Baby Bag

რამდენი ნაჭერი პურის მირთმევაა დასაშვები ბავშვისთვის სადილზე? - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვის ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანსაღი იმუნური სისტემა ყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რასაც ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ამაში იგულისხმება სწორი კვებაც. ვიცით, რომ ბავშვს დაბადებისას არ აქვს გემოვნების რეცეპტორები. რაც უფრო ადრე შევაჩვევთ ბავშვს სწორი საკვების მიღებას, რეჟიმში კვებას, მისი გემოვნებაც ყალიბდება სწორად.

რა ითვლება სწორ კვებად? პირველ რიგში, ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორი არის დედის რძე. უფრო დიდ ასაკში, თეფში რომ დავყოთ ოთხ ნაწილად, ეს არის: ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული, რძის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები. არ არის აუცილებელი ეს იყოს დიდი რაოდენობით. თუნდაც ცოტა, მაგრამ ხშირად უნდა მიიღოს ბავშვმა.

სადილზე ორი ნაჭერი პური აბსოლუტურად დასაშვებია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, ცომეული უნდა ვაკონტროლოთ. როდესაც ბავშვი რაღაც პროდუქტს არ იღებს, ამ დროს მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რაღაც ფორმა გამოინახოს ბავშვისთვის პროდუქტის მისაწოდებლად. თუ ხილს არ ჭამს, რაღაც საკვებში უნდა აურიოთ, თუნდაც ხაჭოში, რძის ნაწარმში. არსებობს მიდგომები, რომლითაც ვახერხებთ, რომ ბავშვებში ეს საკვები ჩავრთოთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მინდა გესაუბროთ ერთი ძალიან გავრცელებული ფენომენის შესახებ, რომელიც შეიძლება ახლაც გაწუხებთ,“- გიორგი ღოღობერიძე

„მინდა გესაუბროთ ერთი ძალიან გავრცელებული ფენომენის შესახებ, რომელიც შეიძლება ახლაც გაწუხებთ,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ მოსახლეობაში გავრცელებული ფენომენის, კუნთების კრთომის შესახებ ისაუბრა და მისი გამომწვევი მიზეზები დაასახელა:

„მინდა გესაუბროთ ერთი ძალიან გავრცელებული ფენომენის შესახებ, რომელიც თქვენ შეიძლება გაწუხებდათ ოდესმე ან შეიძლება ახლაც გაწუხებთ. ეს არის კუნთების კრთომა. ალბათ, გამოგიცდია, როდესაც ფეხზე კუნთები თავისით შეიკუმშება. ამ კუნთების კრთომას გააჩნია როგორც სერიოზული გამომწვევი ფაქტორები, ასევე მარტივი მიზეზებიც. გეტყვი როგორ მოაგვარო ეს პრობლემა.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, ფასციკულაცია მოსახლეობის 70%-ს აქვს:

„კუნთების უნებლიე კრთომას ფასციკულაცია ჰქვია. ეს აღენიშნება მოსახლეობის დაახლოებით 70%-ს. ფასციკულაციის მიზეზი შეიძლება იყოს ასაკი, სტრესი. სტრესში მიდრეკილება მეტია. ფიზიკური აქტივობის მერე ყველაზე ტიპურია კუნთების კრთომა. მეოთხე მიზეზია ბევრი კოფეინის მიღება, ასევე ენერგეტიკული სასმელების, ბრონქული ასთმის საწინააღმდეგო წამლების მიღება. ფასციკულაციების მიზეზი შეიძლება იყოს შფოთვა, ალკოჰოლი. შფოთვის დროს მომატებულია ნერვული სისტემის აღგზნებადობა.“

„თუ ასაკოვანი არ ხარ, ალკოჰოლს, კოფეინს არ მოიხმარ, სტრესში არ ხარ და კუნთების უნებლიე კრთომა მაინც გაწუხებს, მაშინ უნდა მოიქცე შემდეგნაირად: პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადება. ფასციკულაციები ძალიან ხშირია იმ ადამიანებში, ვინც ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტებს სვამს. მე მინდა, რომ გითხრა მთავარი მიზეზი ფასციკულაციებისა. წამყვანი მიზეზი არის მაგნიუმის ნაკლებობა, როდესაც ფასციკულაციები ვითარდება. როდესაც ვიღაცას მაგნიუმი აკლდება, შეიძლება მას ჰქონდეს კუნთების უნებლიე შეკუმშვები, შესაძლოა იყოს ტრემორი, მიდრეკილება არითმიებისკენ. თუ შენ გაწუხებს ფასციკულაციები, დროებით თავი დაანებე კოფეინის მიღებას, ალკოჰოლის მიღებას, კარგად გამოიძინე. თუ ფასციკულაციები მაინც გრჩება, შეივსე მაგნიუმის რაოდენობა. სჯობს მაგნიუმი საკვებიდან მიიღო. ის ბევრია ავოკადოში, ბანანში, თხილში, ნუშის, გოგრის თესლში, მწვანე საკვებში. ჩვეულებრივი ბანალური ფასციკულაციები თითქმის ყველას გვაქვს. შეუძლებელია, ამ ვიდეოს უყურებდე და მსგავსი რამ ერთხელ მაინც არ გქონდეს გამოცდილი. თუ ფასციკულაციები ყველა მცდელობის შემდეგ მაინც რჩება, უნდა გაიკეთო ელექტრომიოგრაფია ნევროლოგთან კონსულტაციის შემდეგ, რომ დაადგინო ფასციკულაცია არის კეთილთვისებიანი თუ მის უკან დგას რაიმე სერიოზული დაავადება. შესაძლოა, ფასციკულაცია გამოწვეული იყოს გაფანტული სკლეროზით, სპინალური ატროფიებით და ა.შ. ფასციკულაციები შემთხვევათა 70%-ზე მეტში კეთილთვისებიანია,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი 

წაიკითხეთ სრულად