორცი.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

რა პროდუქტებით უნდა იკვებებოდეს ბაღის ასაკის ბავშვი ყოველდღიურად? - პედიატრ ქეთი ნემსაძის რჩევები მშობლებს

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბაღის ასაკის ბავშვის ყოველდღიური კვების რაციონის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაციონში კალორაჟის გათვლა აუცილებელია:

„კვება დაკავშირებულია აუცილებლად ბავშვის განვითარებასთან და მომავალ სწავლებასთან, ათვისების რეჟიმთან. ​კვების რაციონში აუცილებელია კალორაჟის გათვლა. ის დამოკიდებულია ბავშვის სქესზე, ცხოვრების წესზე: არის თუ არა ბავშვი სპორტით დაკავებული.“

ქეთი ნემსაძის თქმით, აუცილებელია, რომ ბავშვმა მიიღოს ცილები, ნახშირწყლები და ბოსტნეული:

​აუცილებელია სამი ჯგუფის საკვების მიღება: ცილა, ნახშირწყლები და ბოსტნეული. რომელ ცილას ვურჩევთ ჩვენ ბავშვებს? ბავშვებს ვურჩევთ მცენარეულ ცილებს: ლობიოს, სოიოს, ბარდას. ცხოველური ცხიმებიდან უპირატესობა ეძლევა ქათამს, ინდაურს და თევზს. რაც შეეხება ბოსტნეულს, კარგია მწვანე და ყვითელი ბოსტნეული ყველანაირი სახის.“

​რაც შეეხება ხილს, რამდენიმე ფერის უნდა იყოს. ნახშირწყლები უნდა იყოს უხეშად დაფქული, დაცეხვილი, როგორიც არის გერკულესის ფაფა, მანანის ფაფა, წიწიბურა. ცხიმებზე რეკომენდაცია ეძლევა რძის პროდუქტებში შემავალ ცხიმებს, ოღონდ არა ცალკე გამოყოფილ ნაჯერ ცხიმოვან მჟავებს. დამატებითი ცხიმი უნდა იყოს მხოლოდ მცენარეული წარმოშობის, როგორიც არის: ავოკადო, მცენარეული ზეთები, ნუშის ცხიმი. ამერიკაში ძალიან პოპულარულია მიწის თხილის ცხიმი. ძირითადად უნდა იყოს მცენარეული ცხიმები,“ - აღნიშნულ საკითხებზე ქეთი ნემსაძემ რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო ფორტუნა

წაიკითხეთ სრულად