Baby Bag

„არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი მაცივარში ერთად, ერთ ჯამში“

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „იმედის დილა“ წამყვანებმა ოთარ ტატიშვილმა და თამარ კობახიძემ მაცივარში პროდუქტების სწორად შენახვის წესებზე ისაუბრეს:

„კარი არის მაცივრის ყველაზე თბილი ადგილი, სადაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვათავსოთ ფარში, რძე, მალფუჭებადი პროდუქტები. აქ შეგვიძლია ჩავდოთ გაზიანი სასმელები, ტყემალი, აჯიკა. ყველაზე დიდი შეცდომაა კვერცხის მაცივრის კარის თაროზე მოთავსება. კვერცხი უნდა განვათავსოთ მაცივრის მეორე ან მესამე თაროზე. კვერცხი არავითარ შემთხევავში არ ამოვიღოთ შეფუთვიდან და მაცივარში შენახვამდე არ უნდა გავრეცხოთ. კვერცხი უშუალოდ პროდუქტის მომზადებამდე უნდა გავწმინდოთ სველი ტილოთი. მაცივრის პირველ თაროზე ვაწყობთ რძის პროდუქტებს, კარაქს, რძეს, მაწონს, ყველს. მეორე-მესამე თაროზე შეიძლება მოვათავსოთ სახლში გამზადებული სალათი. ხორცს თუ არ ვამზადებთ, აუცილებლად ვინახავთ საყინულეში.

რაც შეეხება ბოსტნეულის უჯრას, რომელიც მოჰყვება მაცივარს, არავითარ შემთხვევაში არ შევინახოთ კიტრი და პომიდორი ერთად, ერთ ჯამში. პომიდორი დიდი რაოდენობით ეთილენის გაზს შეიცავს. პროდუქტი სწრაფად მწიფდება, შეიძლება სწრაფად გაფუჭდეს და სხვა პროდუქტები დააზიანოს. მწვანილი შეგვიძლია შევინახოთ სპეციალურ დახურულ პარკებში, ასე მწვანილი დიდხანს ინახება.“

წყარო: ​„იმედის დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

დღის რომელ მონაკვეთშია რეკომენდებული ხილის მირთმევა და რატომაა შეცდომა ხილის აღქმა დესერტად?

დღის რომელ მონაკვეთშია რეკომენდებული ხილის მირთმევა და რატომაა შეცდომა ხილის აღქმა დესერტად?

მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. რა დადებითი თვისებები აქვს ხილს ორგანიზმისთვის და დღის რომელ მონაკვეთშია რეკომენდებული ხილის მირთმევა? -  ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას.

ხილი ორგანიზმისთვის შეუცვლელი ვიტამინებისა და მინერალების შესანიშნავი წყაროა. ის მდიდარია ბოჭკოებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართული მუშაობისთვის. ხილი შეიცავს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ანტიოქსიდანტების ფართო სპექტრს. რაციონში ხილის ადეკვატური შემცველობა ამცირებს ისეთი დაავადებების განვითარებს რისკს როგორებიცაა: გულსისხლძარღვთა დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნეები, შაქრიანი დიაბეტი. სასურველია, ყოველთვის მივირთვათ სეზონური ხილი, რათა მათში მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი ვიტამინები და მინერალები. მიმდინარე სეზონი მდიდარია ციტრუსებით, რომლებიც წარმოადგენენ სხვა მრავალ ვიტამინთან და მინერალთან ერთად განსაკუთრებით C ვიტამინის მდიდარ წყაროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არსებული პანდემიის პირობებში ჩვენი იმუნური სისტემის გამართული მუშაობისთვის.

ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, როდის არის სასურველი ხილის მირთმევა. დავიმახსოვროთ, რომ ხილი აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ყოველდღიურ რაციონში და მივირთვათ როგორც ცალკე, დამოუკიდებელი, სრულფასოვანი კვება. ყოველდღიურად რეკომენდებულია 300-400 გრ. ოდენობით სეზონური ხილის მირთმევა დღის პირველ ნახევარში, საუზმესა და სადილს შორის მონაკვეთში. (აქვე გამოვყოთ, რომ მათთვის, ვისაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ჭარბი წონა, აკრძალული ხილია: მსხალი, ბანანი, კარალიოკი, ხურმა, ლეღვი, ყურძენი). არ არის სასურველი ხილის სხვა საკვების მირთმევის შემდეგ მიღება (რაც უხშირესად ხდება მოსახლეობაში და ხილი აღიქმება ამ შემთხევაში როგორც დესერტი), ამ დროს ირღვევა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამართული მუშაობა და ნივთიერებათა ცვლა. 

სასურველია, თავი შევიკავოთ საღამოს ხილის მირთმევისგანაც, რადგან ის ხშირად იწვევს შებერილობას.  უმჯობესია,  აღნიშნული დისკმოფორტი ღამის საათებში ავირიდოთ, რადგან არ მოხდეს სრულფასოვანი ძილის რეჟიმის დარღვევა. მათ, ვისაც განსაკუთრებით უყვარს ხილი, რეკომენდაცია იქნება სეზონური ხილი ჯამში 500 გრ. ოდენობით გაყონ ორ მირთმევაზე: პირველი საუზმესა და სადილის შორის, ხოლო მეორე სადილსა და ვახშამს შორის.

გისურვებთ ჯანმრთელობას.

წაიკითხეთ სრულად