Baby Bag

როგორი უნდა იყოს ზაფხულის ცხელი დღის კვების რაციონი? - ენდოკრინოლოგი სალომე კალანდაძე

ენდოკრინოლოგმა სალომე კალანდაძემ ზაფხულის კვების რაციონზე ისაუბრა და ის პროდუქტები დაასახელა, რომელთა მიღებისგან ზაფხულში თავი უნდა შევიკაოთ:

„პაციენტების უდიდესი რაოდენობა სახლს ისე ტოვებს, რომ მარტო ფინჯან ყავას იღებენ და ისე მიდიან, რაც აბსოლუტურად არასწორია. ძირითადად ასეთი ფრაზები მესმის: „დილით როდესაც ვდგები, არ მშია,“ „თუ შევჭამე, მთელი დღე ვჭამ.“ ამის მიზეზი, ვფიქრობ, რომ არის არასწორად შერჩეული საუზმე, სავარაუდოდ, მაღალკალორიული, მარტივი ნახშირწყლებით მდიდარი, მაგალითად, ჯემი, ხაჭაპური, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, რომლის მიღების შემდეგ მალე დგება შიმშილი. დილით გირჩევთ, რომ საუზმე იყოს მსუბუქი, თუნდაც შვრიის ფაფა ხილთან ერთად, პუდინგი, რომელიც მარტივად შეგვიძლია მოვამზადოთ, ბერძნული იოგურტის და ნუშის ნაზავი დარიჩინთან ერთად ძალიან გემრიელია.

სადილზე ისეთ საკვებზე გავაკეთოთ არჩევანი, რომელიც დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს. ბოსტნეული არის იდეალური, კიტრი-პომიდვრის სალათა, ხილი ძალიან კარგია, ნაკლებად ცხიმიან ხორცსაც გირჩევთ. რა თქმა უნდა, შევამციროთ მაიონეზის ხმარება სალათებში. მას არანაირი სარგებლობა არ მოაქვს.

ზაფხულში შევამციროთ კრემიანი საკვები, მალფუჭებადი საკვები, ცხიმიანი საკვები, შებოლილი საკვები, ძეხვი, შაშხი, სოსისები. მაქსიმალურად ვეცადოთ, მივიღოთ საქართველოში წარმოებული სეზონური ხილი. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ წყლის რაოდენობა გავზარდოთ.

დღის განმავლობაში რამდენჯერ უნდა ვიკვებოთ, ეს აბსოლუტურად ინდივიდუალურია. არსებობენ სპეციალისტები, რომლებიც ურჩევენ ადამიანს კვების რეჟიმს. შესაძლოა, არც იყოს მოსახერხებელი 3-4 საათში ერთხელ კვება, მაგრამ როგორც მინიმუმ, 2 კვება უნდა იყოს დღის განმავლობაში და აუცილებლად სრულფასოვანი. საკვების მიღება უნდა იყოს კომფორტული საკუთარ თავთან. არ არის აუცილებელი, რომ ეს თავს დავაძალოთ,“ - მოცემულ საკითხზე სალომე კალანდაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ჰიმალაის მარილი - ლეგენდებიდან რეალობამდე

ჰიმალაის მარილი - ლეგენდებიდან რეალობამდე

ჰიმალაის მარილი - ლეგენდებიდან რეალობამდე - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჰიმალაის ვარდისფერი მარილი პირდაპირ ჰიმალაის მთებთანაა კავშირში, ცდებით.

მას პაკისტანში, Khewra-ს მარილის საბადოში მოიპოვებენ, რაც ჰიმალაის მთებიდან დაახლოებით 300 კმ-ითაა დაშორებული.

ლეგენდა ამბობს, რომ ალექსანდრე მაკედონელის აზიური ლაშქრობისას მისი ცხენი შემთხვევით მიადგა ვარდისფერი მარილის საბადოებს, თუმცა ამ მარილს ადამიანები მანამდეც, უხსოვარი დროიდან მოიპოვებდნენ და თევზისა და ხორცის ხანგრძლივად შესანახად იყენებდნენ.

ძველ ეგვიპტურ და ბერძნულ წყაროებში კი მის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო თვისებებზეცაა საუბარი.

რა არის სუფრის მარილი

ზოგადად, სუფრის მარილი ნატრიუმის ქლორიდია, რომელიც ორი სახით მიიღება - მარილის საბადოებიდან მშრალი სახით მოიპოვება ხელით ან აფეთქების გზით ან მარილიანი წყლის აორთქლებით და მისი შემდგომი ქიმიური დამუშვებით.

დამუშავებისას მარილი თეთრდება, სცილდება სხვადასხვა მინარევი, ემატება იოდი და ემულგატორები.

ნატრიუმი წყლისმოყვარული ქიმიური ელემენტია, ამიტომ სუფრის მარილის დიდი რაოდენობით მიღება ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შეკავებას, ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, ხელს უწყობს არტერიული წნევის მატებას. სწორედ ამის გამო უწოდებენ მას ხშირად „თეთრ სიკვდილს“.

მარილის სახეობები

ქვამარილი - მიიღება მარილის მიწისქვეშა შახტებში, შეიცავს მიწის, სილის მინარავებს, შესაძლოა შეიცავდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალსაც, რომელსაც მარილის მოპოვებისას იყენებენ. ამ მინარევიებისაგან გასასუფთავებლად მიღებულ მარილს ქიმიურად ამუშვებენ და ემულგატორებს უმატებენ.

ალბათ ხვდებით, ეს მარილი ჯანმრთელობისათვის გარკვეულ საფრთხეს ქმნის.

მარილი ექსტრა - ხასიათდება იდეალური თეთრი ფერით, წვრილი დაფქვით. იმისათვის, რომ მან იდეალურად თეთრი ფერი მიიღოს, მარილს ქიმურად ამუშავებენ და ათეთრებენ.

იოდირებული მარილი - დამუშავებულ მარილს ემატება იოდი.

ზღვის მარილი - მიიღება ზღვის მარილიან წყლის აორთქლებიღთ და შემოდგომი ქიმიური დამუშვებით. როგორც წესი, ის შეიცავს ემულუგატორს - კალციუმის სილიკატს.

ვარდისფერი მარილი, რომელიც მოიპოვება ავსტრალიაში, ნეპალში, პერუში, ჩილეში - არ ახდენს ზეგავლენას კერძის გემოზე, ამიტომ საკვებად მას არ იყენებენ.

ყირიმის ვარდისფერი მარილი ზღვის წყლის აორთქლებით მიიღება, მშვენიერ ვარდისფერს კი იმიტომ იღებს, რომ შეიცავს წყალმცენარე Dunaliel laSallina-ს. ეს წყალცმენარე დიდი რაოდენობით ნატურალურ კაროტინოიდებს შეიცავს.

ჰიმალაის შავი მარილი - იგივე წარმოშობისაა, რაც ჰიმალაის ვარდისფერი მარილი, თუმცა დამატებით შეიცავს გოგირდწყალბადს, რაც მას კვერცხის სუნს და გემოს აძლევს. სწორედ ამ თვისების გამო ის ვეგეტარიანელებს უყვართ და მცენარეული საკვებისათვის კვერცხის სპეციფიური არომატის მისაცემად იყენებენ.

ჰიმალაის ვარდისფერი მარილი

რა არის ჰიმაიალის ვარდისფერი მარილი?

ეს ბუნებრივი მარილია, ვარაუდობენ, რომ მისი შახტები ჰიმალაის მახლობლად იურიულ პერიოდშია წარმოქმნილი და პირველყოფილი ოკეანისაგან დარჩა.

ასე, რომ როცა თქვენ მიირთმევთ მას, სავარაუდოდ, სწორედ უძველესი ზღვის დანატოვრ, სუფთა, უცვლელადშენახულ ნობათს იღებთ წარსულიდან.

ვარდისფერი მარილი მოპოვებულია ბუნებრივი საბადოდან მხოლოდ ხელით და არ განიცდის რაიმე ტიპის ქიმიურ დამუშავებას. შეიცავს რკინას და დაახლოებით კიდევ 84 სახეობის მინერალს. სწორედ ეს მინერალები აძლევენ მას ლამაზ, ვარდისფერ შეფერილობას და განსაკუთრებულ არომატს.

ჰიმალაის მარილი საკვებადაც გამოიყენება და საუკეთესო სპა-საშუალებაცაა. მისი აბაზანა ამშვიდებს დაძაბულ კუნთებს დ სასიამოვნო რელაქსაციას იწვევს, აგლუვებს კანს.

განსხვავებით ჩვეულბრივი მარილისაგან, რომლიც ნატრიუმის ქლორიდს წარმოადგენს, ჰიმალაის მარილი კალიუმის ქლორიდს, კალციუმის და სხვა მინერალების მარილებსაც შეიცავს.

თუმცა იმისათვის, რომ ამ მინერალებმა თავისი დადებითი ეფექტი გამოიწვიონ, ისინი დიდი რაოდენობით უნდა იქნას მიღებული. საკვებად გამოყენებისას კი ამ რაოდენობის მარილის მიღება არც დაშვებულია და შეუძლებელიცაა.

ამ ეტაპზე არ არის საკმარისი მტკიცებულებები, რომელებიც დაადასტურებდა, რომ ჰიმალაის მარილის გამოყენება ამცირებს ამა თუ იმ დაავადების განვითარების რისკს ან ზემოქმედებს დადებითად უკვე დაავადებულ ორგანიზმზე.

ჰიმალაის მარილის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ჩვეულებრივი სუფრის მარილისაგან განსხვავებით ის ბუნებრივია, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს, ემულგატორებს და მავნე მინარევებს, მიღებულია ეკოლოგიურად სუფთა შახტიდან ხელით, ამიტომ ჯანმრთელობისათვის ამ მხრივ ნამდვილად სასარგებლოა.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რა ფერისაც არ უნდა იყოს მარილი, არ ღირს, გადააჭარბოთ მისი მოხმარების დასაშვებ დღიურ ნორმებს

ჯანმრთელობას გისურვებთ!“

წაიკითხეთ სრულად