Baby Bag

„არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი მაცივარში ერთად, ერთ ჯამში“

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „იმედის დილა“ წამყვანებმა ოთარ ტატიშვილმა და თამარ კობახიძემ მაცივარში პროდუქტების სწორად შენახვის წესებზე ისაუბრეს:

„კარი არის მაცივრის ყველაზე თბილი ადგილი, სადაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვათავსოთ ფარში, რძე, მალფუჭებადი პროდუქტები. აქ შეგვიძლია ჩავდოთ გაზიანი სასმელები, ტყემალი, აჯიკა. ყველაზე დიდი შეცდომაა კვერცხის მაცივრის კარის თაროზე მოთავსება. კვერცხი უნდა განვათავსოთ მაცივრის მეორე ან მესამე თაროზე. კვერცხი არავითარ შემთხევავში არ ამოვიღოთ შეფუთვიდან და მაცივარში შენახვამდე არ უნდა გავრეცხოთ. კვერცხი უშუალოდ პროდუქტის მომზადებამდე უნდა გავწმინდოთ სველი ტილოთი. მაცივრის პირველ თაროზე ვაწყობთ რძის პროდუქტებს, კარაქს, რძეს, მაწონს, ყველს. მეორე-მესამე თაროზე შეიძლება მოვათავსოთ სახლში გამზადებული სალათი. ხორცს თუ არ ვამზადებთ, აუცილებლად ვინახავთ საყინულეში.

რაც შეეხება ბოსტნეულის უჯრას, რომელიც მოჰყვება მაცივარს, არავითარ შემთხვევაში არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი ერთად, ერთ ჯამში. პომიდორი დიდი რაოდენობით ეთილენის გაზს შეიცავს. პროდუქტი სწრაფად მწიფდება, შეიძლება სწრაფად გაფუჭდეს და სხვა პროდუქტები დააზიანოს. მწვანილი შეგვიძლია შევინახოთ სპეციალურ დახურულ პარკებში, ასე მწვანილი დიდხანს ინახება.“

წყარო: ​„იმედის დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ფილტვების დაზიანება ძირითადად 6-8 კვირის განმავლობაში უნდა ალაგდეს, ასეთია ექიმების მოლოდინი,“ - თერაპევტი ლიზა გოდერძიშვილი

„ფილტვების დაზიანება ძირითადად 6-8 კვირის განმავლობაში უნდა ალაგდეს, ასეთია ექიმების მოლოდინი,“ - თერაპევტი ლიზა გოდერძიშვილი

​​თერაპევტმა ლიზა გოდერძიშვილმა კოვიდის გადატანის შემდეგ პაციენტების გარკვეულ ნაწილში გახანგრძლივებული ხველის პრობლემის არსებობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემა სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული:

„ხველა ​საკმაოდ გახანგრძლივებული სიმპტომია კოვიდის გადატანის შემდეგ. ის შეიძლება იყოს გამოწვეული ზედა სასუნთქი გზების დაზიანებითაც და ფილტვების დაზიანებითაც. ფილტვების დაზიანების ალაგებას ელოდებიან 6-8 კვირის განმავლობაში. ასეთია მოლოდინი ექიმების, რომ ის დაზიანება უნდა ალაგდეს 6-8 კვირის განმავლობაში.“

ლიზა გოდერძიშვილმა აღნიშნა, რომ ფილტვების ანთების ალაგებამდე ხველა, შესაძლოა, კვლავ დარჩეს, როგორც ერთ-ერთი სიმპტომი:

„სანამ ალაგდება, მას შეუძლია გამოიწვიოს ხველა. ხველა შეიძლება იყოს პროდუქტიულიც და არაპროდუქტიულიც. როდესაც ვწერთ პაციენტს და მას ​ფილტვის დაზიანების შესახებ ვაცნობებთ ხოლმე, ვეუბნებით, რომ ხველა შეიძლება გახანგრძლივდეს. ვეუბნებით: „მიიღეთ ამოსახველებელი საშუალება, თუ გექნებათ ნახველი, თუ არა, გარკვეული საშუალებები არსებობს, რომ ცოტათი დაითრგუნოს მშრალი ხველა.“

ლიზა გოდერძიშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის ფონური მდგომარეობა:

„ხველას იწვევს ზედა სასუნთქი გზების დაზიანებაც.​ აქ მნიშვნელობა აქვს ფონურ მდგომარეობას. მწეველებში, რომლებსაც ისედაც აქვთ ქრონიკული ფარინგიტი, ლარინგიტი, შეიძლება ეს უფრო გახანგრძლივდეს. კორონავირუსული ინფექცია საკმაოდ მნიშვნელოვნად აზიანებს ქსოვილებს მათი სტრუქტურული შეცვლის მიმართულებით. უმრავლეს შემთხვევაში ეს არის შექცევადი. ზოგჯერ შეიძლება იყოს გახანგრძლივებული, როგორც ზედა სასუნთქ გზებში, ისევე ფილტვებში.“

„პირველ რიგში, ექიმთან ერთად უნდა განვიხილოთ ფონი. შესაძლოა, ეს ხველა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რეფლუქს სინდრომზე იყოს დამოკიდებული, მედიკამენტების ფონზე იყოს განვითარებული. ​უაპელაციოდ, პირდაპირ მედიკამენტის მიღება ხველის დასათრგუნად, არ მგონია იყოს გამართლებული,“ - ლიზა გოდერძიშვილმა აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად