Baby Bag

„თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ლობიო ჩვეულებრივი საკვებია, ძალიან ცდებით,“ - გიორგი ღოღობერიძე ლობიოს 5 სასარგებლო თვისების შესახებ

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ლობიოს შესახებ 5 სასარგებლო ფაქტზე ისაუბრა:

„თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ლობიო ჩვეულებრივი საკვებია, ძალიან ცდებით. 100 გრამი ლობიო რომ ავიღოთ, აქედან 10 გრამი ცილაა. ლობიო არის ცილოვანი საკვები. ერთი ცუდი თვისება აქვს ლობიოს. სამწუხაროდ, ის არ შეიცავს ცხრავე ესენციურ ამინომჟავას, რომელიც უნდა მივიღოთ გარედან. თქვენ შეგიძლიათ ეს მარტივად გამოასწოროთ, თუ ლობიოს მომზადების დროს კერძს დაამატებთ ნიგოზს. ამ შემთხვევაში ლობიო იქნება იდეალური, სრულფასოვანი ცილოვანი საკვები.

ლობიოში ბევრი ფოლიუმის მჟავაა, რომელიც ახდენს ჩვენს ორგანიზმში უჯრედების წარმოქმნას. ლობიოში ბლომად გვაქვს რკინაც. თუ ჩვენ ვსაუბრობთ მოზარდზე, მისი სხეული რადგან იზრდება, რკინაზე მოთხოვნილება მეტი აქვს. თუ ვსაუბრობთ ასაკოვან ადამიანზე, მის ორგანიზმში რკინის ათვისება ძნელდება. თუ საქმე ეხება საკვებს, რომელიც რკინას შეიცავს, ერთ-ერთი იქნება ლობიო.

ლობიოში დიდი რაოდენობით არის რთული ნახშირწყლები. ისინი ეხმარებიან ჩვენს ნაწლავებს სწორ პერისტალტიკაში, აყალიბებენ სწორ ბაქტერიულ ფლორას, ორგანიზმში შეიწოვებიან ეტაპობრივად. ლობიოში ძალიან ბევრი ანტიოქსიდანტია. სწორედ ისინი გვიცავენ ჩვენ ჟანგბადის თავისუფალი რადიკალებისგან.

სამწუხაროდ, ლობიოში არის ორი მავნე ნივთიერება. ერთ-ერთი არის ფიტის მჟავა, რომელიც ორგანიზმში D ვიტამინის ცვლას არღვევს. თუ თქვენ D ვიტამინი გაკლიათ, ლობიოს ყოველდღიურად მიღება არ არის რეკომენდებული. ლობიოში კიდევ არის ერთი მავნე ნივთიერება, ლექტინი, რომელიც ტოქსინებს მიეკუთვნება.

როგორ მოიქცე ისე, რომ შენ ლობიოსგან მხოლოდ კარგი მიიღო და ცუდი არაფერი დაგრჩეს? ლობიო შეძენის შემდეგ ძალიან კარგად გარეცხეთ და თუ მასში ერთი გაფუჭებული მარცვალი მაინც არის, მოაშორეთ. ხომ ვიცი, ზოგიერთი დატოვებს იმ მარცვალს, არაუშავს, ერთი ცალიაო. არა, ის ერთი გაფუჭებული მარცვალიც უნდა მოაშორო! როდესაც ლობიოს მომზადებას დააპირებ, მთელი ღამე გააჩერე, ამგვარად მასში არსებული ანტინუტრიენტები გამოილექება. ეს წყალი გადაღვარე. როდესაც ლობიო მოიხარშება, კიდევ ადუღე. დუღილის ტემპერატურაზე ამყოფე 10 წუთის განმავლობაში. ეს მასში არსებულ ტოქსინებს ბოლომდე დაშლის,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​„მთავარი დიაგნოზი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

მაიონეზის ჩანაცვლება სალათებში შესაძლებელია ლიმონის წვენით ან გაწურული მაწვნით - რით ჩავანაცვლოთ არაჯანსაღი პროდუქტები, რომ წონაში დავიკლოთ

მაიონეზის ჩანაცვლება სალათებში შესაძლებელია ლიმონის წვენით ან გაწურული მაწვნით - რით ჩავანაცვლოთ არაჯანსაღი პროდუქტები, რომ წონაში დავიკლოთ

დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ​ჩვენი წინა რუბრიკის მიმართ დიდი ინტერესის გამო ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა დღეს ჩამოგითვლით იმ 10 პროდუქტს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ჩანაცვლდეს წინა სტატიაში ჩამოთვლილი ტ​ოპ 10 საკვ​ები პროდუქტი, რომლებიც წონაში სწრაფად მატებას იწვე​ვს.

  • ნაღების კარაქი შესაძლებელია ჩანაცვლდეს ავოკადოთი - მდიდარია ცხიმითა და ვიტამინებით. მის შემადგენლობაშია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა. შეიცავს B ჯგუფის, C, K, E, A, D, PP ვიტამინებს, თუთიას, სპილენძს, სელენს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, მაგნიუმს, საკვებ ბოჭკოებს. არ შეიცავს ქოლესტერინს და ნატრიუმს.
  • მაიონეზის ჩანაცვლება სალათებში თავისუფლად შესაძლებელია ლიმონის წვენით ან გაწურული მაწვნით - საკვები პროდუქტი ამ მეთოდით გახდება ბევრად სასარგებლო და ჯანსაღი.
  • ჩიფსები შესაძლებელია ჩანაცვლდეს ჩირეულით (ქლიავი, ვაშლი და ა.შ), ჩირეული თავისუფლად შეიძლება გამოვიყენოთ ბავშვთა რაციონშიც.
  • შემწვარი ხორცი უნდა ჩავანაცვლოთ მოხარშული ხორცით, ცხიმის ნაკლები შემცველობის გამო პროდუქტი იქნება ჯანსაღი და სასარგებლო.
  • ტკბილეული - შეგვიძლია მივირთვათ მაღალპროცენტიანი შავი შოკოლადი. 25 გრამი შავი შოკოლადი ის რაოდენობაა, რომელიც ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის დროსაც კი დასაშვებია.
  • ცხიმიანი რძის ნაწარმის ნაცვლად მივირთვათ უცხიმო რძის ნაწარმი, რითაც ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას ავირიდებთ.
  • ძეხვეული და სოსისის ნაცვლად სასურველი და სასარგებლოა, მივიღოთ ზღვის პროდუქტები.
  • ტკბილი გაზიანი სასმელები ჩავანაცვლოთ არატკბილი გაზიანი სასმელებით, ზოგადად სასურველია, მივიღოთ გაზგასული მინერალური წყალი, რადგან გაზიანი სასმელები კუჭს მოცულობაში ზრდიან და ადამიანს კიდევ უფრო მეტი საკვების მირთმევის სურვილი უჩნდება.
  • შემწვარი კარტოფილი ჩავანცვლოთ მოხარშული კარტოფილით, თუმცა კარტოფილთან დაკავშირებით სასურველია, უფრო თავშკავებულნი ვიყოთ მისი მაღალ კალორიულობის გამო, ხოლო თუ არჩევანზეა, აუცილებლად უპირატესობა მის მოხარშულ ვერსიას მივანიჭოთ.
  • რაც შეეხება ალკოჰოლს, ალკოჰოლური სასმელის ალტერნატივას ვერ შემოგთავაზებთ, სასურველია, ორგანიზმს მივაწოდოთ ახლადდაწურული ხილის წვენები და მივიღოთ რაც შეიძლება მეტი ონკანის წყალი.

​ბოლოს ხაზგასმით უნდა აღვნშნოთ ისევ, რომ წონის მატება შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა პროდუქტმა თუ მას გამოვიყენებთ განუზომელი რაოდენობით.


​გისურვებთ ჯანმრთელობას!

წაიკითხეთ სრულად