Baby Bag

რა პროდუქტები შევთავაზოთ ბავშვებს საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე? - პედიატრი ქეთევან ქვათაძე

რა პროდუქტები შევთავაზოთ ბავშვებს საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე? - პედიატრი ქეთევან ქვათაძე

რა პროდუქტები უნდა შევთავაზოთ ბავშვებს საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე? - ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი, ქეთევან ქვათაძე.

- ბავშვის კვება ძალიან მნიშვნელოვანია მისი სწორი განვითარებისთვის. როგორი უნდა იყოს დღის მანძილზე პატარას კვების გრაფიკი?
​- ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის მნივნელოვანია ჯანსაღი და დაბალანსებული კვება. ბევრი დაავადება, როგორებიც არის: სიმსუქნე, დიაბეტი (ტიპი II), გულსისხლძარღვთა დაავადებები და სხვა, არასწორ კვებასთან პირდაპირ კავშირშია. ბავშვმა უნდა მიიღოს საკვების ის რაოდენობა, რაც საჭიროა ფიზიკური აქტივობის და ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. სწორი რაოდენობით მიღებული საკვები ამცირებს სიმსუქნის რისკს. ულუფის ზომა გამოითვლება ბავშვის ასაკის გათვალისწინებით. პრევენციისთვის საჭიროა პატარა ასაკიდან სწორი კვების ჩამოყალიბება.
საკვები პროდუქტები შემადგენლობის მიხედვით იყოფა ოთხ ძირითად ჯგუფად:
მცირე ასაკის ბავშვები (<2 წელი) ძირითად კვებებს შორის საჭიროებენ წახემსებას:

  • ხილი და ბოსტნეული;
  • პური და მარცვლეული. საკვებში არსებული ნახშირწყლები ენერგიის ძირითადი წყაროა;
  • რძე და რძის პროდუქტები;
  • ხორცი, კვერცხი, თევზი, პარკოსანი მცენარეები (ლობიო, ოსპი, მუხუდო, ბარდა).
ბავშვმა დღის განმავლობაში უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით წყალი.
ბავშვის (>2 წლიდან) დღის პირველი კვება არის საუზმე. ბავშვებს სწორი განვითარებისთვის და ენერგეტიკული ღირებულებისთვის საუზმე ყოველდღე სჭირდებათ. საუზმის შემადგენელი კომპონენტები უნდა იყოს: მარცვლოვანი (პური, ბურღულეული), რძის პროდუქტები, ხილი ან ხილის წვენი, უშაქრო კომპოტიმცირე ასაკის ბავშვებთან (<2 წელი) სასურველია დაემატოს ცხიმი.
მეორე კვება არის სადილი
სადილისგან ბავში იღებს ენერგიის და საჭირო ნივთიერებების დიდ ნაწილს. სადილი უნდა შედგებოდეს: პირველი კერძი (სალათები, ბოსტნეულის წვნიანი), ძირითადი კერძი (ცილის შემცველი პროდუქტები: ხორცი, თევზი, კვერცხი), გარნირი (კარტოფილი, ბოსტნეული, პარკოსნები, ბურღულეული), რძის პროდუქტები (რძე, ყველი, მაწონი, იოგურტი, კეფირი) და დესერტი (ხილი, ხილის პიურე, გამომცხვარი ხილი, ორცხობილა).
თევზის მიღების შემთხვევაში აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს ცივ წყლებში მოპოვებული ცხიმიანი სახეობების თევზებზე, როგორებიც არის: ორაგული, ქაშაყი, ზუთხი, თინუსი და სხვა. ისინი მდიდარია ომეგა სამის ცხიმოვანი მჟავებით.
შემდეგი კვება არის სამხარი. სამხარი უნდა იყოს მსუბუქი და მიირთვან ვახშმამდე 2 საათით ადრე. სამხარი შედგება - მარცვლოვანების, რძის პროდუქტების და ხილისგან.
არ არის რეკომენდებული გაზიანი, ტკბილი სასმელები. ასევე არ არის რეკომენდებული ყავა და შავი ჩაი, 12 წლამდე
არ არის რეკომენდებული ისეთი საკვების გამოყენება, როგორებიც არის ტკბილი ცომისგან მომზადებული ფუნთუშები, დიდი რაოდენობით შოკოლადი. საკონდიტრო ნაწარმები, რომლებიც ბევრ ცხიმს შეიცავს.
არაჯანსაღი საკვები პროდუქტების მიღება დასაშვებია კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად. საკვების მომზადების დროს რეკომენდებულია გამოიყენოთ მცენარეული ცხიმი (მაგალითად, ზეითუნის, რაფსის, სელის ზეთი).
- დაძინებამდე რამდენი ხნით ადრე უნდა მიიღოს საკვები ბავშვმა?
- ბავშვმა სასურველია ძილამდე 1.5-2 საათით ადრე მიიღოს საკვები.
- რა შეგვიძლია შევთავაზოთ დღის ბოლოს?
- შეგიძლიათ შესთავაზოთ უმი ბოსტნეული, ხილი, სენდვიჩები (ყველით, თინუსით, ბოსტნეულით, სალათის ფურცლებით), რძის პროდუქტები. ზოგიერთ მოზრდილ ბავშვს წახემსება კვებებს შორისაც სჭირდება. ხემსის პროდუქტები უნდა იყოს ჯანსაღი, სასურველია, არ შეიცავდეს შაქრის დანამატებს.
ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 https://www.facebook.com/babybag.momsedu.ge