Baby Bag

„თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ლობიო ჩვეულებრივი საკვებია, ძალიან ცდებით,“ - გიორგი ღოღობერიძე ლობიოს 5 სასარგებლო თვისების შესახებ

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ლობიოს შესახებ 5 სასარგებლო ფაქტზე ისაუბრა:

„თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ლობიო ჩვეულებრივი საკვებია, ძალიან ცდებით. 100 გრამი ლობიო რომ ავიღოთ, აქედან 10 გრამი ცილაა. ლობიო არის ცილოვანი საკვები. ერთი ცუდი თვისება აქვს ლობიოს. სამწუხაროდ, ის არ შეიცავს ცხრავე ესენციურ ამინომჟავას, რომელიც უნდა მივიღოთ გარედან. თქვენ შეგიძლიათ ეს მარტივად გამოასწოროთ, თუ ლობიოს მომზადების დროს კერძს დაამატებთ ნიგოზს. ამ შემთხვევაში ლობიო იქნება იდეალური, სრულფასოვანი ცილოვანი საკვები.

ლობიოში ბევრი ფოლიუმის მჟავაა, რომელიც ახდენს ჩვენს ორგანიზმში უჯრედების წარმოქმნას. ლობიოში ბლომად გვაქვს რკინაც. თუ ჩვენ ვსაუბრობთ მოზარდზე, მისი სხეული რადგან იზრდება, რკინაზე მოთხოვნილება მეტი აქვს. თუ ვსაუბრობთ ასაკოვან ადამიანზე, მის ორგანიზმში რკინის ათვისება ძნელდება. თუ საქმე ეხება საკვებს, რომელიც რკინას შეიცავს, ერთ-ერთი იქნება ლობიო.

ლობიოში დიდი რაოდენობით არის რთული ნახშირწყლები. ისინი ეხმარებიან ჩვენს ნაწლავებს სწორ პერისტალტიკაში, აყალიბებენ სწორ ბაქტერიულ ფლორას, ორგანიზმში შეიწოვებიან ეტაპობრივად. ლობიოში ძალიან ბევრი ანტიოქსიდანტია. სწორედ ისინი გვიცავენ ჩვენ ჟანგბადის თავისუფალი რადიკალებისგან.

სამწუხაროდ, ლობიოში არის ორი მავნე ნივთიერება. ერთ-ერთი არის ფიტის მჟავა, რომელიც ორგანიზმში D ვიტამინის ცვლას არღვევს. თუ თქვენ D ვიტამინი გაკლიათ, ლობიოს ყოველდღიურად მიღება არ არის რეკომენდებული. ლობიოში კიდევ არის ერთი მავნე ნივთიერება, ლექტინი, რომელიც ტოქსინებს მიეკუთვნება.

როგორ მოიქცე ისე, რომ შენ ლობიოსგან მხოლოდ კარგი მიიღო და ცუდი არაფერი დაგრჩეს? ლობიო შეძენის შემდეგ ძალიან კარგად გარეცხეთ და თუ მასში ერთი გაფუჭებული მარცვალი მაინც არის, მოაშორეთ. ხომ ვიცი, ზოგიერთი დატოვებს იმ მარცვალს, არაუშავს, ერთი ცალიაო. არა, ის ერთი გაფუჭებული მარცვალიც უნდა მოაშორო! როდესაც ლობიოს მომზადებას დააპირებ, მთელი ღამე გააჩერე, ამგვარად მასში არსებული ანტინუტრიენტები გამოილექება. ეს წყალი გადაღვარე. როდესაც ლობიო მოიხარშება, კიდევ ადუღე. დუღილის ტემპერატურაზე ამყოფე 10 წუთის განმავლობაში. ეს მასში არსებულ ტოქსინებს ბოლომდე დაშლის,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​„მთავარი დიაგნოზი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით - ექიმ მარი მილორავას რჩევები

დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით - ექიმ მარი მილორავას რჩევები

ექიმმა მარი მილორავამ სისხლის ჯგუფების მიხედვით სწორი კვების სტრატეგიებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ორგანიზმისთვის გენეტიკურად მისაღები პროდუქტებით კვება:

„სწორი წონა, პირველ რიგში, არის ჯანმრთელობა. თუ გვინდა, ვიყოთ ჯანმრთელები, ​უნდა მივიღოთ ის პროდუქტები, რომლებიც ჩვენი ორგანიზმისთვის არის გენეტიკურად მისაღები. სამედიცინო თვალსაზრისით, არის სხვადასხვა ჯგუფის სისხლი: A და B ანტიგენის შემადგენლობის მიხედვით სისხლში. პირველ ჯგუფს საერთოდ არ აქვს ეს ანტიგენი. მეორე ჯგუფს აქვს A, მესამეს B, მეოთხეს აქვს ორივე. პირველი ჯგუფის სისხლი არის ყველაზე ძველი, პირველი ადამიანის სისხლი. ამ სისხლის ასაკია 40 000 წელი. ეს სისხლი არის მონადირეების. რითი იკვებებოდნენ მონადირეები? ხორცით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პირველი ჯგუფისთვისაა წითელი ხორცი. შეგიძლიათ სიამოვნებით მიირთვათ სისხლიანი ბივშტექსები. პირველი ჯგუფისთვის ფრინველის ხორცი ნაკლებად რეკომენდებულია. პირველი ჯგუფისთვის შეიძლება ყველანაირი ბოსტნეული, უმიც, მოხარშულიც.არის ერთი ყოველდღიური ბოსტნეული, რომელიც პირველი ჯგუფისთვის არ ვარგა. ეს არის კომბოსტო. ყვავილოვანი კომბოსტოც არ არის სასურველი. სისხლის პირველ ჯგუფს აქვს ძლიერი მიდრეკილება შაქრის დონის შეცვლისადმი, ამიტომ კარტოფილი დიდი რაოდენობით არ შეიძლება. ბადრიჯანი შეიძლება, მაგრამ ისიც მცირე რაოდენობით. რაც შეეხება ხილს, სასურველია არ იყოს ციტრუსი და არ იყოს ყვითელი. ხილი უნდა იყოს წითელი, მოშავო. თუთა ძალიან კარგია, ასევე ალუბალი, ლეღვი, ქლიავი. ბალი დიდი რაოდენობით არ შეიძლება. პირველი ჯგუფისთვის არ არის სასურველი რძის პროდუქტები. შეიძლება კამეჩის სულგუნი. არ არის მისაღები ბურღულეული. პირველ ჯგუფს უმთავრესად აქვს გლუტენის აუტანლობა. შეიძლება ცოტა რაოდენობით შვრია. სულ რომ იღებენ შვრიას საუზმეზე, ასეთი რამ არ შეიძლება პირველი ჯგუფის სისხლისთვის. ძალიან კარგია ასკილის ჩაი, პიტნის და გვირილის ჩაი. საკვებისთვის გემოს მისაცემად და ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებისთვის ძალიან კარგია სანელებლები. პირველი ჯგუფისთვის კარგია კურკუმა და კარი.“

მარი მილორავას თქმით, მეორე ჯგუფის სისხლისთვის კარგია თევზეული:

„მეორე ჯგუფის სისხლისთვის ძალიან კარგია თევზეული, ასევე ზღვის პროდუქტები, განსაკუთრებით ლოკოკინა. კარგია ბურღულეულიც, განსაკუთრებით წიწიბურა და ფეტვი, შვრია - არა. დიეტების დროს მიღებულია საღამოს ცილის ჭამა, რომ გვიან ჭამა არ მოგვინდეს. შეიძლება ფრინველის ხორცი, ქათამი და ინდაური. წითელი ხორცი არ ვარგა მეორე ჯგუფის სისხლისთვის. კარგია ყვითელი ხილი, ციტრუსი, გარგარი, ატამი, ანანასი და გრეიფრუტი. სანელებლებიდან კარგია დარიჩინი. მეორე ჯგუფს აქვს უმთავრესად ლაქტოზის აუტანლობა, ​განსაკუთრებით რძე არ შეიძლება. ყველი არ არის სასურველი. მეორე ჯგუფი ეს არის მომთაბარეების ჯგუფი. ასაკი არის 25 000 წელი.“

მარი მილორავამ აღნიშნა, რომ მესამე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანს კარგი საჭმლის მომნელებელი სისტემა აქვს და მისთვის თითქმის ყველაფერი მისაღებია:

„მესამე ჯგუფის სისხლი არის მიწათმოქმედების. ასაკი არის 10-15 ათასი წელი. მესამე ჯგუფს აქვს ყველაზე ძლიერი იმუნიტეტი და ყველაზე კარგი საჭმლის მომნელებელი სისტემა. მესამე ჯგუფისთვის შეიძლება პრაქტიკულად ყველაფერი. არ შეიძლება ავოკადო და ბროწეული. ყურძენი, ბანანი, ყველა ჯიშის ლობიო, კარტოფილი მესამე ჯგუფისთვის შეიძლება. ​შეიძლება ცხვრის ხორცი. მესამე ჯგუფისთვის განსაკუთრებით კარგია ხაჭო.“

„მეოთხე ჯგუფის სისხლს აქვს იმუნიტეტი კარგი, მაგრამ მომნელებელი სისტემა აქვს ძალიან ცუდი. ლობიოს ვერ იღებს მეოთხე ჯგუფის სისხლი. ​მსხვილმარცვლოვანი ბურღულეული კარგია. მეოთხე ჯგუფისთვის სასურველია რძემჟავა პროდუქტები. აუცილებლად უნდა მიირთვან მწვანე ბოსტნეული. ისტორიულად ეს არის ყველაზე თანამედროვე, 1500 წლის სისხლის ჯგუფი. სისხლის ჯგუფები მეტ-ნაკლებად განსაზღვრავს ადამიანის ხასიათს. პირველი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები არიან ლიდერები. მეორე ჯგუფის სისხლი არის ძალიან შრომისმოყვარე ხალხი. მესამე ჯგუფის სისხლის მქონეები არიან კარგი მენეჯერები. ყველაზე მეტი გენიოსი არის მეოთხე ჯგუფის სისხლით,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარი მილორავამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად