Baby Bag

ბავშვის კვების 7 პრინციპი ევგენი კომაროვსკისგან

ბავშვის კვების 7 პრინციპი ევგენი კომაროვსკისგან

ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი მშობლებს ბავშვის კვების 7 მთავარ პრინციპს აცნობს:

1. ნუ შექმნით კვების კულტს. უმადო ბავშვის კვება უსარგებლოა და შესაძლოა, საზიანოც იყოს მისი ჯანმრთელობისთვის. ყველაზე ხშირად ბავშვი უმადობას იმის გამო გრძნობს, რომ ენერგია სათანადოდ არ დაუხარჯავს. ბავშვის მადის გასაძლიერებლად მისი დღის ორგანიზება იმგვარად უნდა მოხდეს, რომ მან მეტად იაქტიუროს და მეტი ენერგია დახარჯოს.

2. გაითვალისწინეთ ბავშვის მხრიდან საკვებზე უარის თქმის მიზეზები. შესაძლოა, ამის უკან კბილის ტკივილი, ცუდი განწყობა ან სხვა მიზეზი დგას. უყურადღებოდ არ დატოვოთ ბავშვის ფიზიკური თუ მენტალური მდგომარეობა, რომელიც უმადობას იწვევს.

3. თუ ბავშვი ავადაა, როგორც წესი, ის კვებაზე უარს ამბობს. ეს ბუნებრივია და ნუ დააძალებთ მას საკვების მიღებას. ორგანიზმი ამ გზით ენერგიას ზოგავს, რათა ინფექციას გაუმკლავდეს. ის ცდილობს, რომ ენერგია საკვების გადამუშვებაზე არ დახარჯოს.

4. კვების რეჟიმი აუცილებლად უნდა არსებობდეს, თუმცა ის არა დროის მიხედვით, არამედ ბავშვის მადისა და საკვების მომზადების განრიგის თანახმად უნდა განსაზღვროთ.

5. ნუ აიძულებთ ბავშვს წვნიანის ჭამას. არაფერი ამყარებს მშობლების მტკიცებას, რომ აუცილებელია ბავშვმა დღეში ერთხელ მაინც მიირთვას ცხელი, წვნიანი კერძი. ათობით ქვეყანაში წვნიანს საერთოდ არ მიირთმევენ, თუმცა ბავშვები ჯანმრთელები იზრდებიან.

6. ბავშვმა ყველაზე უკეთ იცის, როდის და რამდენი უნდა მიირთვას.

7. მივცეთ თუ არა ბავშვს ტკბილეული? ბავშვს ტკბილეულის ზომიერად მიღების შესაძლებლობა უნდა მივცეთ. ტკბილის ჭარბად სიყვარული პანკრეასს საფრთხეს უქმნის ნახშირწყლების სწრაფი დაშლის გამო, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტკბილეული ენერგიისა და სიხარულის წყაროა. როდესაც ბავშვს ნაყინს ან სხვა ტკბილეულს აძლევთ, უნდა იფიქროთ იმაზე, თუ როგორ დახარჯავს ის მიღებულ ენერგიას.

წყარო:​ tuapsevesti.ru 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხანდაზმულ პაციენტს სამ პრეპარატზე მეტი არ უნდა დაენიშნოს,“ - გერიატრი დინარა რამიშვილი

„ხანდაზმულ პაციენტს სამ პრეპარატზე მეტი არ უნდა დაენიშნოს,“ - გერიატრი დინარა რამიშვილი

გერიატრმა დინარა რამიშვილმა ხანდაზმულ ადამიანებში მედიკამენტების მოხმარების წესების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ გარკვეული მედიკამენტები ხანდაზმულებზმა სიფრთხილით უნდა გამოიყენონ:

​არის ისეთი მედიკამენტები, რომლებიც ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მივიღოთ. ჩვენ რომ მივიღოთ საღამოს თბილი რძე თაფლით, უკეთ დაგვაძინებს, ვიდრე მედიკამენტი. რადგან ასაკოვანი ხარ, ეს არ ნიშნავს, რომ მედიკამენტს არ მიიღებ. დაგინიშნავენ, მაგრამ მხოლოდ იმას, რაც გჭირდება. მოხუცებში ყველა დაავადება არ საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას. ტკივილგამაყუჩებელი არ არის აუცილებელი. გავაკეთებთ ვარჯიშებს, მასაჟებს, ვისაც რა შეეფერება, რომ თავი ავარიდოთ მედიკამენტს.“

დინარა რამიშვილის თქმით, ​ხანდაზმულებში ოქროს წესია მცირე დოზის პრინციპი:

„ხანდაზმულებში ოქროს წესია მცირე დოზის პრინციპი. თუ ჩვენ შუახნის ადამიანს ვუნიშნავთ 0,5 მილიგრამ რომელიმე პრეპარატს, ხანდაზმულს უნდა დაენიშნოს 0,3 ან 0,25. ის მეტს ვერ აიტანს. ხანდაზმულ ასაკში ყველა ფუნქცია ქვეითდება. ნებისმიერი მედიკამენტის ნარჩენი პროდუქტები გამოიყოფა ღვიძლის ან თირკმელების გზით. ხანდაზმული ადამიანის თირკმელი ვერ გამოყოფს იმდენს, რამდენიც არის საჭირო, ხდება დაგროვება.“

„დამამშვიდებლები, სედატიური საშუალებები პირდაპირ იწვევს დემენციას. ტკივილგამაყუჩებლები იწვევს კუჭ-ნაწლავის წყლულოვან დაავადებებს. ისედაც სავალალო მდგომარეობაში გვაქვს კუჭ-ნაწლავი. ასაკოვან ხალხში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია კუჭის მოქმედება. ხანდაზმულ პაციენტს სამ პრეპარატზე მეტი არ უნდა დაენიშნოს. სამი პრეპარატი თუ კარგად აიტანა, ესეც უნდა გვიხაროდეს. ​მე არ ვეტყვი, რომ წნევის წამალი არ დალიონ, მე არ ვეტყვი, რომ არითმიისთვის წამალი არ დალიონ, მაგრამ ვეტყვი, რომ ტკივილგამაყუჩებლები გადადეთ, არ არის აუცილებელი. გაიარეთ ცოტა, იმოძრავეთ. საძილეც არ არის აუცილებელი. ტვინის უჯრედების მკვებავი ჟანგბადზე უკეთესი არაფერი არ არის,“ - აღნიშნულ საკითხებზე დინარა რამიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად