Baby Bag

რა არის ნიტრატი და შეგვიძლია თუ არა ნიტრატებიანი პროდუქტის ამოცნობა? - აგრონომი თამარ ოთხმეზური

აგრონომმა თამარ ოთხმეზურმა ნიტრატების შესახებ ისაუბრა და განმარტა, როგორ ხვდება ის ჩვენს ორგანიზმში:

„ნიტრატი არის ელემენტი, რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენს მცენარეს ზრდა-განვითარებისთვის. ყველა ბოსტნეულსა და ხილში არის რაღაც დოზით ნიტრატების შემცველობა. თუმცა, თუ მოხდა ისე, რომ წარმოების პროცესში შევიტანეთ ზედმეტი სასუქი, უმეტესად ეს არის აზოტოვანი სასუქები, მცენარე ამას იღებს, აგროვებს ზედმეტი რაოდენობით და მერე უკვე ეს გადმოდის ჩვენს საკვებ ჯაჭვში. ძირითადად ბოსტნეული უფრო გამოკვეთილად მდიდარია ნიტრატებით, ასევე არის მწვანილები, სალათი, საზამთრო.

არ მგონია სწორი, რომ თუ კარგად გამოიყურება პროდუქტი და დიდი ზომისაა, ნიტრატებით არის სავსე. პროდუქტი როდესაც დევს დახლზე, იქ ჩვენ ნიტრატს ვერ დავინახავთ.  როდესაც ვართ ნაკვეთში, შევდივართ და ვნახულობთ მცენარე როგორ არის, იქ შეგვიძლია შევატყოთ აქვს თუ არა ზედოზირება ნიტრატების. ნიტრატი მოდის აზოტისგან, მისგან წამოსული ელემენტია. აზოტი ძალიან ხელმისაწვდომია ფერმერისთვის. შედარებით უფრო ეკონომიურადაც შეუძლია შეიძინოს, ფერმერს უფრო მეტი ცოდნა აქვს აზოტის შესახებ. ფერმერმა მცენარესთან სხვადასხვა სასუქები უნდა შეიტანოს და არ არის მარტო აზოტი. არის კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ბორი.

როდესაც პროდუქტს ბაზარში ვყიდულობთ, აუცილებელია, რომ ის კარგად გავრეცხოთ. თუმცა გარეცხვა ნიტრატებთან არაფერ შუაში არ არის. ნიტრატები პროდუქტში არის შიგნიდან. აქ ფერმერების განათლება მნიშვნელოვანია, რომ მან დაიწყოს უფრო გონიერი მიდგომა და მცენარის კვება დააბალანსოს. როგორც ადამიანებს სჭირდებათ ბალანსირებული კვება, ასევე სჭირდება მცენარეს და მარტო აზოტის შეტანა არ არის სწორი,“- მოცემულ საკითხზე თამარ ოთხმეზურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„უკვე დაისწავლა ადამიანმა, რომ ჯერ ნეგატიური უნდა მოისმინოს, იწუწუნოს, შექმნას ფონი, რომ ძალიან ცუდად არის,“ - ნინო კერესელიძე

„უკვე დაისწავლა ადამიანმა, რომ ჯერ ნეგატიური უნდა მოისმინოს, იწუწუნოს, შექმნას  ფონი, რომ ძალიან ცუდად არის,“ - ნინო კერესელიძე

ფსიქოთერაპევტმა ნინო კერესელიძემ ადამიანის ფსიქიკაზე ნეგატიური ინფორმაციის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მსგავსი ინფორმაცია ადამიანში ილექება და მასზე ზემოქმედებს,

​როდესაც ადამიანს ვაწვდით ნეგატიურ ინფორმაციას, ის ილექება მასში. თუ ის არ ჩანაცვლდა, თუ ის არ დამუშავდა, თუ ის არ გაიფილტრა ადამიანის გონებაში, საკმაოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს, როგორც გუნება-განწყობაზე, ასევე უჩნდება წინასწარი დისპოზიციური განწყობა. ადამიანს მოლოდინი აქვს, რომ დღე ყოველთვის უნდა დაიწყოს ცუდი ამბებით. კოვიდის დროს ყველანი ვრთავდით ტელევიზორს ან ინტერნეტში ვეძებდით გარდაცვლილთა რაოდენობას, ამით ვცხოვრობდით. ეს ნეგატიური ინფორმაცია ბევრად უფრო მძიმეა და ბევრად უფრო მატრავმირებელია, ვიდრე ნებისმიერი დამოკიდებულება, ნებისმიერი განწყობა.“

ნინო კერესელიძის თქმით, ნეგატიური ინფორმაციის გაზიარებით ადამიანები გარემოცვაზე გავლენის მოხდენას ცდილობენ:

„ნეგატიური ინფორმაციის გაზიარება ერთ-ერთი სახეა, რომ მოვახდინო გავლენა ჩემს გარემოცვაზე, გავუზიარო ჩემი შინაგანი მდგომარეობა. მე ამით ვიკვებები, მე ამით მეძლევა საშუალება გავნეიტრალდე, ცოტა ჩაცხრეს ჩემში ბრაზი, აგრესია. ამ მხრივ სოციალური ქსელი, რა თქმა უნდა, აჭრელებულია. აქ დიდი გავლენა აქვთ ე.წ. ბოტებს, რომლებიც ამას ტირაჟირებენ, ავრცელებენ, რომ მასობრივად მოხდეს ნეგატიური განწყობის შექმნა, ფონის შექმნა, ​რამდენად ცუდად ვართ, როდესაც ყოველდღიურობაში შეიძლება ბევრად უფრო მეტი პოზიტივი იყოს, ბევრად უფრო მარტივი იყოს კარგი ინფორმაციის დანახვა, კარგი განცდების დაჭერა.“

ნინო კერესელიძემ აღნიშნა, რომ ადამიანების ნაწილი ნეგატივზეა კონცენტრირებული:

„ნეგატივზე, რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი კონცენტრირდება, იმ მხრივ, რომ უკვე დაისწავლა ადამიანმა, რომ ჯერ ​ნეგატიური უნდა მოისმინოს, ჯერ მასთან იყოს კონტაქტში, იწუწუნოს, შექმნას ისეთი ფონი, რომ ძალიან ცუდად არის. ხშირ შემთხვევაში ეს, სამწუხაროდ, გახდა ცნობადობის ძალიან კარგი საშუალება და კარგი მექანიზმი. რაც უფრო მეტს ვიწუწუნებ, მით უფრო მეტად მომაქცევენ ყურადღებას. აღარ ვუკვირდები მე რას ვქმნი, რა ფონი იქმნება, რა აურა იქმნება ჩემ გარშემო.“

​წუწუნი ყველაზე არაეკოლოგიური გათავისუფლებაა ნეგატივისგან. როდესაც წუწუნაა ადამიანი და როდესაც ნეგატიური განწყობის მქონეა, თავის სივრცეს მოიცავს, რა თქმა უნდა, ის თავისუფლდება, მასში ხდება ცვლილებები. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი მოხდეს ეკოლოგიურად, თუნდაც ხატვით, წერით, ვარჯიშით და არა ჩემი გაბრაზების თქვენზე გადმოტანით,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნინო კერესელიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

წაიკითხეთ სრულად