Baby Bag

„არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი მაცივარში ერთად, ერთ ჯამში“

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „იმედის დილა“ წამყვანებმა ოთარ ტატიშვილმა და თამარ კობახიძემ მაცივარში პროდუქტების სწორად შენახვის წესებზე ისაუბრეს:

„კარი არის მაცივრის ყველაზე თბილი ადგილი, სადაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვათავსოთ ფარში, რძე, მალფუჭებადი პროდუქტები. აქ შეგვიძლია ჩავდოთ გაზიანი სასმელები, ტყემალი, აჯიკა. ყველაზე დიდი შეცდომაა კვერცხის მაცივრის კარის თაროზე მოთავსება. კვერცხი უნდა განვათავსოთ მაცივრის მეორე ან მესამე თაროზე. კვერცხი არავითარ შემთხევავში არ ამოვიღოთ შეფუთვიდან და მაცივარში შენახვამდე არ უნდა გავრეცხოთ. კვერცხი უშუალოდ პროდუქტის მომზადებამდე უნდა გავწმინდოთ სველი ტილოთი. მაცივრის პირველ თაროზე ვაწყობთ რძის პროდუქტებს, კარაქს, რძეს, მაწონს, ყველს. მეორე-მესამე თაროზე შეიძლება მოვათავსოთ სახლში გამზადებული სალათი. ხორცს თუ არ ვამზადებთ, აუცილებლად ვინახავთ საყინულეში.

რაც შეეხება ბოსტნეულის უჯრას, რომელიც მოჰყვება მაცივარს, არავითარ შემთხვევაში არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი ერთად, ერთ ჯამში. პომიდორი დიდი რაოდენობით ეთილენის გაზს შეიცავს. პროდუქტი სწრაფად მწიფდება, შეიძლება სწრაფად გაფუჭდეს და სხვა პროდუქტები დააზიანოს. მწვანილი შეგვიძლია შევინახოთ სპეციალურ დახურულ პარკებში, ასე მწვანილი დიდხანს ინახება.“

წყარო: ​„იმედის დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

ნახშირწყლების ჯანსაღად მოხმარების წესები

ნახშირწყლების ჯანსაღად მოხმარების წესები

დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.geტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ნახშირწყლებზე.

რა არის ნახშირწყლები? ნახშირწყლები ორგანიზმისთვის წარმოადგენს ენერგიის წყაროს. ისინი საჭმლის მონელების დროს გარდაიქმნებიან გლუკოზად, რომელიც არის ძირითადი ენერგიის საწვავი თავის ტვინისთვის, რადგან თავის ტვინი ვერ იყენებს საწვავად გლუკოზის გარდა სხვა საწვავს (ცილას, ცხიმს). თუმცა ჩვენს ორგანიზმში ენერგიისთვის ნახშირწყლების მარაგი შეადგენს დაახლობით 2%-ს, ენერგიის ძირითადი წყაროს მარაგი მოდის: 80% ცხიმებზე და 18% კუნთებში არსებულ ცილებზე. ნახშირწყლები გვხვდება ხილში, მარცვლეულში, ბოსტნეულში და რძის პროდუქტებში.

ისინი ორი სახისაა: მარტივი (სწრაფად ათვისებადი ნახშირწყლები) და რთული ნახშირწყლები. მარტივი ნახშირწყლებია: სუფრის შაქარი, თაფლი, რძის პროდუქტები, ხილი და  ხილის წვენი. რთული ნახშირწყლებია: პური, მაკარონი, მარცვლეული, ზოგიერთი ბოსტნეული - სიმინდი, ბარდა, თეთრი და ტკბილი კარტოფილი და სხვა. რთული ნახშირწყლების გარდაქმნა ხდება მარტივ ნახშირწყლებად და შემდგომ ხდება მათი ათვისება. 

​მოსახლეობაში გავრცელებულია შემდეგი კითხვა: რას იყენებს ჩემი სხეული საწვავად, თუ საკმარისი ნახშირწყლები არ მაქვს? თუ დიეტის დროს არ იღებთ საკმარის ნახშირწყლებს, მაშინ თქვენმა ორგანიზმმა ენერგიისთვის ცხიმი და ცილა უნდა გამოიყენოს. სწორედ ამიტომ დიეტები ნახშირწყლების ამოღებით ამტკიცებენ, რომ ისინი შესანიშნავია წონის დაკლებისთვის, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არც ცილა და არც ცხიმი არ არის ენერგიის ეფექტური წყარო.

ცხიმის მონელება - ცხიმი მთლიანად არ მონელდება, როდესაც ის ენერგიის წყაროდ გამოიყენება. იქმნება ქვეპროდუქტები, რომლებსაც კეტონები ეწოდება. კეტონის დიდი რაოდენობით დაგროვება ორგანიზმში შესაძლოა, საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის. 

​ცილების მონელება - მათი მთავარი საქმეა შენება, ამიტომ ენერგიისთვის ცილის გამოყენებამ შეიძლება, გამოიწვიოს კუნთური მასის შემცირება და განლევა. ამიტომ რაციონში ნახშირწყლების სრულად ამოღება რეკომენდებული არ არის. მათი სწორად გამოყენება საკვებ რაციონში არ ქმნის ზედმეტი კილოგრამების დაგროვების წინაპირობას, ხოლო ნახშირწლების სწორად გამოყენება გულისხმობს: 

  • ყოველდღიურად მიირთვით მრავალფეროვანი ხილი და ბოსტნეული
  • შეზღუდეთ რაფინირებული შაქრების რაოდენობა, მინიმუმამდე დაიყვანეთ რაციონში: ნამცხვრები, ფუნთუშები
  • აირჩიეთ მარცვლეული, მაგალითად, ყავისფერი ბრინჯი, შვრია, მაკარონი
  • მარცვლეულის შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ ეტიკეტზე იყოს წარწერა - 100% მარცვლეული. 

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ნახშირწყლების ჯანსაღად მოხმარების წესები შემდეგნაირია:

1. გამორიცხეთ რაციონიდან სწრაფად ათვისებადი ნახშირწყლები: საკონდიტრო ნაწარმი 
2. დაიწყეთ დღე მთელი მარცვლეულით (ბურღულეული) 
3. პურეული გამოიყენეთ ლანჩზე და სადილზე მცირე ოდენობით 
4. აირჩიეთ ხილი და არა ხილის წვენი 
5. დღის მეორე ნახევარში ნუ დაიტვირთებით ნახშირწყლებით.

​გისურვებთ ჯანმრთელობას!

წაიკითხეთ სრულად