Baby Bag

რამდენი ნაჭერი პურის მირთმევაა დასაშვები ბავშვისთვის სადილზე? - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვის ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანსაღი იმუნური სისტემა ყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რასაც ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ამაში იგულისხმება სწორი კვებაც. ვიცით, რომ ბავშვს დაბადებისას არ აქვს გემოვნების რეცეპტორები. რაც უფრო ადრე შევაჩვევთ ბავშვს სწორი საკვების მიღებას, რეჟიმში კვებას, მისი გემოვნებაც ყალიბდება სწორად.

რა ითვლება სწორ კვებად? პირველ რიგში, ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორი არის დედის რძე. უფრო დიდ ასაკში, თეფში რომ დავყოთ ოთხ ნაწილად, ეს არის: ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული, რძის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები. არ არის აუცილებელი ეს იყოს დიდი რაოდენობით. თუნდაც ცოტა, მაგრამ ხშირად უნდა მიიღოს ბავშვმა.

სადილზე ორი ნაჭერი პური აბსოლუტურად დასაშვებია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, ცომეული უნდა ვაკონტროლოთ. როდესაც ბავშვი რაღაც პროდუქტს არ იღებს, ამ დროს მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რაღაც ფორმა გამოინახოს ბავშვისთვის პროდუქტის მისაწოდებლად. თუ ხილს არ ჭამს, რაღაც საკვებში უნდა აურიოთ, თუნდაც ხაჭოში, რძის ნაწარმში. არსებობს მიდგომები, რომლითაც ვახერხებთ, რომ ბავშვებში ეს საკვები ჩავრთოთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც წყალს ვავლებთ, ადრეული ასაკის გოგონა უნდა დავიკავოთ ზურგზე,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

„როდესაც წყალს ვავლებთ, ადრეული ასაკის გოგონა უნდა დავიკავოთ ზურგზე,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვის სწორად დაბანის წესებზე ისაუბრა:

„თქვენ გინახავთ, როდესაც ბავშვი უნდა დაბანოს მშობელმა, მოყვანილი ჰყავს 3 დამხმარე, 2 მედდა, დედა, დედამთილი და იწყება დაბანა. სჯობს იყოს ერთი დამხმარე - დედა ან მეუღლე. როდესაც არ იქნება დიდი რაოდენობით ხალხი ჩართული, არანაირ ტრავმას ბავშვს ჩვენ არ მივაყენებთ. ბავშვს წყალში ტანი უნდა ჩავაყოფინოთ სრულად და თავი დავუჭიროთ.

ადრეული ასაკის ბავშვი უნდა დაიბანოს დღეში ერთხელ. დაბანის დროს ბავშვის დაჭერის მანერაში არანაირი განსხვავება არ არის გოგოსა და ბიჭს შორის, მაგრამ როდესაც წყალს ვავლებთ, იმისთვის, რომ ადრეული ასაკის გოგონებში არ განვითარდეს საშარდე გზების ინფექცია, ბავშვი უნდა დავიკავოთ ზურგზე და ვეცადოთ, რომ ჭიპიდან პირიქით ქვემოთ ჩავბანოთ, რომ უკან არსებული ფეკალიები ზემოთ არ ამოვიტანოთ. რაც შეეხება ბიჭს, როგორც გინდათ ისე ჩაბანეთ. ბანაობის შემდეგ შეგვიძლია ბავშვს 2-3 ლიტრა წყალი გადავავლოთ და ამ დროს გოგონა უნდა დავიკავოთ ამ პოზაში.

ბავშვისთვის უნდა შევარჩიოთ საპონი, რომელიც თვალს არ წვავს. ბავშვს ჩვეულებრივად ამშრალებთ. კარგად გაამშრალეთ ყურის უკანა ნაწილი, ნაკეცები და შორისის მიდამოები. ყური ბავშვს უნდა გამოწმინდოთ ჩვეულებრივი ბამბის ტამპონით და არა ყურის ჩხირებით,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ გადაცემაში „თქვენი კლინიკა“ ისაუბრა.

წყარო:​ „თქვენი კლინიკა“

წაიკითხეთ სრულად