Baby Bag

ბავშვის კვების 7 პრინციპი ევგენი კომაროვსკისგან

ბავშვის კვების 7 პრინციპი ევგენი კომაროვსკისგან

ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი მშობლებს ბავშვის კვების 7 მთავარ პრინციპს აცნობს:

1. ნუ შექმნით კვების კულტს. უმადო ბავშვის კვება უსარგებლოა და შესაძლოა, საზიანოც იყოს მისი ჯანმრთელობისთვის. ყველაზე ხშირად ბავშვი უმადობას იმის გამო გრძნობს, რომ ენერგია სათანადოდ არ დაუხარჯავს. ბავშვის მადის გასაძლიერებლად მისი დღის ორგანიზება იმგვარად უნდა მოხდეს, რომ მან მეტად იაქტიუროს და მეტი ენერგია დახარჯოს.

2. გაითვალისწინეთ ბავშვის მხრიდან საკვებზე უარის თქმის მიზეზები. შესაძლოა, ამის უკან კბილის ტკივილი, ცუდი განწყობა ან სხვა მიზეზი დგას. უყურადღებოდ არ დატოვოთ ბავშვის ფიზიკური თუ მენტალური მდგომარეობა, რომელიც უმადობას იწვევს.

3. თუ ბავშვი ავადაა, როგორც წესი, ის კვებაზე უარს ამბობს. ეს ბუნებრივია და ნუ დააძალებთ მას საკვების მიღებას. ორგანიზმი ამ გზით ენერგიას ზოგავს, რათა ინფექციას გაუმკლავდეს. ის ცდილობს, რომ ენერგია საკვების გადამუშვებაზე არ დახარჯოს.

4. კვების რეჟიმი აუცილებლად უნდა არსებობდეს, თუმცა ის არა დროის მიხედვით, არამედ ბავშვის მადისა და საკვების მომზადების განრიგის თანახმად უნდა განსაზღვროთ.

5. ნუ აიძულებთ ბავშვს წვნიანის ჭამას. არაფერი ამყარებს მშობლების მტკიცებას, რომ აუცილებელია ბავშვმა დღეში ერთხელ მაინც მიირთვას ცხელი, წვნიანი კერძი. ათობით ქვეყანაში წვნიანს საერთოდ არ მიირთმევენ, თუმცა ბავშვები ჯანმრთელები იზრდებიან.

6. ბავშვმა ყველაზე უკეთ იცის, როდის და რამდენი უნდა მიირთვას.

7. მივცეთ თუ არა ბავშვს ტკბილეული? ბავშვს ტკბილეულის ზომიერად მიღების შესაძლებლობა უნდა მივცეთ. ტკბილის ჭარბად სიყვარული პანკრეასს საფრთხეს უქმნის ნახშირწყლების სწრაფი დაშლის გამო, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტკბილეული ენერგიისა და სიხარულის წყაროა. როდესაც ბავშვს ნაყინს ან სხვა ტკბილეულს აძლევთ, უნდა იფიქროთ იმაზე, თუ როგორ დახარჯავს ის მიღებულ ენერგიას.

წყარო:​ tuapsevesti.ru 

შეიძლება დაინტერესდეთ

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით?

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით? - კითხვას ექიმი ლევან ხარაშვილი პასუხობს. 

მისი თქმით, საწოვარას დავარდნის შემდეგ არ არის აუცილებელი, რომ ის მდუღარე წყლით გავრეცხოთ:

,,ადუღებული წყლის დასხმით, შეიძლება ისეთი ნივთიერება გამოიყოს, რომელიც არ არის სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის. ცხელი წყლისგან შეიძლება დადნეს ან დეფორმაციაც განიცადოს საწოვარამ. ჩვეულებრივი, გამდინარე ონკანის წყლით შეიძლება გავრეცხოთ საწოვარა და დავუბრუნოთ ბავშვს,'' - აღნიშნა ლევან ხარაშვილმა. 

ექიმის თქმით, არანაირად არ შეიძლება, ძირს დავარდნილი საწოვარა დედამ გამოივლოს პირში და შემდეგ დაუბრუნოს პატარას:

,,სამედიცინო თვალსაზრისით, მიუღებელია მსგავსი ქმედება, რადგან ადამიანის პირის ღრუ მიკრობებით ყველაზე მეტად დაბინძურებული ადგილია. ამიტომ ძირს დავარდნილს კიდევ ჩვენი მიკროფლორა დავუმატოთ და ბავშვს ჩავუდოთ, არასწორია.''

წყარო: ​,,ჯანმრთელობის ფორმულა''

წაიკითხეთ სრულად