Baby Bag

„არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი მაცივარში ერთად, ერთ ჯამში“

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „იმედის დილა“ წამყვანებმა ოთარ ტატიშვილმა და თამარ კობახიძემ მაცივარში პროდუქტების სწორად შენახვის წესებზე ისაუბრეს:

„კარი არის მაცივრის ყველაზე თბილი ადგილი, სადაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვათავსოთ ფარში, რძე, მალფუჭებადი პროდუქტები. აქ შეგვიძლია ჩავდოთ გაზიანი სასმელები, ტყემალი, აჯიკა. ყველაზე დიდი შეცდომაა კვერცხის მაცივრის კარის თაროზე მოთავსება. კვერცხი უნდა განვათავსოთ მაცივრის მეორე ან მესამე თაროზე. კვერცხი არავითარ შემთხევავში არ ამოვიღოთ შეფუთვიდან და მაცივარში შენახვამდე არ უნდა გავრეცხოთ. კვერცხი უშუალოდ პროდუქტის მომზადებამდე უნდა გავწმინდოთ სველი ტილოთი. მაცივრის პირველ თაროზე ვაწყობთ რძის პროდუქტებს, კარაქს, რძეს, მაწონს, ყველს. მეორე-მესამე თაროზე შეიძლება მოვათავსოთ სახლში გამზადებული სალათი. ხორცს თუ არ ვამზადებთ, აუცილებლად ვინახავთ საყინულეში.

რაც შეეხება ბოსტნეულის უჯრას, რომელიც მოჰყვება მაცივარს, არავითარ შემთხვევაში არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი ერთად, ერთ ჯამში. პომიდორი დიდი რაოდენობით ეთილენის გაზს შეიცავს. პროდუქტი სწრაფად მწიფდება, შეიძლება სწრაფად გაფუჭდეს და სხვა პროდუქტები დააზიანოს. მწვანილი შეგვიძლია შევინახოთ სპეციალურ დახურულ პარკებში, ასე მწვანილი დიდხანს ინახება.“

წყარო: ​„იმედის დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

რა შემთხვევაში უნდა შევზღუდოთ ბავშვის რაციონში ხილი? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს

რა შემთხვევაში უნდა შევზღუდოთ ბავშვის რაციონში ხილი? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს

ცნობილმა პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში საინტერესო პასუხი გასცა ერთ-ერთი მშობლის კითხვას. მშობელი ღელავდა, რომ მისი შვილები დიდი რაოდენობით ხილს მიირთმევდნენ, რაც მათ მადას უქვეითებდა და სხვა სახის საკვებისადმი გულგრილს ხდიდა. ევგენი კომაროვსკის პასუხს ჩვენს სტატიაში უცვლელად გთავაზობთ:

ადამიანისთვის, როგორც ბიოლოგიური სახეობისთვის, ​ხილი ერთ-ერთ ყველაზე ბუ​ნებრივ და ამავე დროს სასარგებლო საკვებს წარმოადგენს. პირველყოფილი ადამიანისთვის ხილი თითქმის ერთადერთი საკვები პროდუქტი იყო, სწორედ ამიტომ ჩვენთვის ხილი დღემდე გემრიელ და ჯანსაღ საკვებად რჩება.

თუ ბავშვი ბევრ ხილს მიირთმევს, მის რაციონში არ შედის შაქრის დანამატების შემცველი პროდუქტები, შოკოლადი და სხვა ტკბილეული, მაგრამ ამავე დროს ის ნორმალურად იზრდება, ვითარდება, ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს, მას ხილის რაოდენობა არ უნდა შეუზღუდოთ. ბავშვმა იმდენი ხილი უნდა მიირთვას, რამდენიც სურს.

რა ხდება მაშინ, როდესაც ​ბევრი ხილის მირთმევა ბავშვს მადას უქვეითებს და ის დღის განმავლობაში სხვა საკვების მიღებაზე უარს აცხადებს? თუ ბავშვი შეწყვეტს ბოსტნეულის, თევზის, ხორცის მიღებას და მხოლოდ ხილით დაკმაყოფილდება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში რაციონის კორექცია აუცილებელია. როგორც ყოველთვის, ოქროს შუალედის დაცვა აქაც მნიშვნელოვანია.

​სრულფასოვან საუზმესა და სრულფასოვან სადილს შორის ბავშვები თუ ბევრ ხილს მიირთმევენ, ეს მათ მხოლოდ სარგებელს მოუტანს და ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის. ამ შემთხვევაში ნუ შეუზღუდავთ ბავშვს ხილის რაოდენობას. მთავარია, რომ საუზმის შემდეგ ხილის მიღებამ ბავშვს ხელი არ შეუშალოს სრულფასოვანი სადილის მიღებაში.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად